Skip to content Skip to footer
Loading Events

« All Events

ვალენტინ შერპილოვი და მისი მოსწავლეები : ედმონდ კალანდაძე, ჯიბსონ ხუნდაძე, ჟანი მეძმარიაშვილი,ზურაბ ნიჟარაძე

15 იანვარი 10:00 - 7 აპრილი 18:00

ვალენტინ  შერპილოვი

(1911, თბილისი – 1974, თბილისი )

ფერმწერი ვალენტინ შერპილოვი, თავდაპირველად,  სწავლობდა (1932-1938) ქანდაკებას თბილისის სამხატვრო აკადემიაში, თუმცა, დავით კაკაბაძის რჩევით, გადავიდა ფერწერის კათედრაზე და სწავლა დავით კაკაბაძესთან გააგრძელა. აკადემიის დასრულების შემდეგ  მუშაობდა მოსე თოიძის ასისტენტად ფერწერის კათედრაზე. 1930-იანი წლების მიწურულს   ახალგაზრდა პედაგოგი  შერპილოვი სტუდენტებს შორის “არასწორი იდეების” (იმპრესიონიზმის) პროპაგანდისათვის აკადემიიდან დაითხოვეს. 1938-1974 წლებში  ასწავლიდა თბილისის სამხატვრო სასწავლებელში. ადრეული პერიოდიდანვე ხატავდა ჟანრულ კომპოზიციებს, პორტრეტებს, თბილისის ყოფის ამსახავ სცენებს. მის შემოქმედებას ახასიათებს ფერის გამომსახველობა, თავისუფალი წერის მანერა. 1960-იან წლებში  გაიტაცა ენკაუსტიკის ტექნიკამ. ვალენტინ შერპილოვმა აღზარდა მხატვართა არაერთი თაობა. მინიჭებული აქვს საქართველოს დამსახურებული მხატვრისა და პედაგოგის წოდებები.

მისი ნამუშევრები დაცულია სემ/ ხელოვნების მუზეუმსა და ეროვნულ გალერეაში, ასევე ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, ტრეტიაკოვის გალერეაში (მოსკოვი), აღმოსავლეთის ხალხთა მუზეუმსა (მოსკოვი) და საქართველოსა და უცხოეთის კერძო კოლექციებში.

 

ვალენტინ შერპილოვი  – მხატვარი და პედაგოგი უაღრესად ქართული მოვლენაა. ეროვნებით რუსმა ქართული კულტურის სამსახური დაისახა მიზნად, რაკი  ბედმა თუ ბედისწერამ  თავიდანვე აქ მიუჩინა ადგილი. ქართული იყო მისი ენა, ქართული იყო მისი ოჯახური გარემო, ქართული ყოფა და ადათ-წესები აყალიბებდა  მის სულიერ სამყაროს, ესეც  მხოლოდ და მხოლოდ ისევ მისი კეთილშობილებისა და არისტოკრატიზმის გამოხატულებაა.

როცა შერპილოვი თბილისის სამხატვრო აკადეშიაში სწავლობდა, იქ ქართული კულტურის ისეთი წარმომადგენლები მოღვაწეობდნენ, როგორიც იყვნენ ლანსერე, თოიძე, კაკაბაძე, ბაჟბეუქ-მელიქოვი.  ეს კი თავისთავად განაპირობებდა სწავლების მაღალ დონესა და პროფესიონალიზმის ხარისხს. და მაინც, განსაკუთრებული პატივისცემითა და მადლიერებით შერპილოვი  ყოველთვის  დავით კაკაბაძეს იხსენებდა, რომელმაც, ფაქტობრივად, გზაზე დააყენა და თვალი აუხილა ახალგაზრდა შემოქმედს. ისიც უნდა ითქვას, რომ ყველა ჭეშმარიტი შემოქმედივით შერპილოვსაც სიკვდილამდე არ განელებია სწავლის მძაფრი წყურვილი. სწავლობდა კლასიკური კომპოზიციის პრინციპებს, გადმოჰქონდა ასლები ტინტორეტოსა  და ვერონეზეს ნახატებიდან, დელაკრუას დღიური მისი სამაგიდო წიგნი იყო, რადგან მიზნად ჰქონდა დასახული ფერწერის ტექნოლოგიის საიდუმლო პროცესებში გარკვევა. ასევე დიდი ინტერესით სწავლობდა ენკაუსტიკას (ენკაუსტიკის ტექნიკით 5 სურათი აქვს შექმნილი). ამ ტექნიკით შექმნილ სურათთაგან განსაკუთრებით შთამბეჭდავია  პატარა სცენა იტალიური ცხოვრებიდან.  ის მხატვარმა იტალიაში მოგზაურობის შემდეგ შექმნა. იტალიაში გატარებულმა სულ რამდენიმე დღემ თითქოს ახალი ძალა შეჰმატა. თვითონვე ამბობდა, თითქოს ხელახლა  დავიბადეო.  პატარა სცენა იტალიური ცხოვრებიდან  ჩვეულებრივი, კამერული, ყოველდღიური ამბავია, მაგრამ მხატვრის ხელით ფერთა დღესასწაულადაა ქცეული, საიდანაც მკაფიოდ ისმის ავტორისეული ცოცხალი ხმა. ფერთა სიმდიდრე სურათში შეხამებულია ცვილის საღებავისთვის დამახასიათებელ  მარმარილოსებრ ფაქტურასთან, რაც სურათს ძვირთვასი ქვის მდიდრულ ელვარებას სძენს.

