
ალექსანდრე ბანძელაძე და აბსტრაქტული ხელოვნება
19 თებერვალი 10:00 - 6 აპრილი 18:00

ალექსანდრე (შურა) ბანძელაძე (1927-1992) – ქართველი მხატვარი, რომლის სახელი მჭიდროდ უკავშირდება ქართული აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის განვითარებას. დავით კაკაბაძის შემდეგ მან მნიშვნელოვნად განავითარა აბსტრაქციონისტული მხატვრობა საქართველოში, რითაც საფუძველი დაუდო ქვეყნის თანამედროვე ხელოვნების ახალ ეპოქას.
ბანძელაძე 1927 წელს ციმბირის პატარა სოფელში დაიბადა. მისი ოჯახი, რევოლუციური მოღვაწეობის გამო გადასახლებაში მყოფი მამის წყალობით, მალე დაბრუნდა საქართველოში და ზესტაფონში დასახლდა. 1942 წელს ბანძელაძემ სწავლა თბილისის სამხატვრო სასწავლებელში დაიწყო, შემდეგ კი თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე გადავიდა. თუმცა, რეჟიმის კრიტიკის გამო აკადემიიდან გარიცხეს. წლების შემდეგ უკვე აღიარებული მხატვარი დიპლომს მაინც მიიღებს აკადემიის ინიციატივით.
ბანძელაძის შემოქმედება მრავალმხრივია. 1950-იანი წლების პირველ ნახევარში განსაკუთრებული ყურადღება პორტრეტებს დაუთმო. ნამუშევრებია – გალაკტიონ ტაბიძისა და დოდო ჭიჭინაძის პორტრეტები. წიგნის გრაფიკა მისთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო. ბანძელაძემ ვეფხისტყაოსნის თემაზე არაერთი ილუსტრაცია შექმნა. 1957 წელს მან ხუთი წიგნი გააფორმა, მათ შორის, ჰემენგუეის მოხუცი და ზღვა და ხალხური არსენას ლექსი. ამ ნამუშევრებმა დიდი საერთაშორისო აღიარება მოუტანა: 1966 წელს ბრნოს ბიენალეზე სპეციალური დიპლომი მიიღო, ხოლო 1967 წელს ლაიფციგის კონკურსზე პირველი ადგილი დაიკავა.
მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა მის შემოქმედებაში საეკლესიო მხატვრობასაც. დიდუბის ტაძრის მოხატულობა და წმინდა გაბრიელის პირადი ინიციატივით აშენებული ეკლესია საბჭოთა პერიოდის რთულ პირობებში შექმნილი ხელოვნების ნიმუშებია.
განსაკუთრებული წვლილი ბანძელაძემ აბსტრაქციონიზმში შეიტანა. საბჭოთა პერიოდში მისი ნამუშევრები ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ იყო და მხოლოდ ვიწრო წრე თუ იცნობდა მას. აბსტრაქტული ნამუშევრები პირველად 1987 წელს ჯგუფურ გამოფენაზე წარადგინა. მისი ხელოვნება შთაგონების წყაროდ იქცა ახალგაზრდა მხატვრებისთვის – გია ეძგვერაძისთვის, ილია ზაუტაშვილისთვის, გელა ზაუტაშვილისთვის, ლუკა ლასარეიშვილისთვის და სხვებისთვის. ისინი იზიარებდნენ ბანძელაძის ინტერესს აღმოსავლური ფილოსოფიისა და აბსტრაქციის მიმართ.
1980-იან წლებში ბანძელაძის ნამუშევრებში ჩნდება აბსტრაქტულ-სიურრეალისტური ელემენტები. ეს სურათები მუქი ნაცრისფერი ტონით შესრულებული კომპოზიციებია. მისი აბსტრაქციები გამოირჩევა ფერისა და ფორმის სიზუსტითა და სიღრმით. ამავდროულად, ისინი ინარჩუნებს ქართულ იდენტობას და არ ემორჩილება დასავლურ გავლენებს. ბანძელაძისთვის ფერი და ფორმა იყო მთავარი ინსტრუმენტები, რომლებიც მის ნამუშევრებს განსაკუთრებულ ემოციურობასა და სიღრმეს ანიჭებდა.
ალექსანდრე ბანძელაძე დღემდე ქართული თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად რჩება, რომლის ნამუშევრებიც, დღესაც განსაკუთრებით შთამბეჭდავია.
საქართველოში აბსტრაქციონიზმის ადრეული ნიმუშები XX საუკუნის დასაწყისშივე ჩნდება. მოდერნიზმის ეპოქის დასაწყისში შექმნილი დავით კაკაბაძის აბსტრაქტული ნამუშევრები ავთენტურ ავანგარდად შეგვიძლია მივიჩნიოთ. საბჭოთა პერიოდში, 1980-იან წლებში, ე. წ. გარდაქმნის ეპოქაში, ჯერ კერძო, შემდეგ კი საჯარო სივრცეებში ახალი აბსტრაქციონისტული ტალღა იჩენს თავს. ამ თაობის მხატვართა ნამუშევრებში კომბინირებულია წმინდა აბსტრაქტული და ფიგურატიული ელემენტები. საგნისა და ობიექტის აბსტრაგირების ნიშნები თანდათან იკვეთება და უფრო უსაგნო, ფორმალურ მხატვრულ ენად იქცევა.
