
ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022. ნაწილი III
9 დეკემბერი 2022 13:00 - 9 თებერვალი 2023 17:00

მონაწილეობენ: ალექსანდრე ბერდიშევი, ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქიანი, ბესიკ არბოლიშვილი, გელა ზაუტაშვილი, გიორგი მირზაშვილი, გია ხუციშვილი, დავით ალექსიძე, დათო სულაკაური, ეკატერინე გელოვანი, ზაზა ბერძენიშვილი, ზურა აფხაზი, ზურაბ გიკაშვილი, თამუნა მელიქიშვილი, თემურ თათანაშვილი, კახა ტატიშვილი, კოკა ცხვედიანი, ლევან მარგიანი, ლევან ჭიჭინაძე, ლევან ჭოღოშვილი, ლევან ხარანაული, ლეილა შელია, მალხაზ დათუკიშვილი, მამუკა მიქელაძე, ნუგზარ ნათენაძე, ტატო ახალკაციშვილი, ქეთევან მატაბელი, ყარამან ქუთათელაძე.
პროექტის ხელმძღვანელი ალექსანდრა გაბუნია.
შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების ფონდის შევსება ახალშეძენილი ნამუშევრებით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ არაერთი ათეული წლის შემდეგ მხოლოდ 2021-2022 წლებში შეძლო. ეს გახლავთ 116 ქართველი მხატვრის ნამუშევრები, რომლებსაც მანამდე არ ფლობდა მუზეუმი ან არასაკმარისად იყო იქ წარმოდგენილი, ან მისი შესყიდვა როგორც უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებისა გადაუდებელი იყო, რადგან, შესაძლოა, ისინი ქვეყნიდან გასულიყო. ახალი კოლექცია წარმოაჩენს ქართული სახელოვნებო სივრცის განვითარების შთამბეჭდავ სურათს: აქაა ე.წ. 1950/1970-იანელ მხატვართა გრაფიკის ახალი კოლექცია. ნამუშევრების შესაძენად არჩევანი შეჩერდა მხატვრებზე, რომლებმაც თავიანთი შემოქმედებით თვალსაჩინო წვლილი შეიტანეს ეროვნული გრაფიკული ხელოვნების განვითარებაში. კოლექციაში მოხვდა სიღნაღის მუზეუმში გამართულ ნონკონფორმისტ მხატვართა პირველი ჯგუფური გამოფენიდან შეძენილი ნამუშევრებიც. ასევე შესყიდულ იქნა ვალერიან სიდამონ-ერისთავის დიდი კოლექცია, მათ შორის, ბაქოს ინდუსტრიული ზონის მშენებლობის ამსახავი ფერწერული ტილოები და გრაფიკული ჩანახატები. ამას გარდა, უმნიშვნელოვანესი იყო ე.წ. 1980/1990-იანელთა თაობის მხატვართა ფერწერული სურათების შესყიდვა. უკვე 2022 წელს შესაძლებელი გახდა სერგო ქობულაძის ნამუშევრის შეძენა. 2022 წლის დასასრულ კი შეძენილ იქნა: ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვის, ფელიქს ვარლამიშვილისა და კირილე ზდანევიჩის ნამუშევრებიც.
ახალ კოლექციაში ასევე მოხვდა იმ ავტორთა საჩუქრად გადმოცემული სურათები, რომელთა გამოფენები გაიმართა 2021 წლის ოქტომბრიდან დღემდე ეროვნულ გალერეაში.
ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექციის ექსპონირება ეტაპობრივად ხდება. პირველი ორი გამოფენა გაიმართა ეროვნულ გალერეასა და სიღნაღის მუზეუმში 2022 წლის აგვისტო-სექტემბერში. გამოფენათა ციკლი გაგრძელდება.