სიახლეები


მუზეუმის ფესტივალი დანიელ შპერის ფოტოგამოფენა ,,1993'

16.05.2019-09.06.2019

#
მუზეუმისფესტივალი2019 #GNMuseumFest2019
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფესტივალისფარგლებში, თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ შვეიცარიელი ხელოვანის, დანიელ შპერის ფოტოგამოფენას „1993".
დანიელ შპერი 1993 წელს იმყოფებოდა თბილისში საერთაშორისო გაცვლითი ატელიეს - „IAAB"ფარგლებში. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ხელოვანის საქართველოში ყოფნის დროს გადაღებული ფოტოები, რომლებიც 1990-ანი წლების საქართველოში არსებულ პოლიტიკურ-სოციალურ და კულტურულ რეალობას ასახავს. დანიელ შპერი შეეცადა დოკუმენტური ფოტოქრონიკის სახით გადმოეცა რთული, წინააღმდეგობრივი, მაგრამ, ამავე დროს, ძიებებით აღსავსე ისტორიული სინამდვილე. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ხელოვანის მიერ შექმნილი ვიდეონამუშევარი.
1994-2006 წლებში დანიელ შპერი გახლდათ კომა-ფოტოგრაფის სტუდიური გაერთიანების წევრი ბაზელში; 2006 წელს ქალაქ ბაზელში საკუთარი ფოტოსტუდია დააარსა ხელოვნების დოკუმენტირებისა და რეპროდუქციის მიმართულებით.
გამოფენა ხორციელდება პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა" ფარგლებში.
გამოფენის გახსნა: 16 მაისი, 2019 | 18:30
გამოფენის ხანგრძლივობა: 16 მაისი - 10 ივნისი
მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობისთბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქუჩა #8

ვახო ბუღაძის გამოფენა ,,ნული'

04.06.2019-04.07.2019

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ ვახო ბუღაძის პერსონალურ გამოფენას „ნული" დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში.
"ხატვის პროცესი 2017 წლის სექტემბრიდან 2019 წლის მაისამდე მთლიანად დამყარებული იყო მოულოდნელობებზე. ამ მოულოდნელობებს განაპირობებდა მეთოდი და მასში გამოყენებული საღებავი (აკვარელი). შედეგს ნამუშევრის დამთავრებისთანავე ვერ ვხედავდი. მხოლოდ მეორე დღეს შემეძლო ნამუშევრის სრულყოფილად დათვალიერება. არ ვიცოდი დღეღამის განმავლობაში როგორ გაშრებოდა, რა სიურპრიზს შემომთავაზებდა ტილოზე საღებავში დიდი რაოდენობით გამოყენებული წყალი. ჩემი მდგომარეობა ცოტათი იმ ადამიანის მდგომარეობას გავდა, რომელიც დილით ელოდება მნიშვნელოვან ტელეფონის ზარს... ყოველი შემდეგი დღე იწყებოდა იგივე მოლოდინით და იმავე წერტილიდან - ნულიდან." - ვახო ბუღაძე.
გამოფენის გახსნა: 4 ივნისი | 19:00
ხანგრძლივობა: 4 ივნისი - 4 ივლისი, 2019
მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შ. რუსთაველის გამზ. 11

ჯონ რიფენჰოფი - Handler

01.06.2019-25.08.2019 გალერეა Project ArtBeat და თიბისი სტატუსი წარმოგიდგენთ ცნობილი ამერიკელი ხელოვანის ჯონ რიფენჰოფის და 9 სხვადასხვა თაობის ქართველი ხელოვანის: ქეთუთა ალექსი-მესხიშვილის, სერგო ფარაჯანოვის (წარადგენს გამრეკელის გალერეა, ხათუნა მელიქიშვილის კერძო კოლექციიდან), ნინო ქვრივიშვილის, ნინუცა შატბერაშვილის, ლეილა შელიას, ზურა ცოფურაშვილის (წარადგენს თანამედროვე ხელოვნების ცენტრი), ლევან ჭოღოშვილის, მამუკა ჯაფარიძისა და თამო ჯუღელის გამოფენას, რომლებიც მხატვარმა თვითონ მოიწვია მასთან ერთად გამოფენაზე სამუშაოდ. არტისტი, რომლის სახელოვნებო და კურატორული პრაქტიკა ძირითადად სხვისთვის პლატფორმის შექმნაზე და კოლაბორაციაზეა ორიენტირებული, საქართველოში პირველად წარმოადგენს 8 ნამუშევარს ‘Handler’ სერიიდან.

Handler-ის სერია წარმოადგენს ილუზორულ სკულპტურულ მოლბერტებს, რომლებზეც სხვა არტისტების ნამუშევრებია განთავსებული. რიფენჰოფის სხეულის ქვედა ნაწილი გამოყენებულია, როგორც არტ ჰენდლერების, გალერისტების, პატრონების, მეგობრების, ოჯახისა და სახელოვნებო ინსტიტუციებში მომუშავეების ვერდანახული მხარდაჭერის პორტრეტი. ეს პროექტი არის არტისტებისადმი მხარდაჭერის გამოხატულება და ასევე იმისა, თუ როგორ გააჩნია არტისტსა და კურატორს საკუთარი როლი. Handler სერია, იყენებს სკულპტურას, როგორც პლატფორმას ხელოვნების ნიმუშის პრომოუშენისა და რესტრუქტურიზაციისთვის. სააშკარაოზე გამოაქვს ხელოვნების სფეროში ჩადებული მხარდაჭერა, გვთავაზობს ვიზუალურ მეტაფორას ობიექტის ცირკულაციისათვის და ახდენს პროდუქციისა და ავტორობის ცნების გადაფასებას.

Immagica. მოგზაურობა მშვენიერების სამყაროში

31.05.2019-31.08.2019

31 მაისიდან, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში წარმოგიდგენთ მულტიმედიურ, თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილ გამოფენას, რომელიც XIV-XIX საუკუნეების იტალიურ ფერწერასა და ქანდაკებას გაგაცნობთ.

IMMAGICA არის შთამბეჭდავი ვირტუალური მოგზაურობა დროში. ეს არის ხმის, განათების, იმერსიული გამოსახულებებისა და მულტიმედიის ერთობლიობა; ხელოვნების აღმოჩენა ინოვაციური ტექნოლოგიების მეშვეობით; შთაბეჭდილებების მიღებისა და ცოდნის გაღრმავების ახლებური ხერხი; ყველასთვის გასაგები, ხელმისაწვდომი და, ამავე დროს, მეცნიერული თვალსაზრისით ზედმიწევნით ზუსტი ენა.

გამოფენაზე დამთვალიერებელი, პროექციების საშუალებით, იხილავს ისეთი ხელოვანების ნამუშრევრებს როგორიცაა: ჯოტოს „მაესტა დი ონისანტი" და სკროვენის კაპელის ფრესკები, ლეონარდო და ვინჩის „ხარება", ბოტიჩელის „ვენერას დაბადება" და „გაზაფხული", რაფაელის „მადონა ჩიტბატონათი", ბელოტოს „სან მარკოს მოედანი" და „კასტელო სფორცესკო", კანალეტოს „იტონის კოლეჯის კაპელა", კანოვას „ამური და ფსიქეა" და „სამი გრაცია".

სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილია საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც სენსორული ეკრანების საშუალებით შესაძლებელს ხდის ნამუშევრების დეტალების დათვალიერებას; გამოფენაში ჩართულია VR ტექნოლოგიები - დამთვალიერებელი კანალეტოსა და ბელოტოს ნამუშევრებზე ასახულ სცენებს აღმოაჩენს. გამოფენა გამორჩეულია იმითაც, რომ დათვალიერების პარალელურად ვიზიტორი ყურსასმენებით შეძლებს, მუსიკის თანხლებით, მიიღოს ინფორმაცია ნამუშევრების შესახებ.

