
- This event has passed.
მიშა შენგელია
16 მარტი 18:00 - 14 აპრილი 18:00

მიშა შენგელიას პირველი პერსონალური გამოფენა საქართველოს ეროვნულ გალერეაში მისი შემოქმედების 30-წლიან (1989-2019) პერიოდს მოიცავს. გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრის ნამუშევრები დავით მუშკუდიანის კოლექციიდან. მიშა შენგელია და დავით მუშკუდიანი მეგობრები და თანამოაზრეები იყვნენ. მათი კოლაბორაციის შედეგია გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები: „მასმედიის ერთი დღე 1495–ში’’ და „პროლეტარიატის დიქტატურის სკოლა“.
მიშა შენგელია დაიბადა 1959 წელს თბილისში. მას აკადემიური სამხატვრო განათლება არ მიუღია (ის განათლებით გეოლოგი გახლდათ), მაგრამ ადრეული ასაკიდან ხატავდა. მიშა შენგელიას პირველი პერსონალური გამოფენა 1995 წელს გაიმართა „ბაია გალერეაში“ (მაშინ გალერეა „ორიენტი“). მას შემდეგ მას არაერთი გამოფენა ჰქონდა, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. 2014 წელს გალერეა „შარდენში“ პირველად გამოიფინა დავით მუშკუდიანის კოლექციაში არსებული მიშა შენგელიას ნამუშევრები.
მიშა შენგელიას, როგორც მხატვრის, შემდგომ ზრდასა და ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა 2000-იან წლებში რუსიკო ოატის „ნიუ არტ“ კაფეში არსებულმა თავისუფალმა შემოქმედებითმა გარემომ. მიშა აქტიურად მონაწილეობდა „ნიუ არტის“ ცხოვრებაში და თავადაც მოაწყო იქ არაერთი გამოფენა და პერფორმანსი. „ნიუ არტს“ თავის დროზე მრავალი ხელოვანი და ინტელექტუალი სტუმრობდა, მათ შორის, ოლეგ ტიმჩენკო, ვახო ბუღაძე, მიშა გოგრიჭიანი, კოტე სულაბერიძე, კოტე ჯინჭარაძე და მურთაზ შველიძე.
მიშა შენგელიას მხატვრული სამყარო უცნაურად გამორჩეულია. აქ შეხვდებით ჩრდილოეთ რენესანსისათვის სახასიათო სახალხო სეირნობებს, ჯადოქრებსა და ალქიმიკოსებს, რუხ კარდინალებს, პაციფისტ გენერლებს, მაფიოზებსა და დიქტატორებს. ისინი, ხშირ შემთხვევაში, მსოფლიო მხატვრობის შედევრების პერსონაჟთა (მაგ., კვენტინ მეტსისის „უშნო დიდგვაროვანი“ ან პიერო დელა ფრანჩესკას „ფედერიკო და მონტეფელტრო“) სტილიზებული გამოსახულებებია. ეს ტრაგიკომიკური გმირები მოწმობენ, რომ ავტორი, მხოლოდ მისთვის სახასიათო იუმორის ენაზე, ირგვლივ მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება.
მიშა შენგელიას ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში საქართველოში, შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთში, დანიაში, ისრაელში, აშშ-ში, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში. 2022 წელს მისი ნამუშევრები შეიძინა საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა, ხოლო მიშას მეგობრებმა, ლენა კრილოვამ და დერეკ მიულერმა, თავიანთი კოლექციიდან მუზეუმს დამატებით ორი ნამუშევარი გადასცეს.
დეტალები
- დასაწყისი:
- 16 მარტი 18:00
- დასასრული:
- 14 აპრილი 18:00
ორგანიზატორი
- საქართველოს ეროვნული გალერეა
- ტელეფონი:
- + (995 32) 215 73 00
ადგილი
- საქართველოს ეროვნული გალერეა
-
შოთა რუსთაველის გამზირი 11
თბილისი, 0108 Georgia - ტელეფონი:
- + (995 32) 215 73 00