- This event has passed.
ქანდაკების კოლექცია
7 თებერვალი 10:00 - 7 ოქტომბერი 18:00
ეროვნული გალერეის მეორე სართულზე ფიროსმანის მუდმივ გამოფენასთან ერთად იხსნება ქანდაკების გამოფენა, როგორც ეროვნული მუზეუმის ახალშეძენილი ქანდაკების კოლექციიდან, ასევე ეროვნული მუზეუმის საქანდაკო ფონდებიდან. ექსპოზიცია მცირე ფორმატში წარმოაჩენს ქართული მრგვალი ქანდაკების ძირითად ვიზუალურ მახასიათებლებს მისი 100 წლიანი ისტორიის მანძილზე.
წარმოდგენილი იქნება ქართული მრგვალი ქანდაკების ფუძემდებლების იაკობ ნიკოლაძის და ნიკოლოზ კანდელაკის თითო ქანდაკება. ორმა დიდმა მოქანდაკემ შექმნა თანამედროვე ქართული ქანდაკების სკოლა და საფუძველი ჩაუყარა ამ დარგში ორ განსხვავებულ შემოქმედებით მეთოდს.
მეოცე საუკუნის 60-იან წლებში ასპარეზზე გამოდიან მოქანდაკეები, რომლებმაც თვისობრივად შეცვალეს ქართული ქანდაკება. ამ თაობიდან გამოვყავით კარლო გრიგოლიას ხაზი. გამოფენილი იქნება კარლო გრიგოლიას ორი ქანდაკება. პირველად გამოიფინება მისი აბსტრაქტული კომპოზიცია.
ასევე ექსპონირებული იქნება 70-ან წლებში სამოღვაწეო ასპარეზზე გამოსული მოქანდაკეების ვაჟა მელიქიშვილის და რუსუდან გაჩეჩილაძის ნამუშევრები. პირველის შემთხვევაში, მატერიალურისაგან განყენებულის, ტრანსცენდენტური აზროვნების ვიზუალიზაციას ვხედავთ; ხოლო მეორესთან, მაგიური არტეფაქტები გვნუსხავს, სადაც თაბაშირის შუალედური მატრიცა საბოლოო მასალად იქცევა დაფერვით მანიპულაციის გზით.
დამთვალიერებლისთვის აღმოჩენა იქნება 70-იანი წლების ხელოვანის სიმონ გირკელიძის ორი ნამუშევარი. მათ შორის საბჭოთა ძაღლი, რომელიც მაწანწალა ძუკნას გამოსახავს და ირონიულ კონოტაციებს შეიცავს საბჭოთა ეკონომიკაზე. ბუნებრივია, საბჭოთა პერიოდში, ის არცერთ გამოფენაზე არ ყოფილა დაშვებული.
დამთვალიერებელი იხილავს ასევე ორი თანამედროვე ავტორის როკო ირემაშვილის და ლევან ყიფშიძის სკულპტურებსაც, რომელთა ნამუშევრები უკვე გარკვეული პერიოდია გალერეის სივრცეშია ექსპონირებული.
უახლოეს პერიოდში, ქანდაკების აღნიშულ კოლექციას დაემატება თამარ აბაკელიას საკულტო ნამუშევარი შურს ვიძიებთ, რომლის თანამედროვე მასალაში ჩამოსხმის პროცესი მიმდინარეობს. ძალზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ამ უდიდესი ქართველი მოქანდაკის ჩართულობა გამოფენაში, რომლის შემოქმედებითი მემკვიდრეობა უდაოდ მეტ ყურადღებას იმსახურებს დღეს.
ბოლო 2 წლის განმავლობაში ეროვნულ გალერეაში გამართულ გამოფენებს შორის განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო რამდენიმე მოქანდაკის პერსონალური გამოფენა, რომელთაც ფართო საზოგადოებას გააცნეს მხოლოდ ვიწრო სპეციალისტთა წრეში დაფასებული უმნიშვნელოვანეს ხელოვანთა შემოქმედებები.
ეროვნული გალერეა მომდევნო გამოფენებშიც პლასტიკური ფორმის განვითარებისა და ტრანსფორმაციის პროცესის სხვა ვერსიებსაც შემოგთავაზებთ.
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის მეორე სართულზე ქანდაკების გამოფენას რამოდენიმე ავტორის: თამარ აბაკელიას (1905-1953), გულდა კალაძის (1932-1974) ჯემალ (ჯოტი) ბჟალავას (დ. 1944) და როკო ირემაშვილი (დ.1979) ქანდაკება შეემატა.
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გამოფენილია თამარ აბაკელიას ქანდაკება კოლმეურნის ოჯახი. ნამუშევარი პირველად იქნა გადატანილი მყარ მასალაში. ეს კომპოზიცია (1939) მისი შემოქმედების ლაიტმოტივია, რომელიც ზოგიერთ ნამუშევარში ბედნიერი ოჯახის სახელწოდებით მეორდება. ამ მოტივის კომპოზიცია მოქანდაკეს იმელის (მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის) ჰორელიეფური ფრიზისთვისაც აქვს შექმნილი.