გამოფენის იდეა გაჩნდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან და იტალიის კვლევების ეროვნულ საბჭოსთანთანამშრომლობით იტალიის საელჩოს მიერ ორგანიზებული სემინარების ციკლის შედეგად, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში უახლესი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური სისტემების გამოყენების თემას ეძღვნებოდა. წამყვანი ტექნოლოგიებით შექმნილი მულტიმედიური ექსპოზიცია კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის სფეროში მომუშავე სამი იტალიური კომპანიის ერთობლივი მუშაობის შედეგია: ვირტუალური მარშრუტის იდეა და განხორციელება Cose Belle d'Italia Media Entertainment-ს ეკუთვნის, პლატფორმა Centrica-ს შექმნილია, ETT კი ვირტუალური რეალობის სივრცის კურატორია. გამოფენა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით იმართება.

გამოფენის ხანგრძლივობა: 31 მაისი - 31 აგვისტო, 2019

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ.3.

გამოფენა „ქალაქების შეჯამება. ევროპული მოედნები და მათი ისტორიები"

28.05.2019-10.06.2019

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ გამოფენას „ქალაქების შეჯამება. ევროპული მოედნები და მათი ისტორიები" თბილისის ისტორიის მუზეუმში.
გამოფენა „ევროპული მოედნები და მათი ისტორიები" ევროპის ურბანულ მოედნებს შეცვლილ პერსპექტივაში გვიჩვენებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პროფესიონალური დრონით გადაღებული ფოტოები, რომლებიც განთქმულ ევროპულ ქალაქებს და მათ ცნობილ მოედნებს ასახავს.
არსებობს მრავალი კვლევა, დოკუმენტური მასალა და განხორციელებული გამოფენები ცალკეული მოედნების შესახებ, მაგრამ მათი ვრცელი, განსხვავებული პერსპექტივით ჩვენების მხოლოდ რამდენიმე მცდელობა დაფიქსირდა. ურბანული მოედანი ევროპული ისტორიული და არქიტექტურული ფენომენია. მოედნები არ არსებობენ თავისთავად და დამოუკიდებლად, ისინი წარმოადგენენ დასახლების ცენტრს. ეს ყველაფერი კი განსაზღვრავს მოედნის თავისებურებას.
გამოფენას აქვს ორგვარი დატვირთვა: არქიტექტურული და ანთრპოლოგიური, ვინაიდან მოედანი გააზრებულია საცხოვრებელ ადგილად, სივრცედ, სადაც ერთმანეთს ერწყმის საზოგადოება და ქალაქის ისტორია. მოედანი არის სივრცე, რომელიც განპირობებულია არა მხოლოდ მისი შემომსაზღვრელი შენობებით, არამედ, ამ შენობების ისტორიითა და მათთან დაკავშირებული ადამიანებით.
პროექტის ავტორია კატალინ დ. კონსტანტინი. იგი ასწავლის ეთნოლოგიას და ანთროპოლოგიას ბუქარესტის უნივერსიტეტში. მან თავი მოუყარა მთელ რიგ ლიტერატურულ კოლექციებს და გამოსცა მრავალი ფოტოგრაფიული ნაშრომი (წიგნი), რომლებიც ეძღვნება რუმინეთის კულტურულ მემკვიდრეობას. ავტორმა მოაწყო არაერთი ფოტოგრაფიული გამოფენა, როგორც რუმინეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს ეროვნული მუზეუმი, რუმინეთის საელჩო საქართველოში, რუმინელ არქიტექტორთა ორდენი და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა (რუმინეთი). პროექტი ხორციელდება ევროპის სხვადასხვა ქალაქში.
გამოფენის გახსნა: 2019 წლის 28 მაისი, 17:30 საათი
გამოფენის ხანგრძლივობა: 28 მაისი - 10 ივნისი
მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8.

Gamma - მულტიმედია გამოფენა

23.05.2019-07.06.2019

23 მაისს, თიბისი არტ გალერეაში, თიბისისა და დავით კაკაბაძის ფონდის ორგანიზებით, მულტიმედია ხელოვნების პროექტის - „GAMMA“, პრეზენტაცია შედგება.

GAMMA მულტიმედია აუდივიოზუალური ინსტალაციაა, რომელიც ციფრულ მედიაში ადამიანის და სინათლის ინტერაქციას იკვლევს. GAMMA-ს ციფრული არქიტექტურა სიბნელისა და სინათლის დაკავშირებით იგება, რომელშიც ზღვარი ტექნიკურად წარმოებულ სინათლესა და მომხმარებელს შორის ქრება.

გამოფენა ქართველი მხატვრის, მეცნიერის და ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის - დავით კაკაბაძის 130 წლის იუბილეს აღსანიშნავი მასშტაბური პროექტის ერთ-ერთი ნაწილია. დავით კაკაბაძე საქართველოში და საფრანგეთში არაერთი სახელოვნებო და სამეცნიერო პროექტის ინიციატორი იყო. მუშაობდა ელექტროტექნიკურ ექსპერიმენტებზე, სტერეოკინო-აპარატის შექმნასა და კინოს გამომსახველობითი საშუალებების დახვეწაზე. ელექტრონულ ნათებასა და სინათლის სხივს კი ამ ექსპერიმენტებში წამყვანი ადგილი ეკავა.

კაკაბაძის მემკვიდრეობაზე დაყრდნობით და მისი კვლევით, ნიკოლოზ კაპანაძე, მარიამ აქულაშვილი და დიმიტრი შუბითიძე ახალ ნამუშევარს გვთავაზობენ, რომელშიც კაკაბაძის შემოქმედებითი ფორმებია კოდირებული. ამ გზით მისი მემკვიდრეობა სრულიად ახალ სამეტყველო ენას იძენს და ისტორიული პროცესის განახლების საშუალებას იძლევა.

გამოფენის გახსნაზე, პროექტის ერთ-ერთი მონაწილე, დიმიტრი შუბითიძე, დაუკრავს.

გამოფენა გაგრძელდება 7 ივნისის ჩათვლით.

სამუშაო საათები:
ორშაბათი-პარასკევი: 12:00-20:00
შაბათი: 12:00-14:00 მისამართი:მარჯანიშვილის ქN7 / TBC ART gallery

თბილისის ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა

17.05.2019-19.05.2019

თბილისის ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა (taf) მეორედ 17-19 მაისს გაიმართება! მასშტაბურ სახელოვნებო ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი და საერთაშორისო გალერეები, ასევე სივრცე, სადაც დამოუკიდებელი ხელოვანები მიიღებენ მონაწილეობას.
ExpoGeorgia-ს პავილიონები კიდევ ერთხელ მოუყრის თავს გალერეებს, არტისტებს, კურატორებსა და სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. Taf-ის ფარგლებში მოეწყობა მრავალი გამოფენა, პერფორმანსი, ვორქშოპი, საუბრები და სხვა ტიპის აქტივობა.

