
ეკატერინე გელოვანის გამოფენა
11 აპრილი 18:00 - 15 ივნისი 18:00

ეკატერინე გელოვანმა 1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. მალევე, 1987 წელს ჰქონდა პერსონალური გამოფენა თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში. მონაწილეობდა არაერთ ჯგუფურ გამოფენაში საქართველოსა თუ უცხოეთში. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ ბანკში, კიოლნისა და მოსკოვის კერძო კოლექციებში. მხატვარი მონაწილეობდა გაეროს World Food Programme ეგიდით ჩატარებულ კონკურსში, სადაც დაჯილდოვდა II პრემიით.
ეკატერინე გელოვანის ფერწერა ემოციურად გამომსახველი, ამავდროულად, სადა, ლაკონიური და ზუსტია. როგორც თვითონ მხატვარი აღნიშნავს, მისი შემოქმედება ფერის, ფორმის, ხაზის ამოუწურავ საშუალებათა პერსონალური ძიებაა.
მხატვრის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია პორტრეტის ჟანრს.
ავტოპორტრეტების სერიას მხატვარმა დიალოგი უწოდა და მისი განმარტებაც მოგვცა: ..დიალოგი საკუთარ თავთან – რთული, სახიფათო მოგზაურობაა, როდესაც კარგავ და პოულობ, თვალის გასწორებაა კითხვებთან, რომლებსაც თავს არიდებ, მაგრამ ისინი მაინც ბრუნდებიან სხვადასხვა ფორმით, სახით, სხეულით…
ეროვნულ გალერეაში მხატვარი პირველად იფინება. გამოფენაზე იხილავთ სხვადასხვა პერიოდში შექმნილ მხატვრის 20-მდე ნამუშევარს.
2025 წლის 11 აპრილიდან 15 ივნისის ჩათვლით დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის ერთ დარბაზში წარმოგიდგენთ მხატვარ ეკატერინე გელოვანის პერსონალურ გამოფენას.
გამოფენის გახსნა -11 აპრილს, 18.00 საათზე.