მოქანდაკე ჯემალ (ჯოტი) ბჟალავა დაიბადა 1944 წელს, ხოლო 1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი.
ხელოვანი არქაული ფორმებით გამორჩეული თავისი ნამუშევრების მასალად იყენებს გრანიტს, მარმარილოსა და სილექსს. მოქანდაკე საგანგებოდ უნარჩუნებს „ქვას საწყის მდგომარეობას“, რათა ხაზი გაუსვას მის ბუნებრიობასა და სიმკვრივეს. „მე მას პირდაპირ ხელებით ვამუშავებ“, – ამბობს ჯოტი ბჟალავა. აღსანიშნავია, 1975 წელს მოქანდაკის მიერ რიყის ქვისგან შესრულებული ქანდაკება პეტრე იბერი.
ჯოტი ბჟალავა 1970 წლიდან აქტიურად მონაწილეობს გამოფენებში როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ესენია: რესპუბლიკური და საკავშირო გამოფენები (1990-1997); დაზგური ქანდაკების გამოფენა სურათების ეროვნულ გალერეაში; პორტრეტის გამოფენა (1996); ქართველ მოქანდაკეთა ჯგუფური გამოფენა უზესში (საფრანგეთი. 1992); პერსონალური გამოფენები ბიარიცში (საფრანგეთი. 1993-1996); ბაზელში ( შვეიცარია. 1996); გამოფენა ცოცხალი ქვები პარიზის საკრებულოში ( საფრანგეთი, 2016); გამოფენა ქვების სიჩუმე აუბენას ვილაში (საფრანგეთი. 2019).
ჯოტი ბჟალავა თავის შემოქმედებაში ხშირად ციტირებს საქართველოს ისტორიისა და კულტურის მოტივებს. მის მიერ ქვაში გამოკვეთილი ცხოველებისა და ადამიანების ფიგურები შთაგონებულია კავკასიის ხალხთა ლეგენდებით, მისტიკური არაკებითა და ბერძნული მითებით. მათგან გამორჩეულია ქანდაკებათა სერია დარიალის ხეობაში (ყაზბეგი); მემატიანე, დიაბაზი (1980), წმ. გიორგი (1988, სიონის ტაძრის ეზო, თბილისი), ქანდაკებების ციკლი ანტიკური მოტივები – ბერძნული მითოსის გმირები (1995-1996).
1991 წელს ჯოტი ბჟალავამ საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში ხელოვნების სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა. შემდეგ კი ცხოვრება და მოღვაწეობა გააგრძელა საფრანგეთში. 2018 წელს ქალაქ ნიმის ცენტრალურ მოედანზე განათავსეს ჯოტი ბჟალავას მიერ შესრულებული ხარის ოთხმეტრიანი სკულპტურა.