ჟანგბადის ნაკადი

16.05.2019-25.05.2019
ჟანგბადის ნაკადი / Oxygen Flow
Dédicace Gallery თანამედროვე ხელოვნების გამოფენის - „Oxygen Tbilisi No Fair“-ის 2019 წლის გამოშვებაზე წარმოადგენს სივრცე- და კონტექსტ-სპეციფიკურ პავილიონს, რომელშიც სამი განსხვავებული ხედვისა და ხელწერის არტისტის შემოქმედება ერთიანდება.
ყველა ადგილს თავისი ისტორია და ცხოვრების ციკლი აქვს. ციკლის დასასრულს ზოგი მათგანი რეინკარნაციას განიცდის... გარდაიქმნება. სწორედ ასე დაემართა კოსტავას 14 ნომერში მდებარე სტამბასაც: ერთ დროს გამომცემლობის შენობა, ახლა სასტუმროს, კაფეს და კულტურის მულტიპლექსს მასპინძლობს.
„ჟანგბადი“, როგორც გამოფენის მოტო და მისგან ნაწარმოები „ჟანგი“ Dédicace Gallery-ის კურატორული კონცეფციის სიტყვა-კოდი აღმოჩნდა, რაც წარმოდგენილი ნამუშევრების ესთეტიკურ და შინაარსობრივ ინტერპრეტაციებშიც ითარგმნა.
მანუჩარ ოქრსოცვარიძის და ზურა აფხაზის მონუმენტური ობიექტების ინტერვენციები ხისტი და წინააღმდეგობრივი გარდაქმნების, ძველის უადგილობისა და ახალის არდაბადების მეტაფორებია. ნამუშევრების სპეციფიკური, ერთი შეხედვით, ფიზიკის კანონებთან წინააღმდეგობაში მყოფი პოზიციები, სინესთეტიკური თამაშების პროვოცირებაა: მოახდინონ ხისტი გარემოსა და მასში უწონადო მდგომარეობაში მყოფი ადამიანების დაპირისპირების სიმულაცია. უწონადობისა და ქრობადი კვალის საკითხი გრძელდება ზურა აფხაზის პანორამულ ფერწერებშიც.
ნაკვალევი, როგორც წარსულის იდეა თემატურად კოკა რამიშვილის ნამუშევარში სრულდება. რედი-მეიდი - „საქართველო“, ამავე სახელწოდების გაზეთის 1992 წლის 11 იანვრის გამოშვების უშიგთავსო გარეკანია. როგორც უახლესი ისტორიის ყველაზე მწვავე პერიოდის რექვიემი, ნამუშევარი იმ ადგილის ისტორიულ გამოცდილებებსაც აცოცხლებს, სადაც ახლა იმყოფები (იმაზე უკეთ, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს). გამოფენის გახსნა: 16 მაისი, 19:00
მისამართ: კოსტავას 14, სასტუმრო "სტამბა"
გამოფენა გაგრძელდება 26 მაისამდე

«აწმყო» (ტრილოგიიდან «ზეადამიანები»)

15.05.2019-15.07.2019

გალერეა ერთი წარმოგიდგენთ ქართველი ხელოვანის, უტა პ. ბექაიას, მეორე პერსონალურ ეპიკურ გამოფენას მულტიმედიური ტრილოგიიდან „ზეადამიანები“. პროექტი “აწმყო“ ამჯერადაც მთელ გალერეას მოიცავს ვიდეო - აუდიო ნამუშევრებით, სკულპტურული ობიექტებით, კოსტიუმებით და ნაქარგებით რომლებიც ვიდეოს გმირებისთვის და მათგან შეიქმნა. პროექტის მეორე ნაწილში ხელოვანი ისეთ თემებს იკვლევს როგორიცაა კონფლიქტი, მარცხი, სიყვარული, აღზევება, რეპრესია, იდეალები და ტაბუ.
უტა პ. ბექაია - მეჯლისისა და სანახაობის შექმნის დიდოსტატია. თავისი კარიერის მანძილზე ნიუ იორკში ის ერთდროულად ქმნიდა მოდას, მათ დრამატულ თეატრალიზირებულ პრეზენტაციებს და არტისტულ პერფორმანსებს. ამ გამოფენის პერსონაჟები, რომელთაც ამჯერადაც არტისტი თავად ანსახიერებს, არ წარმოადგენენ რეალურ პიროვნებებს, არამედ სოციალური და კულტურული სტერეოტიპებია მითოლოგიის, კინემატოგრაფიის, კლასიკური ფერწერისა და რეკლამის პრიზმაში დეკონსტრუირებული. რამდენადაც უტა ბექაია თავისი პერსონაჟების შექმნისას არამხოლოდ საერთო ტიპს მიჰყვება, არამედ ხელოვნების ისტორიის მოტივებს, ასევე კომიქსების ან პეიზაჟების გმირებს, და აგრეთვე თავისი ბავშვობის დროინდელ მუსიკას ეყრდნობა, ამით არტისტი საქართველოს წარსულისა და პოლიტიკური აწმყოს ღრმა და მგრძნობიარე კულტურულ არქივს ქმნის. დრამატული დადგმა ფუნქციონირებს როგორც არქივი თუ მეტაფორა, სადაც განმსაზღვრელი ინფორმაციის გადაცემის მუდმივი დინამიკაა. კურატორი: ჰაიკე ფულბრუგე
პორიექტის პარტნიორი: SOLO
ინგოროყვას N13
557 73 55 99
info@ertigallery.com

რიტა ხაჩატურიანი - "ბატონები"

10.05.2019-24.05.2019
გალერეა "ვანდა" გიწვევთ რიტა ხაჩატურიანის პერსონალურ გამოფენაზე "ბატონები"
„ბავშვობაში, სოფლის ტყეში სეირნობის დროს წითელი ლენტებით მორთულ მაყვლის ბუჩქს გადავაწყდი, რომელზეც ტკბილეულით და სათამაშოებით სავსე სინი იდო. მაშინ გავიგე, რომ ის „ბატონების ხე“ იყო.
ხალხური წარმოდგენით ,,ბატონები“ იყვნენ ზებუნებრივი არსებები ქართველთა უძველესი მითოსიდან, ნაყოფიერების ღვთაება ნანას შვილები, არდაბადებულ ბავშვთა და უშვილო ოჯახთა სულები, თმაში წითელლენტჩაწნილი პატარა ზომის არსებები, რომლებიც სოფლად დაეხეტებოდნენ და იმ ოჯახში, სადაც დროებით ბინას დაიდებდნენ, სნეულებაც ჩნდებოდა.
ლეგენდის თანახმად, ბატონებს ძალიან მოსწონდათ, როცა უპირობოდ უსრულებდნენ სურვილებს, უყვარდათ ტკბილეული, სიმღერა, ლხინი, ფერადი ყვავილები და თუ მასპინძელი ოჯახი ამ ყველაფერს შეასრულებდა, ბატონები კმაყოფილი ტოვებდნენ ოჯახს.
კიდევ ერთი ტრადიციის თანახმად, ,,ბატონების’’ მასპინძლებს აუცილებლად უნდა შეესრულებინათ რიტუალი ჭირვეული სტუმრებისათვის პატივის მისაგებად, ამიტომ ოჯახი ფერადი ლენტებით რთავდა „ბატონების ხეს“, ტაბლაზე აწყობდა ტკბილეულს, სათამაშოებს, ფანდურზე კი საგალობელ „ბატონებოს“ უკრავდა, რომელსაც სნეულიც ისმენდა. რიტუალს ,,ბატონების გადალოცვას’ ეძახდნენ. („ბატონებო“ წარმართული ხანის პოლიფონიური საგუნდო სიმღერაა).
გადმოცემით ვიცი, რომ ბავშვობაში მეც მქონია ,,ბატონები’’. ის რა თქმა უნდა ჩვეულებრივი ინფექციური დაავადებაა და სრულიად დაცლილია ადრეული ზებუნებრივი კონტექსტისაგან, თუმცა ხალხს ამის დაჯერება დღემდე არ სურს, რაც სულაც არაა გასაკვირი, რადგანაც ეპოქები ნამდვილად ვერ ცვლიან ადამიანის შიშს გარდაუვალი სიკვდილის წინაშე და მის მცდელობას სამწუხარო ცხოვრებისეული მოვლენების გაზღაპრებისა. ,,ბატონების’’ ტრადიციაც ადამიანის მხიარული თამაშია სიკვდილთან, შექმნილისა და შემქმნელის პაექრობის დაუსრულებელი მითი, სადაც მხოლოდ ერთი გაიმარჯვებს.
მე კი ერთი წლის წინ ნანახმა ,,ბატონების ხემ’’ იგივე მორთულობით, ბავშვობის პირველ გაოცებასთან დამაბრუნა. გამაკვირვა ერთხელ დამკვიდრებული ადათ-წესების უცვლელობამ იმ დროის მანძილზე, რაც ბავშვობიდან დღემდე გავიდა“ - რიტა
გამოფენა „ბატონები“ რიტა ხაჩატურიანის მიერ დანახულ და შექმნილ მისტიურ და ზღაპრულ სამყაროში გვამოგზაურებს. გახსნა: პარასკევი, 10 მაისი, 19:00 სთ. გამოფენა 30 მაისამდე გასტანს
მისამართი: დანიელ ჭონქაძის ქუჩა #14, თბილისი
ტელ: 032 293 42 86
www.vandaart.gallery

