დავით ალექსიძე (დ. 1966) 1990-იან წლებში იწყებს საკუთარი ხელოვნების დემონსტრირებას. მას დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია აქტიურ სახელოვნებო სივრცეში დამკვიდრებისათვის, სადაც სამხატვრო აკადემიის დამთავრებისთანავე (1988-1991) აღმოჩნდა. ის იყო „ვუნდერკინდი“ ხელოვნებაში, რომელმაც ადრეულ ასაკშივე სრულიად ჩამოყალიბებული მხატვრული სისტემა შექმნა საკუთარი ფილოსოფიითა და კრიტიკული აზროვნებით.
დავით ალექსიძის ხელოვნებას, შესაძლოა, ყველაზე ზუსტად მისტიკური რეალიზმი განსაზღვრავდეს. მის მხატვრობაში შეიძლება გამოიყოს ოთხი ხაზი: შავ ფონზე წყლის საღებავებით შესრულებული გრაფიკული ნამუშევრები; შავ ფონზე (ზოგჯერ ფაქტურულ ზედაპირზე) ფიგურატიული ფერწერული ნამუშევრები; ყვითელი სერია და შავ-თეთრი აბსტრაქციები, რომლებიც ერთიანად საგნის ასახვის უტრირებით ხაზგასმულ პოზიციას ამჟღავნებს და გაურბის რეალობას. იდეა კი რეალობას მოწყვეტილი მაინც არაა. XX საუკუნის დასასრულსა და XXI საუკუნის დასაწყისში შექმნილი მისი ნამუშევრები რეალური შეგრძნებების კრებულია, რომელიც, ფერადოვნების მიუხედავად, საკმაოდ მუქია, თუმცა ამ წყვდიადში არ იკარგება მაყურებელი. ეს კი ერთგვარი თამაშია ან იდეა თამაშზე, რაც თანამედროვე ქართულ მხატვრობაში სრულიად ახალია.