Skip to content Skip to footer
Loading Events

« All Events

თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე : გამოფენა . საქართველოს ეროვნული გალერეა

19 ნოემბერი 18:00 - 16 დეკემბერი 18:00

 

თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე (1925-2001) – ქართული წარმოშობის ფრანგი სცენოგრაფი, მოდელიერი და ილუსტრატორი XX საუკუნის პარიზის შემოქმედებითი ელიტის წევრი იყო.  მისი  ბიოგრაფია XX საუკუნის 30-იანი წლებიდან საფრანგეთს დაუკავშირდა. სანამ ცნობილი მხატვარი გახდებოდა, პარიზში, მადლენ ვატიესა და ბერნარ ჰიუგეს სახელოსნოებში, სწავლობდა.

1947 წელს მან ნოე ჟორდანიას ვაჟზე, რეჯებ ჟორდანიაზე, იქორწინა, თუმცა, ეს ქორწინება ხანგრძლივი და ბედნიერი არ აღმოჩნდა. 1952 წელს ხელოვანი დედასა და შვილთან ერთად ბოჰემური პარიზიდან საცხოვრებლად ბრაზილიაში გადავიდა.

სწორედ აქ დაიწყო თამარ დე ლეტეს წარმატებული შემოქმედებითი კარიერა: 1957 წელს სან პაულუში მან საკუთარი კოსტიუმებისა და სცენოგრაფიული ნამუშევრების გამოფენა გამართა; იმავე წელს მის მიერ შექმნილი 22 კოსტიუმის ესკიზი სან პაულუს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის IV ბიენალეზე გამოიფინა, რასაც მოჰყვა მისი თანამშრომლობა კრისტიან დიორის მოდის სახლთან. 1963 წელს სან პაულუს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში მისი ნამუშევრების რეტროსპექტივა გაიმართა. ამავე წელს მას სან პაულუს კულტურის სახლის ბალეტის განყოფილების მმართველის თანამდებობა შესთავაზეს, მაგრამ დე ლეტემ პარიზში დაბრუნება არჩია, რის შემდგომაც დაიწყო მხატვრის შემოქმედებითი გზის პარიზული პერიოდი.

თამარ დე ლეტე ქმნიდა კოსტიუმებსა და დეკორაციებს საფრანგეთის სხვადასხვა თეატრისა და ლოკარნოს ფესტივალის ფარგლებში გამართული წარმოდგენებისთვის, ასევე  წიგნის ილუსტრაციებს – გაფორმებული აქვს ჟანრობრივად მრავალფეროვანი ლიტერატურა საბავშვო ზღაპრებიდან კლასიკისა და თანამედროვე ეროტიკული პოეზიის ჩათვლით. იღებდა ანიმაციურ ფილმებს. 1970/80-იან წლებში მისი არაერთი პერსონალური გამოფენა გაიმართა პარიზსა და ლუქსემბურგში (ლუქსემბურგის ფრანგული კულტურის ცენტრი, პარიზის სალონი  სოფიტელ გრუპ 36,   პარიზის გალერეა  მონპარნასი). მისი მემკვიდრეობა 300-ზე მეტ ესკიზს, 30 ტილოს, 100-ზე მეტ ფოტოს, ხელნაწერებსა და მრავალ საარქივო მასალას აერთიანებს. ხელოვანი ერთ ტილოზე  სრულიად ავთენტურსა და ორიგინალურ სანახაობას ქმნის  ერთდროულად ზეთის, გუაშის, პასტელისა და ზოგჯერ ტემპერის გამოყენებითაც. მისი რომანტიკული მხატვრობა წარმოაჩენს დელიკატურობის, სინაზისა და პოეზიის ხიბლს.

თამარ დე ლეტე – ვაჩნაძეს    მუდმივად სურდა საქართველოს ნახვა, თუმცა, ვერ მოახერხა სამშობლოში ჩამოსვლა. მან არ მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა და სიცოცხლის ბოლომდე ღირსეულად ატარა ქართველი ლტოლვილის სტატუსი, რაც მისი ბინადრობის მოწმობაშიც ჩაიწერა.

საქართველოს კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის ინიციატივით, თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის მემკვიდრეობა – მისი ნამუშევრები და პირადი არქივი, მხატვრის შთამომავლებთან მოლაპარაკებების შედეგად, 2022 წელს საქართველოს ხელოვნების სასახლეს გადაეცა. კოლექცია ბრეტონიდან, კერძოდ კი საფრანგეთის სოფელ ლამპალუზ-პულუარზელიდან საქართველოში ჩამოვიდა. ხელოვნების სასახლეში დაბრუნებულ ნამუშევრებს შორის არის: 30-ზე მეტი ფერწერული ტილო, 300-ზე მეტი გრაფიკული ჩანახატი და ესკიზი (წიგნის მხატვრობა, თეატრის მხატვრობა, მოდის დიზაინი და სხვ.) და 200-ზე მეტი საარქივო ფოტო.

დეტალები

დასაწყისი:
19 ნოემბერი 18:00
დასასრული:
16 დეკემბერი 18:00
Website:
http://museum.ge

Organizers

Ministry of Culture, Sports and Youth of Georgia
Bank of Georgia
Art Palace of Georgia

ადგილი

Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery
11 Rustaveli ave
Tbilisi, Georgia 0108
+ Google Map
View ადგილი Website

© 2023. ALL RIGHTS RESERVED.