ქოლგა თბილისი ფოტო 2019

2019.05.05-2019.05.12

საქართველოს ეროვნული მუზეუმი 5-12 მაისს მასპინძლობს KOLGA TBILISI PHOTO 2019-ის ფოტოგამოფენებს.
გრაციანო არიჩი - ვენეციური ამბები
გამოფენის გახსნა: 5 მაისი | 19:00
გამოფენის კურატორი: თინა შელჰორნი
მისამართი: ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8
ვიგენ ვართანოვი
გამოფენის გახსნა: 5 მაისი | 19:00
მისამართი: ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8
კუნძულის ამბები - ქეით მელორი, ოსამუ ჯეიმს ნაკაგავა, მარკ რადერი, სანე დევილდე / NOOR
გამოფენის გახსნა: 5 მაისი | 19:00
გამოფენის კურატორი: თინა შელჰორნი
მისამართი: ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8
პლანეტა თუ პლასტმასა?
გამოფენის გახსნა: 8 მაისი | 19:00
გამოფენის ორგანიზატორი: National Geographic Magazine საქართველო
მისამართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3

Tabula Rasa. გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი: 20 წელი საქართველოში

2019.05.04-2019.06.29

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, კუნსტჰალე თბილისი და გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში წარმოგიდგენთ გაბრიელა ფონ ჰაბსბურგის ქანდაკებების გამოფენას „Tabula Rasa. გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი: 20 წელი საქართველოში".

გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი ხელოვანი და დიპლომატია. ის 2009 - 2013 წლებში იყო საქართველოს ელჩი გერმანიაში. ამჟამად კი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორია.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეზოში წარმოდგენილია ხელოვანის სხვადასხვა პერიოდში შესრულებული შვიდი აბსტრაქტული ქანდაკება. ფონ ჰაბსბურგი, ძირითადად უჟანგავი ფოლადის მასალით მუშაობს და ამ მედიუმში შესრულებული გეომეტრიული ფორმების სხვადასხვა ვარიაციაში განლაგებით ქმნის თავისი ნამუშევრების ვიზუალურ ენას.
გამოფენაში მასთან ერთად მონაწილეობს VA[A]DS-ის ოთხი სტუდენტი (თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლა): გიორგი გელაძე, გიორგი ვარდიაშვილი, სალომე ჩიგილაშვილი და ლიზა ცინდელიანი

გამოფენა Tabula Rasa იკვლევს პარალელებს გაბრიელა ფონ ჰაბსბურგისა და სტუდენტების ნამუშევრებს შორის. ხელოვანისათვის საქართველო არის ქვეყანა საკუთარი, განსხვავებული სახელოვნებო იდენტობით, რომელიც დამოუკიდებელია დასავლური ხელოვნების კონტექსტისგან და სადაც მას შესაძლებლობა ეძლევა შექმნას ნამუშევრები ამ "სუფთა ფურცელზე". ფონ ჰაბსბურგის მსგავსად გამოფენაში მონაწილე ახალგაზრდა ხელოვანები, რომლებიც მხოლოდ ახლა იწყებენ შემოქმედებით ცხოვრებას, იმპულსებს ყოველდღიური გარემოსაგან იღებენ და არ განიცდიან წინამორბედ შემოქმედთა გავლენას.

გამოფენისათვის სალომე ჩიგილაშვილმა შექმნა სამგანზომილებიანი ინსტალაცია საუნდით; ლიზა ცინდელიანის ფოლადის სკულპტურა ეხმიანება მუზეუმის ეზოს სივრცეს. გიორგი ვარდიაშვილმა ხარაჩოებისგან ტრიუმფალური თაღი ააწყო, რომელიც სამშენებლო ბადითაა შეფუთული; ხოლო გიორგი გელაძემ სამშენებლო მასალით ბანერის მასალაზე დახატვით შექმნა ნამუშევარი.
გამოფენას თან ერთვის კატალოგი კიმბერლი ბრედლის და სოლ ანტონის ტექსტით.
გამოფენის კურატორია ირინა პოპიაშვილი.
გამოფენის გახსნა:4 მაისი, 18:00-20:00 საათი
ხანგრძლივობა: 4 მაისი-29 ივნისი, 2019
მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ეზო, შოთა რუსთაველის გამზ. 3

ქეთი დავლიანიძე - "გაზაფხული აფხაზეთში"

2019.05.04

ქეთი დავლიანიძის
ნახატების გამოფენა „გაზაფხული აფხაზეთში“
სასტუმრო სტამბაში
04.05.2019
მხოლოდ ერთი დღე!
11:00-11:00
„აფხაზეთი“
ექსპოზიციაში წარმოდგენილია :
ბიჭვინთა 400x230 ტილო ,აკრილი
სოხუმის ბულვარი 400x230ტილო ,აკრილი
რიწის ტბა 400x230 ტილო, აკრილი
გაგრიფში 400x230 ტილო, აკრილი


პერფორმანსი
რომელიც გამოფენის პარალელურად გამართება ჩვენში მივიწყებული ემოციების გამოღვიძებას, გულგრილობისა და აპათიის გადალახვას ემსახურება. ქეთი დავლიანიძის ერთერთი ფერწერული ტილო რუსთაველის ქუჩაზე გაისეირნებს. გამოფენა თავად მივა დამთვალიერებელთან. შეახსენებს მას დიდი ხნის მივიწყებულ, ან ხელოვნურად დათრგუნულ გრძნობებს. გამვლელებისა და ნახატის შეხვედრას, ამ აქტით გამოწვეულ რეაქციებსა და ემოციებს ვიდეოკამერა ასახავს. ამ მასალისგან 3 წუთიანი ვიდეო შიქმნება. დავიწყების ბურუსიდან მოგონებების , პეიზაჟებისა და ემოციების გამოძახება ერთადერთი გზაა, რომელიც მხატვრისთვისაა ხელმისაწვდომი მისი წილი აფხაზეთის დასაბრუნებლად.


