- This event has passed.
ლევან ლაღიძე – ფერწერა
19 მაისი 18:00 - 18 აგვისტო 18:00
შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ისტორიული შენობის მიმდებარე ახალ საგამოფენო სივრცეში (ლ.გუდიაშვილის #1, 2024 წლის 19 მაისიდან 18 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება მხატვარ ლევან ლაღიძის გამოფენა – ფერწერა. ლევან ლაღიძის ამ მასშტაბის პერსონალური გამოფენა პირველად იმართება. ის რეტროსპექტული ხასიათისაა და მხატვრის 100-ზე მეტ ნამუშევარს აერთიანებს.
ლევან ლაღიძე XX საუკუნის 80-იანელთა თაობის ქართველ მხატვართა წარმომადგენელია. ტერმინ 80-იანელთა თაობის დამკვიდრება ლევან ლაღიძეს უკავშირდება. მან 1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. ლევან ლაღიძის თქმით, „მხატვრობა იწყება არა მაშინ, როცა შეგიძლია ხატო, არამედ, როცა არ შეგიძლია, არ ხატო…,“ – ეს ზუსტი ფორმულაა ბევრი ხელოვანის შემთხვევაში და ეს ლევან ლაღიძის შემთხვევაცაა. ლევან ლაღიძე გამორჩეული პერსონალური ფერწერული დისკურსით ეწერება ქართულ არტსივრცეში, ხელოვანი, რომლის შემოქმედებაში ჰარმონიულად ერწყმის რაციონალური და მეტაფიზიკური… იგი თანმიმდევრულია შემოქმედებით გზაზე, თანმიმდევრულია გაცნობიერებული, რაფინირებული აზროვნების წესით, მარადიული საიდუმლოს ძიების მუდმივად ცოცხალი მუხტით. მისთვის მხატვრობა სამყაროს შეცნობის საშუალებაა. 2011 წელს თბილისში მხატვარმა საკუთარი გალერეა – Lagidze Gallery გახსნა. 2018 წლიდან ლევან ლაღიძე თანამშრომლობს ბრიტანეთში მოღვაწე ამერიკელ კურატორ ქეთრინ ლევინთან და ყოველწლიურად ლონდონში მისი სოლო გამოფენები იმართება.