50/60-იანელი წლების მხატვართა შემოქმედებაში ეპიზოდურად გვხვდება აბსტრაქტულ ჟანრთა ფორმები – კოლაჟი, ასამბლაჟი, თუმცა, მათი ინტეგრირება სივრცეში ნაკლებად ხდებოდა. ამ პერიოდის მხატვრული კონცეფცია ხშირად იყო რომანტიზებული და გაჯერებული მითოლოგიური ელემენტებით, ხოლო თემატიკა, ძირითადად, სოცრეალისტურ თუ ნაციონალურ მოტივებს ეყრდნობოდა. მხატვართა აბსტრაქტული ნამუშევრების მთავარ მახასიათებლად შეგვიძლია მივიჩნიოთ კომპოზიციურობა და ფერადოვნება. როგორც ჯიბსონ ხუნდაძის მონათხრობში ჩანს, ხშირად ნამუშევრის პირველი ფენა ტილოზე ფანქრით დაიტანებოდა და შემდეგ მასზე ფენებად იგებოდა საბოლოო კომპოზიცია. ეს მიდგომა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა შემდგომი თაობის მხატვრული სტილისგან.
1970/1990-იანი წლების ქართული აბსტრაქციონიზმი მრავალფეროვანი და ეტაპობრივად განვითარებადი ფენომენი იყო, რომელიც თანამედროვე ხელოვნების ისტორიაში უნიკალურ ადგილს იკავებს. ალექსანდრე ბანძელაძემ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართველ ხელოვანთა ახალი თაობის ფორმირებაში. საკუთარი ცოდნითა და თავისუფალი შემოქმედებითი სივრცის მეშვეობით, მან შთააგონა ახალგაზრდა მხატვრებს, ეკვლიათ ახალი მიმართულებანი მხატვრობაში. თავდაპირველად, ზოგიერთი მხატვარი სრულიად შემთხვევით აღმოაჩენდა უფროსი თაობის სწრაფვას აბსტრაქტული ხელოვნებისაკენ. ეს აღმოჩენა იქცა მოტივაციის წყაროდ იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ალ. ბანძელაძეს მხოლოდ მისი პორტრეტებისა და ილუსტრაციების მიხედვით იცნობდნენ. ბანძელაძე აქტიურად თანამშრომლობდა ახალგაზრდებთან, უზიარებდა მათ არა მხოლოდ ესთეტიკურ, არამედ მხატვრობის სულიერ მნიშვნელობასაც. მისი მენტორობა საფუძვლად დაედო არაოფიციალური აბსტრაქტული ხელოვნების სკოლის შექმნას საქართველოში. ბევრმა ხელოვანმა საიდუმლო შეხვედრებზე გაიარა მისი სასწავლო კურსი, სადაც ბანძელაძე მათ ასწავლიდა მოხრილი ხაზების სილამაზის შეფასებას, ფერწერული მეთოდების დანერგვასა და ტილოს როგორც მატერიალური, ასევე სულიერი გამოცდილების აღქმის ხელოვნებას. 1980-იან წლებში ჩამოყალიბდა ახალგაზრდა ხელოვანთა ჯგუფი, რომელსაც ჭეშმარიტებისა და სულიერი სამყაროს კვლევის ძლიერი სურვილი აერთიანებდა. ისინი სწავლობდნენ მსოფლიო რელიგიებს, თეოლოგიასა და ოკულტურ თემებს. ამავე პერიოდში შესაძლებელი გახდა კონტაქტების დამყარება მოსკოვის სახელოვნებო წრეებთან. 1986 წელს ერმიტაჟის ახალ საგამოფენო გალერეაში გაიმართა გამოფენა ავანგარდისტთა სახელწოდებით. 1987 წელს თბილისის ცისფერ გალერეაში (დღევანდელი ეროვნული გალერეა) გაიმართა უფრო ფართო მასშტაბის გამოფენა, რომელშიც მონაწილეობდნენ: ალექსანდრე ბანძელაძე, გია ეძგვერაძე, გელა ზაუტაშვილი, ილია ზაუტაშვილი, ლუკა ლასარეიშვილი, რაც უკვე აჩვენებდა, რომ აბსტრაქტულმა ხელოვნებამ დაიწყო საკუთარი ადგილის დამკვიდრება სხვა ჟანრების გვერდით.
სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს – ილია ზაუტაშვილსა და გია ეძგვერაძეს უკვე გააჩნდათ თანადროული პოლიტიკური კონტექსტით განპირობებუილი საკუთარი მხატვრულ-იდეური ხედვები. მათზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა ცენზურამ, რაც საკუთარ თავზე ჩაშლილი გამოფენებით გამოსცადეს. მათ საკმაოდ რთულ პირობებში უწევდა საკუთარი იდენტობისა და სტილის პოვნა. მათი მანიფესტები – ინტიმური კონცეფცია და ინტიმური აქცია სწორედ ამ პროცესის გამოძახილია.
აუცილებელია საქართველოში აბსტრაქტული ხელოვნების სოციალური ასპექტის გათვალისწინება. სოციალურ-ეკონომიკური და კლასობრივი ფაქტორები ხშირად მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა სამხატვრო მოძრაობებზე. ამასთან, გასათვალისწინებელია ადგილობრივი სუბკულტურები და დომინანტური სოციალური დისკურსები, რომლებიც ხელსაყრელ ან დამაბრკოლებელ პირობებს ქმნიდა ხელოვნებაში ახალი მიმართულებების ფორმირებისთვის.