დასწრება უფასოა

ავთანდილ გახოკიძე - ,,ოქროს ეროსი'

17.04.2019
-ავთანდილ გახოკიძის ფერწერული სერია
სერია ეხება მხატვრობას, ზოგადად ხელოვნებას, მის წარსულსა და დღევანდელობას, - ისეთ თემებს, როგორიცაა კლასიკა, ბერძნული ცივილიზაცია თავისი თეოგონიით, აპოლონითა და მუზებით, აფროდიტეთი (Venus) და ზღვის ქაფით, დანაეთი და ოქროს წვიმად გარდაქმნილი ზევსით და რა თქმა უნდა, ეროსით, მისი ყოვლისმომცველი ძალით.

ავთანდილ გახოკიძე თავისი მხატვრობის თემად პირადულ, ინტიმურ გამოცდილებებს იღებს, რომელთაც ხელოვნების ისტორიაში თავისი მხატვრული შესატყვისები მრავლად აქვთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ოდესმე ისინი ვინმესთვის შთაგონების წყაროდ აღარ გადაიქცევიან.

პორტრეტების სერია ნატურალისტურად გამოსახულ არტისტულ პერსონაჟებს წარმოადგენს ხაზგასმული ეროტიზმით, სხეულის პლასტიკით, სიშიშვლით, გენიტალიებით, ანდროგინული იდენტობით. დეკორატიული მოტივები როგორც ფონებად, ისე დამოუკიდებელ ნამუშევრებად - ხალიჩა, ყვავილები, ფოთლები, ლეოპარდის მოხატულობა, ოქროს წვიმის ბადე,- პერსონაჟების რეპრეზენტაციას დრამატულსა და ექსტრავაგანტულს ხდის.

ავთანდილ გახოკიძის წინააღმდეგობრივი, ერთგვარად პროვოკაციული სტილი, სადაც ციტირებები დასავლური მხატვრობის ისტორიიდან თანამედროვე სამყაროსთვის სახასიათო ვიზუალურ სანახაობრიობასთან იკვეთება, მას დღეისთვის ერთ-ერთი პოპულარული ტენდენციის წარმომადგენლად აქცევს. საუბარია გლობალიზაციის პროცესებით განპირობებულ არტისტულ ექსპერიმენტებზე, სადაც სხვადასხვა კონტექსების გამოცდილებები ხვდება ერთმანეთს მხატვრულ ჰიბრიდებში, როგორსაც იინკა შონიბარე ან კიანდე უიალი ქმნიან. ამ ხელოვანებთან მხატვრული ფორმა დასავლური ხელოვნების ისტორიისა და აფრიკული თუ აფრო-ამერიკული გამოცდილებების სინთეზით იქმნება და პოსტ-კოლონიალური კრიტიკითა და ნაციონალური იდენტობების აქცენტებით არის განპირობებული. ავთანდილ გახოკიძის მხატვრულ ჰიბრიდებს ისტორიით, აკადემიური გამოცდილებით დაკანონებული მოდელების თავისუფალი მანიპულირება ქმნის, მათი დეკონსტრუქცია, კიტჩურ ელემენტებთან გაერთიანება და განზოგადებული ფორმის უკიდურესად კონკრეტულ იდენტობაში მოქცევა.

ხათუნა ხაბულიანი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. 2019


გამოფენის გახსნა-17 აპრილი; 19:00
მისამართი: ათონელის 27/ სანაპიროს 4
გამოფენა გაგრძელდება 5 მაისამდე

ბესო კობახიძე და ალეკო ესვანჯია - ,,სა(დ)ზღვარი'

05.04.2019-24.04.2019

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ ბესო კობახიძისა და ალეკო ესვანჯიას ნამუშევრების გამოფენას „სა(დ)ზღვარი" თბილისის ისტორიის მუზეუმში.
გამოფენა მოიცავს კონცეპტუალური იდეით გაერთიანებული ორი ხელოვანის მიერ შესრულებულ ნამუშევრებს სხვადასხვა მედიაში - ფერწერა, სკულპტურა, გრაფიკა - შემოქმედებითი აზროვნების საზღვრის უსასრულობა მთავარ თემად გვესახება.
ავტორთა კონცეფციის თანახმად, ხელოვნებას არ გააჩნია დრო, საზღვრები, ენა, ეროვნება, სქესი და მხოლოდ ემოციის ჯაჭვით გადაეცემა ერთიდან მეორეს. თანამდროვე ხელოვნების მოქნილობის წყალობით, ხელოვნებასა და ადამიანების ყოველდღიურობას შორის საზღვრები თითქმის წაიშალა. ავტორთა ამოცანად იქცა დაკვირვება იმაზე, თუ სად გადის ზღვარი ყოველდღიურ ცხოვრებასა და შემოქმედებას შორის. მუდმივად მოძრაობს ხელოვანი „ხელოვნების სიგიჟის" ზღვარზე, კვეთს მას ან გარკვეული ინერციით მიჰყვება გზას.
ავტორთა სურვილია, უფრო გარკვევით დავინახოთ საზღვრები, გადაკვეთის წერტილები და განსხვავებები, რაც აერთიანებს მათ შემოქმედებას. გამოფენა ნათლად გვიჩვენებს თანამდეროვე შემოქმედების შესაძლებლობათა მრავალფეროვნებას, გზას, რომელიც ემოციით წარმართავს ხელოვნების დღევანდელ დღეს.
გამოფენის გახსნა: 5 აპრილი, 2019 | 18:30 საათი
გამოფენის ხანგრძლივობა: 5-24 აპრილი, 2019
მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქუჩა 8

ლევან მოსიაშვილი - ,,გზა თავისუფლებისაკენ'

06.04.2019 - 30.06.2019

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ ლევან მოსიაშვილის ნამუშევრების გამოფენას „გზა თავისუფლებისაკენ“ სიღნაღის მუზეუმში.
ლევან მოსიაშვილმა დაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სატყეო ფაკულტეტი, დაეუფლა თეატრის რეჟისორის პროფესიას, მოიპოვა ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის აკადემიური ხარისხი და გრძელი გზა განვლო კახური პეიზაჟების შექმნიდან კუბიზმსა და აბსტრაქციამდე. უკვე ოცი წელია, მხატვრობა მისი ერთადერთი პროფესიაა, თუმცა ხელოვნების ამ დარგში აკადემიური განათლება არასოდეს მიუღია. ხელოვანი თამამია ფერთა შეხამებაში, გამოხატვის ფორმებში და საკუთარ ვნებად მთას მიიჩნევს.
მხატვრის შემოქმედებაში ოთხი განსხვავებული ეტაპი იკვეთება. შთაგონების პირველი წყარო მშობლიური კახეთია. კახელი გლეხების ყოფა-ცხოვრება, მათი ტკივილი, ლხინი თუ საზრუნავი ამ პერიოდის ნამუშევრების ძირითადი თემატიკაა. ლევან მოსიაშვილის შემოქმედების მეორე ეტაპი მთლიანად თბილისს მიეძღვნა.
შემოქმედების ქართული პერიოდის შემდეგ ლევან მოსიაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა საფრანგეთში გაგრძელდა, რამაც მხატვრის ფერები და სტილი შეცვალა და კუბიზმისადმი მისი დაინტერესება გამოიწვია. ბოლო ორი წელია მხატვარი „ფილოსოფიური აბსტრაქციით” არის გატაცებული და მიიჩნევს, რომ პიროვნული თავისუფლების გამოხატვის მწვერვალზეა.
ლევან მოსიაშვილმა მრავალ საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა. მისი პერსონალური გამოფენები მოეწყო ლიონში, პარიზში, ნიცასა და ტულუზაში, პერუჟის, ტურნეფოისა და ვერდიეს საგამოფენო სივრცეებში. მხატვრის ნამუშევრები კი მსოფლიოს მრავალი ქვეყნის კერძო კოლექციასა და გალერეაში ინახება. მათ შორისაა: საქართველო, საფრანგეთი, რუსეთი, აშშ, გერმანია, შვეიცარია, იტალია, ურუგვაი, ვენესუელა, იაპონია და სხვა.
გამოფენა ხორციელდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ფრანგულ-ქართული კულტურის ასოციაცია "La Georgie au centre"-ს ორგანიზებით და სიღნაღის მერიის მხარდაჭერით.


