- This event has passed.
გელა პატიაშვილის პერსონალურ გამოფენა „ჩვენ გადარჩენილები“
14 მაისი 2023 17:00 - 2 ივნისი 2023 18:00
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეაში 2023 წლის 14 მაისს მხატვარ გელა პატიაშვილის პერსონალურ გამოფენა „ჩვენ გადარჩენილები“იმართება. კურატორი – ქეთევან კორძახია.
ხელოვანის შემოქმედებითი მოღვაწეობა მეტწილად საფრანგეთს უკავშირდება. გელა პატიაშვილმა 1986 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი. შემდგომ კი მისი პროფესია ხატვა გახდა, რომლითაც ბავშვობიდან იყო გატაცებული. მხატვარმა 30 წელი იცხოვრა საფრანგეთში. პარიზის სტუდიებში (Saban Entertainment, Gaumont Animation, Fargo Studio, Millimages) მონაწილეობა აქვს მიღებული ანიმაციური ფილმებისა და სერიალების შექმნაში, მოღვაწეობდა ასევე რეკლამასა და კინოში. მხატვარმა რამოდენიმე ათეულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა და თხუთმეტამდე პერსონალური გამოფენა გამართა. 2018 წლიდან ის კვლავ საქართველოშია. ასწავლის ანიმაციურ კინოს ორ უნივერსიტეტში, აქტიურად მონაწილეობს მხატვრულ პროექტებში. აქვს გამოცემული რამდენიმე წიგნი.
საგამოფენო პროექტის იდეა 2 წლის წინ დაიბადა, მას შემდეგ კი, პანდემიის პირობებში, მისი აქტუალურობა გაიზარდა. გამოფენის თემა უნივერსალურია, ის ნოეს კიდობნის თანამედროვე ინტერპრეტაციაა და ნოესთვის მინიჭებულ იმ უფლება ვალდებულებებს გულისხმობს, რომლებიც, ბიბლიურ კონტექსტში, არავითარ განმარტებას არ საჭიროებს. კიდობანში უკვე ერთხელ მოხვედრილთა გენეტიკური კოდის მატარებლები, კვლავ კიდობანის შასასვლელში ვდგავართ გადარჩენის იმედით… რომელი გენეტიკური კოდი შეეწირება კლიმატურ ცვლილებებსა და მოვლენილ ეპიდემიებს, როგორ გადაწყვეტს მათ ბედს უფალი და როგორ გადაწყვეტენ ისინი, კოდები, თავიანთ ბედს. ეს გენეტიკური კოდების გადარჩენის ისტორიაა.
გამოფენაზე ფერწერულ ნამუშევრებთან ერთად, წარმოდგენილია ობიექტი.
გამოფენის გახსნა და კატალოგის პრეზენტაცია – 14 მაისს, 17:00 საათზე.
გამოფენის მხარდამჭერია RIA KEBURIA FOUNDATION