საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია 2021-2023, ნაწილი 5
18 დეკემბერი 2024 14:00 - 23 მარტი 2025 17:00
ვალერიან სიდამონ-ერისთავი
სერგო ქობულაძე
ვერა როხლინა – შლეზინგერი
ფელიქს (ვარლა) ვარლამიშვილი
ირინა შტენბერგი
შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების ფონდის შევსება ახალშეძენილი ნამუშევრებით საქართველოს კულტურის სამინისტრომ არაერთი ათეული წლის შემდეგ მხოლოდ 2021 წლიდან შეძლო.
ეს გახლავთ 122 მხატვრის ნამუშევრები, რომლებსაც მანამდე არ ფლობდა მუზეუმი ან არასაკმარისად იყო იქ წარმოდგენილი. ახალი კოლექცია წარმოაჩენს ქართული სახელოვნებო სივრცის განვითარების შთამბეჭდავ სურათს: აქაა ე.წ. 1950/1970-იანელ მხატვართა გრაფიკის ახალი კოლექცია. ნამუშევრების შესაძენად არჩევანი შეჩერდა მხატვრებზე, რომლებმაც თავიანთი შემოქმედებით თვალსაჩინო წვლილი შეიტანეს ეროვნული გრაფიკული ხელოვნების განვითარებაში.
კოლექციაში მოხვდა სიღნაღის მუზეუმში გამართულ ნონკონფორმისტ მხატვართა პირველი ჯგუფური გამოფენიდან შეძენილი ნამუშევრებიც; ამას გარდა, უმნიშვნელოვანესი იყო ე.წ. 1980/1990-იანელთა თაობის მხატვართა ფერწერული სურათების შესყიდვა. ეს ქრონოლოგიური მონაკვეთი ქართულ მხატვრობაში გარდატეხის ხანად და ახალი ეტაპის დასაწყისად ითვლება. ამ კოლექციის მეშვეობით წარმოდგენილი ქართული მხატვრობის სპექტრი ინდივიდუალურ არტისტულ არჩევანთა კრებულია, რომელიც გვაძლევს საშუალებას, გავიგოთ, რომელი გზა აირჩია თითოეულმა მხატვარმა ლოკალური კონტექსტის შეზღუდვების გადასალახავად, საკუთარი გამოცდილების დასაკავშირებლად თანამედროვე ტენდენციებთან.
ასევე შესყიდულ იქნა მოდერნისტი მხატვრის, ვალერიან სიდამონ-ერისთავის, 1930-იან წლებში შექმნილი ნამუშევრები, მათ შორის, ბაქოს ინდუსტრიული ზონის მშენებლობის ამსახავი ფერწერული ტილოები და გრაფიკული ჩანახატები.
2022 წლიდან მოყოლებული დღემდე შესაძლებელი გახდა მხატვრების: სერგო ქობულაძის, კირილე ზდანევიჩის, ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვის, ირინა შტენბერგის, გაიანე ხაჩატურიანის და სხვათა ნამუშევრების, მოქანდაკეების: რუსუდან გაჩეჩილაძის, ვაჟა მელიქიშვილის, კარლო გრიგოლიას და სიმონ გირკელიძის ქანდაკებების შეძენა.
შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების ფონდის ახალი კოლექციის ექსპონირება ეტაპობრივად ხდება. 2024 წლის 18 დეკემბრიდან 2025 წლის 23 მარტის ჩათვლით სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ახალი კოლექციის რიგით მეხუთე გამოფენა იმართება.