მისამართი: სიღნაღის მუზეუმი, შ. რუსთაველის ჩიხი 8. სიღნაღი, საქართველო
გამოფენის გახსნაზე დასწრება თავისუფალია!
***
◆ მუზეუმი მუშაობს ყოველდღე ორშაბათის გარდა, 10:00-დან 17:30 საათამდე.
მომდევნო დღეებში შესასვლელი ბილეთის საფასური:
მოზრდილი 5 ლარი;
სტუდენტი 1 ლარი;
სკოლის მოსწავლე 50 თეთრი;
პენსიონერი 50 თეთრი;
ბავშვი 6 წლამდე უფასო;
*ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია ელექტრონულად ვებგვერდზე: Biletebi.ge
შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა: ICOM-ის წევრებისთვის, მუზეუმის მეგობრებისთვის, საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებულთათვის.

ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების გამოფენა ესტონეთში

23.03.2019 - 11.08.2019

ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრები ქალაქ დიუსელდორფის ხელოვნების მუზეუმის შემდეგ (K20-Kunstsammlung NRW) ტალინში, ესტონეთის ხელოვნების მუზეუმში (Mikkel Museum) გამოიფინება სახელწოდებით - Pirosmani: The World of a Lonely Genius.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციიდან წარმოდგენილი იქნება ნიკო ფიროსმანაშვილის მიერ შესრულებული დიპტიქი „ორთაჭალის ტურფა" და „ნატურმორტი დოშებით". ესტონეთის ხელოვნების მუზეუმში ასევე გამოიფინება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის (სოფ. მირზაანი) კოლექციაში დაცული მხატვრის ორი ნამუშევარი - „მალაკნების ქეიფი" და „ხილის დუქანი".
გამოფენის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმი (სოფ. მირზაანი), საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს საელჩო ესტონეთში.
გამოფენის ხანგრძლივობა: 23 მარტი - 11 აგვისტო, 2019

ეზოთერიკოსი დე კირიკო.მოგზაური ორ სამყაროს შორის

27 მარტი 2019 – 27 მაისი 2019


საქართველოს ეროვნული მუზეუმი და იტალიის საელჩო საქართველოში აგრძელებენ იტალიური გამოფენების ციკლს და 27 მარტიდან წარმოგიდგენთ მეტაფიზიკური მხატვრობის ფუძემდებლის - ჯორჯო დე კირიკოს (1888-1978) ნამუშევრების გამოფენას დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში.
სიურრეალიზმის ერთ-ერთ უდიდეს წინაპირობად დე კირიკოს მეტაფიზიკური ფერწერაა მიჩნეული. მხატვარი ქალაქების სტრუქტურას, სახლების არქიტექტურას, კვადრატებს, ბაღებს, საჯარო მსვლელობებს, კარიბჭეებსა თუ რკინიგზის სადგურებს გადმოსცემს კაშკაშა განათების, მკვეთრი ჩრდილებისა და მკაფიო ფერების მეშვეობით და თითქოს მარადიული ფორმების იდეალს ამკვიდრებს. მხატვრის ნამუშევრებში ხშირად ჩანს ანტიკური და რენესანსული მოტივები.
იტალიელი ხელოვანი თავის შემოქმედებაში იყენებს ეზოთერიზმის პრინციპებს და გულგრილი ვერ რჩება ენიგმატური შინაარსის მქონე მიმდინარეობის მიმართ - მან შეძლო უსულო საგნების საიდუმლო მნიშვნელობით გაჯერება, რაც კარგად ჩანს მის პირველივე მეტაფიზიკურ ნამუშევარში „შემოდგომის შუადღის ენიგმა" (The Enigma of an Autumn Afternoon").
გამოფენისთვის - „ეზოთერიკოსი დე კირიკო. მოგზაური ორ სამყაროს შორის" შეირჩა 1920-1970-იან წლებს შორის შექმნილი თხუთმეტი ნამუშევარი. ექსპოზიცია თვალნათლივ გვიჩვენებს, რომ დე კირიკოს ყველაზე „ნატურალისტური" ნამუშევარიც კი ყოველთვის სიურრეალისტურ სამყაროზე მიანიშნებს.
საქართველოში იტალიური გამოფენების კოორდინატორია იტალიის საელჩო საქართველოში.
გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები
გამოფენის ხანგრძლივობა: 27 მარტი - 27 მაისი, 2019
მისამართი: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შ. რუსთაველის გამზირი

თუთუ კილაძის გამოფენა "კრიპტოგრამა"

09 მარტი 2019 – 12 აპრილი 2019



საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ თუთუ კილაძის რეტროსპექტულ გამოფენას „კრიპტოგრამა" თბილისის ისტორიის მუზეუმში.
გამოფენაზე დამთვალიერებელი იხილავს აბსტრაგირებულ სახეებს, კოლაჟის ტექნიკაში შესრულებულ ნამუშევრებსა და ინსტალაციებს. ეს არის ამბავი - წერილი ავტორის შინაგანი, ეგზისტენციალური ძიებების შესახებ, რომელიც ამჯერად საჯაროდაა ნაჩვენები, თუმცა ამოსაცნობია როგორც პიქტოგრამა.
გამოფენა დაყოფილია რამდენიმე ნაწილად - მნახველს საშუალება ექნება თვალი გაადევნოს მხატვრის შემოქმედებით დინამიკას, გაეცნოს მხატვრის სახელოსნოსა და მის პირად სივრცეს.
მხატვრის ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
გამოფენის გახსნა: 9 მარტი, 2019 | 16:00 საათი
გამოფენის ხანგრძლივობა: 9 მარტი - 12 აპრილი, 2019
მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქუჩა 8

ნიკო ფიროსმანაშვილის შედევრები დიუსელდორფის ხელოვნების მუზეუმში

10.11.2018 - 10.03.2019

2018 წლის 10 ნოემბრიდან 2019 წლის 10 მარტამდე გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფის ხელოვნების მუზეუმში „K20-Kunstsammlung NRW" ნიკო ფიროსმანაშვილის ხუთი სურათი გამოიფინა.
მხატვრის ნამუშევრები დიუსელდორფის მუზეუმში წარმოდგენილია მოდერნიზმის გამოფენის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა „Museum global -Microhistories of an Ex-centric Modernism".
დიუსელდორფის ხელოვნების მუზეუმში ექსპონირებულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის (სოფ. მირზაანი) კოლექციიდან მხატვრის ორი ნამუშევარი - „მალაკნების ქეიფი" და „ხილის დუქანი"; ასევე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციიდან ნიკო ფიროსამანაშვილის მიერ შესრულებული დიპტიქი „ორთაჭალის ტურფა" და „ნატურმორტი დოშებით".
დიუსელდორფის ხელოვნების მუზეუმის გამოფენა მოიცავს 1910-1960 წლების პერიოდს და ნიკო ფიროსმანაშვილის სურათებთან ერთად, წარმოდგენილია პიკასოს, ლეჟეს, მოდილიანის, კანდინსკის, შაგალის და სხვათა ნამუშევრებს. აღნიშნულ გამოფენაზე დამთვალიერებელი გაეცნობა როგორც დიუსელდორფის ხელოვნების მუზეუმის, ასევე მსოფლიოს ცხრა ქვეყნის სხვადასხვა მუზეუმის ექსპონატებს.
გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია 1969 წელს გიორგი შენგელაიას მიერ გადაღებული მხატვრული ფილმი „ფიროსმანი".
გამოფენის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

