Skip to content Skip to footer
Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ფიროსმანის ტური

4 მაისი 2023 - 28 იანვარი 2024

 

4.5.23 – 20.8.23 ლუიზიანას მუზეუმი, ქ. ჰუმლ(ე)ბეკი, დანია
17.9.23 – 28.1.24 ბეილერის ფონდი, ქ. რიენი, შვეიცარია

2023 წლის 4 მაისიდან 20 აგვისტომდე ნიკო ფიროსმანის გამოფენას დანიაში, ქ.ჰუმლბეკში ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი უმასპინძლებს, შემდეგ 2023 წლის 17 სექტემბრიდან 2024 წლის 28 იანვრამდე გამოფენა შვეიცარიაში, ქ. რიენში ბეილერის ფონდში გადაინაცვლებს.
დამთვალიერებელი ფიროსმანის 48 ნამუშევარს ნახავს. მათგან 47 ნამუშევარი ეკუთვნის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების ფონდს, ხოლო ერთი ნამუშევარი შერჩეულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარებაში არსებული მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმიდან.
გამოფენა ორგანიზებულია ფონდ ბეილერის და ლუიზიანას მუზეუმის მიერ და ხორციელდება საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ფონდ InfinitArt-ის დიდი მხარდაჭერით, აღნიშნული ფონდი იყო 2018-2019 წლებში, ვენაში (ავსტრია), ალბერტინას მუზეუმში და არლში (საფრანგეთი), ვინსენტ ვან გოგის ფონდში მოწყობილი ნიკო ფიროსმანის გამოფენის „NIKO PIROSMANI: WANDERER BETWEEN WORLDS” ინიციატორი და ერთ-ერთი ორგანიზატორი.
პროექტის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს და ბეილერის ფონდს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმები, რის საფუძველზეც უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობით შეიქმნება ინტერაქტიული მრავალენოვანი ვებგვერდი ნიკო ფიროსმანისა და მისი შემოქმედების შესახებ, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს მსოფლიოში ფიროსმანის უნიკალური ფენომენის გაცნობასა და პოპულარიზაციას. მოხდება ქართველი და უცხოელი კოლეგების გამოცდილების ურთიერთ გაზიარება.
ლუიზიანას მუზეუმი და ბეილერის ფონდი ევროპის მასშტაბით ყველაზე პრესტიჟულ საგამოფენო სივრცებს წარმოადგენენ.
ლუიზიანას მუზეუმის წარმატებულ ისტორიას მისი დამაარსებლის, კნუდ ვ. ჯენსენის თაოსნობითა და უნიკალური ხედვის მიხედვით ჩაეყარა საფუძველი. მუზეუმში თავმოყრილია ხელოვნების არაერთი ცნობილი და ფასეული ნიმუში. მუზეუმის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარეა მჭიდრო კავშირი საერთაშორისო სახელოვნებო პროცესებთან და კულტურულ გარემოსთან.
ლუიზიანას მუზეუმის კოლექცია აერთიანებს 4000-მდე ექსპონატს, რომლებიც 1945 წლიდან დღევანდელობამდე პერიოდს მოიცავს. კოლექცია ამ პერიოდის თითქმის ყველა მიმდინარეობის ფერწერისა და ქანდაკების ნიმუშებს აერთიანებს (მათ შორის, ევროპული ახალი რეალიზმი, ამერიკული პოპ არტი, 1980-იანი წლების გერმანული ხელოვნება და ვიდეოხელოვნება 1990-იანი წლებიდან და სხვ.). მუზეუმში დაცულია მარიო მერსის, სოლ ლევიტის, გერჰარდ რიხტერის, როი ლიხტენშტეინის, ენდი უორჰოლის, რობერტ რაუსჩენბერგის, ალბერტო ჯაკომეტისა და სხვათა ნამუშევრები.
დასავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული ხელოვნების მუზეუმი, ბეილერის ფონდის მუზეუმი (FONDATION BEYELER) შვეიცარიის ქალაქ რიენში დაარსდა 1982 წელს და გაიხსნა 1997 წელს არქიტექტორ რენცო პიანოს მიერ დაპროექტებულ შენობაში; მუზეუმის საფუძველს წარმაოდგენს კლასიკური მოდერნიზმისა და თანამედროვე ხელოვნების ნამუშევრების კოლექცია, რომელსაც მეუღლეები ჰილდი და ერნსტ ბეილერი ხუთი ათეული წლის განმავლობაში აგროვებდნენ.
დღეს მუზეუმის კოლექცია მოიცავს 400-ზე მეტ საუკეთესო კლასიკურ მოდერნიზმის და თანამედროვე ხელოვნების ნამუშევარს. მათ შორის: პაბლო პიკასოს, კლოდ მონეს, ედგარ დეგას, ანრი მატისის, ვინსენტ ვან გოგის, პოლ სეზანის, ვასილი კანდინსკის, პიტ მონდირიანის, მაქს ერნსტის, ფრენსის ბეიკონის, ალბერტო ჯაკომეტის, ალექსანდერ კალდერის, კონსტანტინ ბრნაკუზის, ჯენი ჰოლზერის და სხვათა გამორჩეულ ნამუშევრებს.

Details

Start:
4 მაისი 2023
End:
28 იანვარი 2024
Website:
https://louisiana.dk/en/exhibition/niko-pirosmani/

Organizers

Ministry of Culture, Sports and Youth of Georgia
Louisiana Museum of Modern Art
Fondation Beyeler, Riehen/Basel
Infinitiart Foundation

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.