Skip to content Skip to footer
Loading Events

« All Events

  • This event has passed.

რუსუდან გაჩეჩილაძე – პირველი რეტროსპექტული გამოფენა

20 იანვარი 16:00 - 4 თებერვალი 18:00

რუსუდან გაჩეჩილაძე – მოქანდაკე, პედაგოგი, ქართული პორტრეტული ქანდაკების რეფორმატორი. მის პირველ რეტროსპექტულ გამოფენაზე  წარმოდგენილია ხელოვანის მიერ XX საუკუნის 60/80-იან წლებში შექმნილი ქანდაკებები და 2017 – 2020 წლების   გრაფიკული ნამუშევრები, რომელთა უმეტესობა მოდერნისტულ  სკულპტურათა  ესკიზებია.

რუსუდან გაჩეჩილაძე 60-იანი წლების ქართველ მოქანდაკეთა  თაობას მიეკუთვნება.  მომავალმა ხელოვანმა თბილისის სამხატვრო აკადემია  1962 წელს დაამთავრა, სადაც  სერგო ქობულაძისა და ნიკოლოზ კანდელაკის სახელოსნოებში სწავლობდა. სახელოვნებო კრიტიკამ რუსუდან გაჩეჩილაძე შემოქმედებითი გზის დასაწყისშივე ქართული პორტრეტული ქანდაკების რეფორმატორად აღიარა.  ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ, XX საუკუნის 60-იან წლებში, მან უარი თქვა ზედაპირულად გაგებულ რეალისტურ გამოსახულებაზე და სკულპტურას თავდაპირველი მაგიურობისა და ვიტალურობის   თვისებები დაუბრუნა. ამასთან ერთად, პოლიქრომიის მეშვეობით, თაბაშირის შუალედური მატრიცა საბოლოო მასალად აქცია მისთვის ხან ტერაკოტის, ხან – მარმარილოს, ხანაც –  ბრინჯაოს ფაქტურის მიცემით.

რუსუდან გაჩეჩილაძე არაანგაჟირებულ  მოქანდაკეთა  რიცხვს მიეკუთვნება. ნიჭის უდავო აღიარების მიუხედავად, მას არასდროს ჰქონია მსხვილი დაკვეთა მონუმენტური ფორმის შესაქმნელად.  შესაბამისად, მისი არც ერთი ქანდაკება ჩვენს საზოგადოებრივ სივრცეში არ დგას. მოქანდაკე იფარგლებოდა  მცირე პლასტიკის კამერული ჟანრით: ქმნიდა პორტრეტებსა და კომპოზიციებს. პარალელურად ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს  აკადემიურ ხატვას ასწავლიდა ხატვის ფაკულტეტზე  თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. გაჩეჩილაძის მიერ  ბრინჯაოში ჩამოსხმული საეტაპო ქანდაკებები 1990-იანი წლების  დასასრულ  ფერად ლითონებზე ნადირობის კამპანიებმა შეიწირა.  დღეს  მისი საქანდაკო შემოქმედებიდან მხოლოდ თაბაშირის   ვარიანტებია  დარჩენილი. მათგან ნაწილი ოსტატურადაა დაფერილი ან   დაჟანგული. ძარცვას გადარჩენილი ბრინჯაოს ერთადერთი  ქანდაკება – ბესიკ ხარანაულის პორტრეტის პირველი ვარიანტი – ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის მუზეუმში  ინახება. პედაგოგიური საქმიანობის დასრულების შემდგომ  უკვე ახალ მილენიუმში რუსუდან გაჩეჩილაძემ მოდერნისტულ  ქანდაკებათა   ესკიზების სერიები შექმნა. მათი უმეტესობისთვის  ოთხმოც წელს გადაცილებულმა მხატვარმა გამოიყენა  თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები, გაზარდა ნამუშევართა  მასშტაბი   და მინიმალისტისთვის დამახასიათებელი უძუნწესი საშუალებებით – ცარცით, კალმითა და ფანქრით,  ისინი ტონირებულ ქაღალდზე გადაიტანა. გაჩეჩილაძის გრაფიკული შემოქმედების მთავარი მოტივებია ათლეტები, მეომრები, ცხენიდან გადმოვარდნილი მხედრები, წამოწოლილი ფიგურები, „ქუჩის მადონები“, ომის მემორიალები, აბსტრაქციები  და ანგელოზები; ქანდაკებაში  კი -პორტრეტი და ალეგორიული კომპოზიციები. რუსუდან გაჩეჩილაძის შემოქმედება არაა მრავალრიცხოვანი: ოცდაათამდე  სკულპტურული პორტრეტი  და კომპოზიცია;  ას ორმოცდაათამდე – გრაფიკული ნამუშევარი.

მიმდინარე გამოფენა  რუსუდან გაჩეჩილაძის პირველი რეტროსპექტული ექსპოზიციაა ეროვნულ გალერეაში, რომელიც აერთიანებს მის ქანდაკებებსა  და შემოქმედების ბოლო პერიოდის  ესკიზებს. გამოფენა  საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის – „სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგში საიუბილეო წიგნი-ალბომების გამოცემის ხელშეწყობა“ – ფარგლებში გამოიცა ალბომი „რუსუდან გაჩეჩილაძე – უცნობი მოდერნისტი“. კულტურის სამინისტრომ სამუზეუმო ფონდებისთვის 2022 წლის დეკემბერში რუსუდან გაჩეჩილაძის სამი ქანდაკება: ოთარ ჭილაძის პორტრეტი, მურაზ ჯაფარიძის პორტრეტი და დათო ჯმუხაძის პორტრეტი შეიძინა.

 

დეტალები

დასაწყისი:
20 იანვარი 16:00
დასასრული:
4 თებერვალი 18:00
Website:
http://museum.ge

ორგანიზატორი

საქართველოს ეროვნული გალერეა
ტელეფონი:
+ (995 32) 215 73 00

ადგილი

საქართველოს ეროვნული გალერეა
შოთა რუსთაველის გამზირი 11
თბილისი, 0108 Georgia
+ Google Map
ტელეფონი:
+ (995 32) 215 73 00

© 2023. ALL RIGHTS RESERVED.