ნიკო ფიროსმანი/მოხეტიალე სამყაროს შორის

02. 03.2019 – 01.06.2019


2 მარტიდან, ქალაქ არლში მდებარე ვინსენტ ვან გოგის მუზეუმი ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს.
ექსპოზიციაზე იხილავთ მხატვრის 29 ნამუშევარს საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან და ვინსენტ ვან გოგის მიერ 1884-1889 წლებში შესრულებულ ნამუშევრებს. მათ შორისაა: „არლელი ქალბატონი", „ხის მჭრელი", „ფეხსაცმელები", „მთესავი ჩამავალი მზის ფონზე".
გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ილია ზდანევიჩის ხელნაკეთი წიგნი სახელწოდებით „ფიროსმანაშვილი 1914" პარიზის ზდანევიჩის ფონდიდან. წიგნში შესულია პაბლო პიკასოს მიერ შესრულებული გრავიურა - „ფიროსმანის პორტრეტი". ასევე, მხატვრის შემოქმედებით შთაგონებული, ჩვენი დროის საუკეთესო თანამედროვე არტისტთა ნამუშევრები. მათ შორისაა ცნობილი იაპონელი არქიტექტორის ტადეო ანდოს მიერ სპეციალურად ფიროსმანისადმი მიძღვნილი მაგიდა სახელწოდებით "Table Of Pirosmani". არლის მუზეუმი ჯორჯ ბაზელიცის, იოშიტომო ნარას, ანდრო ვეკუას, შირანა შაბაზის, კრისტინა ფორერის, ადრიან გენისა და რაფაელა ვოგელის ამავე პროექტის ფარგლებში შექმნილ ნამუშევრებსაც დაეთმობა.

წითელი ტერორი და ქართველი მხატვრები

11 დეკემბერი 2018 – 01 მარტი 2019
საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ გამოფენას „წითელი ტერორი და ქართველი მხატვრები" სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში.

გამოფენა „წითელი ტერორი და ქართველი მხატვრები" წარმოადგენს რეპრესირებული მხატვრების შემოქმედებას და იმ ზოგად ატმოსფეროს, რომელიც 30-40-იანი წლების ქართულ სახელოვნებო რეალობაში სუფევდა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება დიმიტრი შევარდნაძის, პეტრე ოცხელის, ჰენრიკ ჰრინევსკის, რიჰარდ ზომერის, კირილ ზდანევიჩის, ვასილ შუხაევის, ელენე ახვლედიანის, ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძის, უჩა ჯაფარიძის, ალექსანდრე ბაჟბეუკ-მელიქოვის, კორნელი სანაძის და სხვათა ნამუშევრები. პირველად გამოიფინება ვახტანგ კოტეტიშვილის ქანდაკებები საქართველოს ეროვნული მუზეუმის და მოქანდაკის ოჯახის კოლექციიდან. ნაჩვენები იქნება უნიკალური საარქივო კადრები.

მისამართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ. 3

ლეონარდო /ფერწერული ნამუშევრების ციფრული რეპროდუქციები

27.02. 2019 – 29.03.2019

საქართველოს ეროვნული მუზეუმი უერთდება ლეონარდო და ვინჩის გარდაცვალებიდან 500 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ციკლს და წარმოგიდგენთ მულტიმედიურ საგანმანათლებლო პროექტს „ლეონარდო - Opera Omnia", სადაც დამთვალიერებელი იხილავს ლეონარდოს ფერწერული ნამუშევრების ციფრულ რეპროდუქციებს.
სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ერთ საექსპოზიციო სივრცეში გამოიფინება მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში დაცული ლეონარდო და ვინჩის 17 ფერწერული ნამუშევრის რეალური ზომისა და მაღალი რეზოლუციის ციფრული რეპროდუქციები.
მულტიმედიურ გამოფენას იტალიის საზღვრებს გარეთ, დამთვალიერებელი პირველად სწორედ თბილისში იხილავს, შემდეგ კი სხვა ქვეყნებში განაგრძნობს მოგზაურობას. ლეონარდოს გამოფენა Rai.Com-ის მიერ ჩაფიქრებული და განხორციელებული პროექტია და წარმოადგენს 2017 წელს ეროვნულ გალერეაში გამართული კარავაჯოს მულტიმედიური ექსპოზიციის ანალოგს. თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით შექმნილი პროექტი Opera Omnia ანუ „წარმოუდგენელი გამოფენა" ხელოვნებასა და ტექნოლოგიებს, წარსულსა და მომავალს ერთმანეთთან აკავშირებს.
საქართველოში იტალიური გამოფენების კოორდინატორია იტალიის საელჩო საქართველოში. აღნიშნული გამოფენების ციკლი ორი ქვეყნის სხვადასხვა ინსტიტუციას შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია: იტალიის მხრიდან - საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო, საქართველოს მხრიდან კი - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია და ეროვნული მუზეუმი.
წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე, სკოლის ჯგუფებისთვის დასწრება თავისუფალია.
სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ. 3

ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენა ალბერტინას მუზეუმში

26.10.2018 – 27.01.2019


საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცულ ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრებს ვენის ალბერტინას მუზეუმი უმასპინძლებს.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 29 ნამუშევარი საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან. ასევე, ილია ზდანევიჩის ხელნაკეთ წიგნს სახელწოდებით „ფიროსმანაშვილი 1914" პარიზის ზდანევიჩის ფონდიდან. აღნიშნულ წიგნში შესულია პაბლო პიკასოს მიერ შესრულებული გრავიურა - „ფიროსმანის პორტრეტი". ვენაში, ალბერტინას მუზეუმში ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენა, მხატვრის გარდაცვალების 100 წლისთავს ეძღვნება. პროექტის ფარგლებში, ასევე პირველად გამოიფინება ცნობილი იაპონელი არქიტექტორის ტადაო ანდოს მიერ სპეციალურად შექმნილი მაგიდა სახელწოდებით "Table Of Pirosmani", რომელიც, სწორედ, მხატვრის ხსოვნას ეძღვნება.
აღსანიშნავია, რომ გამოფენის ფარგლებში, ალბერტინას მუზეუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე, მხატვრის შემოქმედებით შთაგონებულ, ჩვენი დროის საუკეთესო თანამედროვე არტისტთა ნამუშევრებსაც მასპინძლობს. ავტორთა შორის არიან: ადრიან გენი, ჯორჯ ბაზელიცი, იოშიტომო ნარა და ანდრო ვეკუა.