მხატვრის გარდაცვალებიდან ორ წელიწადში, 1955 წელს, ეს ქანდაკება და კიდევ ერთი, შედარებით კამერული ზომის ნამუშევარი – მოწყალების და მისი ოჯახისგანვე შეიძინა საქართველოს ხელოვნების მუზეუმმა. 2024 წლის მარტში საქართველოს ეროვნული გალერეის ინიციატივითა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით თამარ აბაკელიას ამ ორივე ქანდაკებას ჩაუტარდა რესტავრაცია (ქანდაკებები მძიმე მდგომარეობაში იყო. შუალედური მასალა – თაბაშირი) და პირველად ჩამოისხა პოლიესტერსა და ბრინჯაოში: კომპოზიცია კოლმეურნის ოჯახთან ერთად ხელოვანის ცნობილი ქანდაკება შურს ვიძიებთ! გადატანილ იქნა პოლიესტერში, მოწყალების და კი – ბრინჯაოში.
თამარ აბაკელია (1905-1953) – მოქანდაკე, გრაფიკოსი, ფერმწერი და ილუსტრატორი, თეატრისა და კინოს მხატვარი, პირველი ქალი მონუმენტალისტია საქართველოში. იგი თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულ მოქანდაკეთა პირველი თაობის ერთ-ერთი წარმომადგენელია. სწავლა 1929 წელს დაასრულა. იყო იაკობ ნიკოლაძის, ნიკოლოზ კანდელაკის, იოსებ შარლემანისა და ევგენი ლანსერეს მოწაფე. თამარ აბაკელიამ შექმნა ჰორელიეფები (1936-1937) იმელის ფრონტონის ფრიზისათვის. ამ ნამუშევრებით ხელოვანმა ერთ-ერთმა პირველმა შეუწყო ხელი საქართველოში რელიეფური ქანდაკების ტრადიციების აღორძინებას. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე მხატვრის შემოქმედებაში პატრიოტულმა თემატიკამ იმძლავრა. ომის პერიოდში შექმნილ ნაწარმოებთაგან ერთ-ერთი საკულტო ქანდაკებაა შურს ვიძიებთ!, რომლითაც აბაკელიამ ომში შვილმოკლული დედის სახე შექმნა.
გულდა კალაძის ნამუშევარი რთველი. (დაფერილი თაბაშირი. 1972. ჩაუტარდა რესტავრაცია).
გულდა კალაძემ 1957 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. მისი შემოქმედება ძიებებით, განსხვავებული მიგნებებითა და მხატვრული ხედვით გამოირჩევა. მისი ინდივიდუალიზმი ფერწერასა და გრაფიკაშიც აისახა, მაგრამ ხელოვანის სტიქია ქანდაკება იყო. თავისი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში სულ ჩვიდმეტი სკულპტურული კომპოზიციის შექმნა მოასწრო, რომელშიც სრულად გამოვლინდა მისი შემოქმედებითი პოტენციალი — ფორმის გრძნობა, დახვეწილი პროპორციები. საგულისხმოა, რომ გულდა კალაძე ცნობილი ქართველი მოქანდაკის – თამარ აბაკელიას შვილია.
ჯემალ (ჯოტი) ბჟალავას ნამუშევარი პორტრეტი. (ქვა. 1989)
ჯემალ (ჯოტი) ბჟალავა თავის შემოქმედებაში ხშირად მიმართავს საქართველოს ისტორიისა და კულტურის თემებს. ქვაში გამოკვეთილი ცხოველებისა და ადამიანების ფიგურები შთაგონებულია კავკასიის ხალხთა ლეგენდებით, მისტიკური არაკებითა და ბერძნული მითებით. არქაული ფორმების ძიებისას მოქანდაკე ქვას უნარჩუნებს ბუნებრივ საწყისს. 1991 წლიდან ჯოტი ბჟალავა საფრანგეთში ცხოვრობს და მისი ნამუშევრები საქართველოსა და საფრანგეთის ქალაქებს ამშვენებს, მათ შორის გამორჩეულია 2018 წელს ქალაქ ნიმის ცენტრალურ მოედანზე განთავსებული ხარის სკულპტურა.
როკო ირემაშვილის ნამუშევარი დავითი. (პოლიესტერი. 2024)
როკო ირემაშვილი – მხატვარი, მოქანდაკე, ხელოვანი, შტუტგარტის ხელოვნების სახელმწიფო აკადემიის კურსდამთავრებული (2005-2009) და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პედაგოგი (2010 – 2012).
მისი ნამუშევრები, ფორმატისა და მასალისგან დამოუკიდებლად, იქნება ეს ფერწერა, ქანდაკება თუ ვიდეო, სოციალური პროტესტის, სარკაზმის, ამაოებისა და თანაგრძნობის ნაზავს წარმოადგენს. როკო ირემაშვილის ყოველი პროექტი მუდმივი ფიქრისკენ მოგვიწოდებს. მისი პროექტები გამორჩეულია არა მხოლოდ ინდივიდუალიზმითა და უჩვეულო შესრულებით, არამედ ხელოვანის მუდმივი სურვილითაც იყოს ექსპერიმენტატორი სახვით ხელოვნებაში. ხელოვნება მისთვის დიდაქტიკური ფუნქციების მქონე იზოლირებული სფერო როდია; ხელოვნება როკო ირემაშვილისთვის ყოველდღიურობის ორგანული ნაწილია.
გამოფენის დათვალიერება 2024 წლის ოქტომბრის დასაწყისამდე იქნება შესაძლებელი.