შერპილოვის თემატური დიაპაზონი საკმაოდ ფართოა. პორტრეტებისა და პეიზაჟის გვერდით მრავლად ვხვდებით ისტორიულსა და რევოლუციურ თემაზე შესრულებულ სურათებს. რა თქმა უნდა, ბევრი ნამუშევარი კონიუნქტურული სახისაა, იმ დროისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური და სოციალური პროცესების შედეგი, მაგრამ ერთი, რაც ამ სურათებში ჩანს, რაზეც დაბეჯითებით შეიძლება საუბარი, ეს მხატვრის მაღალი პროფესიული დონეა. სხვანაირად რომ ვთქვათ, ყველა ნამუშევარში ერთნაირად ჩანს ოსტატი.

შერპილოვი  უტყუარი „სმენის” კოლორისტია, რომელსაც უნარი შესწევს,  საკუთარი ხილვები და შეგრძნებები ფერის ურთულეს ენაზე გადაიტანოს. სწორედ ამიტომ ეთმობა მის ფერწერაში განსაკუთრებული ყურადღება ფერის შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენას. ამიტომაც სწავლობს, ეძებს, ექსპერიმენტატორობს განუწყვეტლივ. ვალენტინ შერპილოვი სულით ხორცამდე მხატვარია. ფერწერა მისთვის არა მარტო მოწოდება, არამედ სულიერი მოთხოვნაცაა, რომელსაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში  ემსახურა. რაც მთავარია, ჩვენც გადმოგვეცა და გადმოგვედო მის მიერ შექმნილი ხმებისა და ფორმების, ფერებისა და ჩრდილების მისი თვალით აღქმის უნარი. შემოქმედებისადში სწორედ ასეთი უანგარო  და ლამის თავგანწირვამდე მისული დამოკიდებულებით იწვევდა ის ახალგაზრდების აღფრთოვანებასა და სიყვარულს. რაც მთავარია, ის არა მარტო შემოქმედებით, არამედ თავისი ცხოვრების წესითაც ღირსებას მატებდა მხატვრისა და პედაგოგის სახელს. აღსანიშნავია, რომ 50-იანი წლების ქართულ მხატვრობაში მომხდარ ცვლილებებს სწორედ იმ მხატვართა ჯგუფს უკავშირებენ, რომელთა ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი  ვალენტინ შერპილოვს  როგორც პედაგოგს. იმ წლებში ახალგაზრდა მხატვრებისთვის შერპილოვის მხატვრობა  სპეციფიკური ფერწერული ძიებების გაღრმავების საფუძველსაც იძლეოდა. ისიც  საგულისხმოა, რომ სწორედ ამ ახალგაზრდა მხატვრებმა (ედმონდ კალანდაძემ, ჯიბსონ ხუნდაძემ, ჟანი მეძმარიაშვილმა, ზურაბ ნიჟარაძემ და სხვებმა) განსაზღვრეს თანამედროვე ქართული მხატვრობის სახე. ისინი მასწავლებლის ტილოებში, უპირველეს ყოვლისა, ფერის იმპრესიონისტულ სიმდიდრეს, კომპოზიციის უზადო ცოდნასა და ნახატის ოსტატობას აფასებდნენ. ფერმა  როგორც მთავარმა ემოციურმა საწყისმა  აქტიურად დაიმკვიდრა ადგილი სურათში. თამამად აჟღერდა მისი გამომსახველობითი ძალა, ხოლო გამომსახველობითი ენის გაღრმავებამ, თავის მხრივ, განაპირობა სურათების კამერულობა..

სოფიო იოსელიანი

Details

Start:
15 იანვარი 10:00
End:
7 აპრილი 18:00
Event Categories:
, ,

Organizer

Georgian National Gallery
Email:
gng.exhibition@gmail.com

Venue

Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery
11 Rustaveli ave
Tbilisi, Georgia 0108
+ Google Map
View Venue Website

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.