- This event has passed.
ვახტანგ მუსხელიშვილი – რუბიკონი
19 ივლისი 18:00 - 11 აგვისტო 18:00
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნული გალერეა და გალერეა „ვანდა“, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, წარმოგიდგენთ ვახო მუსხელის (ვახტანგ მუსხელიშვილის) გამოფენას – რუბიკონი, გამოფენის კურატორია ვანდა მუჯირი.
ექსპოზიციაში წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ ბოლო პერიოდში შექმნილი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.
ვახო მუსხელი (ვახტანგ მუსხელიშვილი) დაიბადა 1957 წელს თბილისში. თბილისის სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ მან დამოუკიდებლად განაგრძო მუშაობა, ხოლო 90-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც 30 წელია ცხოვრობს. ამჟამად ვახო მუსხელი სიეტლში მოღვაწეობს. დღეს ის აღიარებული მხატვარია, როგორც ამერიკაში, ასევე სამშობლოში. მისი ნამუშევრები დაცულია მრავალი ქვეყნის სახელმწიფო და კერძო კოლექციებში.
ვახო მუსხელის მხატვრული ხედვა ყოველთვის განსხვავებულია, ის განსხვავებულად აღიქვამს საგნებს. მის შემოქმედებაში ყველა თემა, რასაც კი მხატვარი ეხება, რეალობიდან მოდის. ყველაფერი, რაც ტილოებზე ისახება, მხატვრის პირადი განცდაა, განცდილის ილუსტრაცია, რომელსაც გვიყვება ჩვენ და საკუთარ თავს. ტილოსთან ურთიერთობა მუსხელისთვის მთელს სამყაროსთან ურთიერთობის ტოლფასია. მისთვის თითოეული ნახატი ერთი ამბის ცალკეული სიტყვაა. ერთი ტილო ერთი სიტყვაა, მხატვრის მთელი შემოქმედება კი ის დიდი ამბავია, რასაც იგი მოგვითხრობს სამყაროს შესახებ.
ვახო მუსხელს განსაკუთრებით აინტერესებს „სამგანზომილებიანი სამყაროს ილუზიებისა და ტილოს სიბრტყობრიობის კვლევების გამოწვევები, სამყაროებს შორის შუამავალი, სამყაროთაშორისი განცდის მისაღებად“. სწორედ ამიტომ მისი ნამუშევრები მონუმენტურობით გამოირჩევა. მხატვრის გამომსახველობითი ენა, რომელიც ადამიანურ და ცხოველურ ფორმებზეა ფოკუსირებული, თვით ავტორის თქმით, ფანტასტიკურ რეალიზმს წარმოადგენს პერსონალური სიმბოლიზმის ძლიერი ელემენტებით.
– ვანდა მუჯირი
„მხატვარი – ეს არის ტიტული, რომელიც მხოლოდ დრომ უნდა მოგანიჭოს და არა ვინმემ. დრომ, რომელიც სავსე უნდა იყოს შრომით და ახლის ძიებით“ – ვახო მუსხელი
„რა არის ჩემი თემატიკის ძირითადი იმპულსი?
ადამიანი და გარემო – რა არის ადამიანის ფუნქცია მის გარშემო არსებულ ცვალებად სამყაროში და როგორ იცვლება მისი ფსიქიკა გარემოს ცვლილებების პარალელურად;
ადამიანის ფიზიკური ეგზისტენციის დროებითობის განცდა და აგნოსტიციზმი.
ასევე, მისი სიჯიუტე – ყველაზე ღრმა ფსკერზე დაცემა, ბრძოლის სურვილი და უკან ამოცოცების პოტენცია;
ადამიანის სხეული და, განსაკუთრებით, მისი მოძრაობის დინამიკა როგორც სამყაროს ნარატივი.
სწორედ რომ ადამიანის მოძრაობას შეუძლია გასცეს პასუხი უწყვეტ, პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებსაც სასრული არ უჩანს. ადამიანის სხეულია, სადაც სუფევს მთელი სამყაროს შემეცნების მისტერია, მარტოობის მისტიკა და თავისუფალი გონების არჩევანი.
ყოველი, თითქოსდა უმნიშვნელო ჟესტიკულაცია ან მიმიკა არის ვრცელი, გრძელი და რთული წინადადების ერთი სიტყვა. ჩვენი არჩევანია, ამ სიტყვებისგან რა წინადადებებს, შემდეგ კი რა ისტორიას შევთხზავთ და მოვყვებით.
ადრე თუ გვიან, ყველა, როგორც კეისარი ოდესღაც, აღმოჩნდება მდინარის პირას, სადაც უნდა მიიღოს ყველაზე დიდი გადაწყვეტილება – გადაწყვეტილება, რომელსაც შეუძლია უმეცრებით შვას ურჩხული, ან მთელი სამყაროს სიკეთე ჩაიტიოს პეშვში. ყველას თავის რუბიკონი აქვს გადასალახი.“
– ვახტანგ მუსხელიშვილი
გამოფენა გაიხსნება 19 ივლისის 18:00 საათზე და გაგრძელდება 2024 წლის 11 აგვისტომდე.
მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, რუსთაველის გამზირი #11, თბილისი