დიდოსტატები ეროვნული მუზეუმის კოლექციებიდან

26.02.2019 - 29.02.2020

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში წარმოგიდგენთ გამოფენას „დიდოსტატები ეროვნული მუზეუმის კოლექციებიდან".
გამოფენაზე დამთვალიერებელი იხილავს XIX საუკუნის II და XX საუკუნის I ნახევრის ქართული სახვითი ხელოვნების ნიმუშებს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმისა და თბილისის ისტორიის მუზეუმის კოლექციებიდან.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია გიგო გაბაშვილის, მოსე თოიძის, ვალერიან სიდამონ-ერისთავის, ალექსანდრე ციმაკურიძის, ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვის, დიმიტრი შევარდნაძის, სერგო ქობულაძის, ირინა შტენბერგის, მიხეილ ბილანიშვილისა, ფელიქს ვარლამიშვილისა და თამარ აბაკელიას ნამუშევრები - იმ მხატვრების შემოქმედება, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს XX საუკუნის ხელოვნებას საქართველოში.
XIX-XX საუკუნის სახვითი ხელოვნების ფართო სპექტრით წარმოჩენა ცხადყოფს ქართული მხატვრული სკოლის მრავალფეროვნებას, ევროპულ თანადროულ მხატვრობასთან მის მიმართებას და ამავე დროს მკვეთრად გამოხატულ ეროვნულ თავისებურებას.
აღნიშნული გამოფენა, ეროვნულ გალერეაში მიმდინარე სხვა გამოფენებთან („ეროვნული გალერეის მუდმივმოქმედი ექსპოზიცია", „ქართული ხელოვნების ოსტატები") ერთად, ქართული მხატვრობის განვითარების საერთო სურათის სრულად აღქმის საშუალებას გვაძლევს.
მისამართი: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შ. რუსთაველის გამზ.11

ევოლუცია & დეკადანსი

22.02.2019-04.03.2019
საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ სანდრო დალაქიშვილისა და ნინა პერის გამოფენას - ევოლუცია & დეკადანსი თბილისის ისტორიის მუზეუმში.
პროექტი - ევოლუცია & დეკადანსი მულტიმედიური ფორმატისაა, რომელიც მოიცავს სკულპტურულ ინსტალაციას, ფერწერულ ნამუშევრებსა და გრაფიკას. ხელოვანებმა შეარჩიეს თემა, რომელსაც ჩვენი დროის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად თვლიან და ეხება ცივილიზაციის პრობლემებს, თანამედროვე ადამიანის ეგზისტენციალურ ღირებულებებს.

ნინა პერი და სანდრო დალაქიშვილი საქართველოში რამდენიმე წლის წინ დაბრუნდნენ და აქტიურად მოღვაწეობენ საერთაშორისო პროექტებში. მათი შემოქმედებითი კარიერა 1990-იანი წლებიდან პარიზში ერთ-ერთ გალერეასთან კონტრაქტით დაიწყო, რომელიც წარმატებული აღმოჩნდა თანამდევი გამოფენებითა და შექმნილი ნამუშევრების რაოდენობით.

პროექტის კონსულტანტი: ხათუნა ხაბულიანი

მისამართი: იოსებ გრიშაშვილის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქუჩა #8

ტატო ახალკაციშვილი / ხავერდის მზე

15.02.2019-05.05.2019


ტატო ახალკაციშვილის შემოქმედებითი გზა მუდმივი კვლევის პროცესია,რომელიც ზეგავლენას ახდენს აწმყოზე,სადაც ეს სამყარო და მასთან დაკავშირებული მოვლენები რეალობის საზღვრებს სცდებიან და იუღწევადი დროითი სისტემის არეალში ექცევიან.ახალკაციშვილის ნამუშევრები ძირითადად ფერწერულია,თუმცა მისი ექსპერიმენტები სხვა მხატვრულ ფორმებშიც ვლინდება.გამოფენა სახელწოდებით ,,ხავერდის მზე'' მოიცავს 11 წუთიან ვიდეოსა და ორ სკულპტურულ ინსტალაციას.

თემა,რომელსაც ხელოვანი ნამუშევრებში აერთიანებს,უცვლელი რჩება ნებისმიერ მედიუმში,და ყოველ ჯერზე,ხელახალი ძიება მიყავს იმ ადგილამდე,რომელიც საბოლოოდ მიუღწეველია.ახალკაციშვილი მიზნად ისახავს იმ არასივრცობრივი წერტილის ან იმ არა დროითი მომენტის მიგნებას,რომელშიც წარსული და აწმყო ერთმანეთს ეხებიან,სადაც ფსიქოლოგიური კავშირები,ჩვენს ქვეცნობიერ მეხსიერებასთან ერთად,დაკავშირებულია აწმყო მოქმედებებთან,ან ყოველდღიურად არჩევანის განცორციელებასთან,რომელთა საფუძველი მემკვიდრეობით მიღებული მძიმე გამოცდილებებია.რა თქმა უნდა,ამ ტიპის კვლევა-ძიება ინსტიქტურად დაკავშირებულია სოციოლოგიურ და პოლიტიკურ დინამიკასთან,რაც ახასიათებს საქართველოსა და სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნების უახლეს ისტორიას,ურთიერთობებს ამ ერებს შორის,რომელთაც გაურკვეველი აწმყო და უტოპიური მომავალი აქვთ.მისი ყურადღება კონცენტრირებულია ამავე ერების ცხოვრების წესზე ,,რეჟიმის'' პირობებში,უკიდურესად მძიმე პოლიტიკური ცვლილებების ფონზე.

გამოფენის კურატორია დომენიკო დე კირიკო.
გალერეა ერთი,ინგოროყვას N19,თბილისი,საქართველო

კონკურსი საქართველოში მოღვაწე ხელოვანებისათვის - ძველი იდეების ახალი ლექსიკონი

გაცნობებთ, რომ აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი ჩართულია ევროკავშირის შემოქმედებითი ევროპის პროგრამის პროექტში „ძველი იდეების ახალი ლექსიკონი“ (The New Dictionary of Old Ideas).
პროექტის ფარგლებში გამოცხადებულია კონკურსი საქართველოში მოღვაწე ხელოვანებისათვის.
„ძველი იდეების ახალი ლექსიკონი“ მოიცავს საერთაშორისო თანამშრომლობას, კერძოდ, გაცვლითი სახელოვნებო რეზიდენციების პროგრამას და მოძრავი გამოფენების გამართვას პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად. პროექტის მთავარი თემაა ცენტრალური ევროპა - ფორმირება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, რომელიც საუკუნეთა მანძილზე გეოგრაფიული და პოლიტიკური ასპექტით ბევრჯერ შეიცვალა. ის შეეხება რეგიონული იდენტობის საკითხებს, რომლებიც დამუშავებული და განვითარებული იქნება უფრო უნივერსალურ/ზოგად დონეზეც.
სამუშაო ენა - ინგლისური.
დეტალური ინფორმაცია პროექტისა და კონკურსის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 31 იანვარი, 2019 / 18:00 საქართველოს დროით
შეკითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით მისამართზე silkmuseum.tbilisi@gmail.com

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის შემოქმედებითი ევროპის პროგრამის თანადაფინანსებით.
აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი
გ. ცაბაძის #6, 0112 თბილისი
+995 32 2 34 09 67
www.silkmuseum.ge

ფელიქს ვარლამიშვილის ნამუშევრების გამოფენა

23.01.2019-24.02.2019
საქართველოს ეროვნული მუზეუმი გიწვევთ ფელიქს ვარლამიშვილის (ვარლა) გამოფენის გახსნაზე დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში.
გამოფენაზე ფართო საზოგადოებისათვის პირველად იქნება წარმოდგენილი ავტორის 60-ზე მეტი ფერწერული ნამუშევარი საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და კერძო კოლექციებიდან.
ფელიქს ვარლამიშვილი (ვარლა) მე-20 საუკუნის ოციან წლებში საფრანგეთში ემიგრირებული ქართველი მხატვარია. დაიბადა ქუთაისში 1903 წელს, დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, 1928 წელს კი გაემგზავრა საფრანგეთში. მთელი ცხოვრების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა იმ პერიოდისათვის ცნობილ გამოფენებსა და სალონებზე, როგორც საფრანგეთში, ასევე სხვა მრავალ ქვეყანაში: არგენტინა, ბელგია, იაპონია, აშშ, ირანი. ვარლა გარდაიცვალა 1986 წელს პარიზში. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.
გამოფენის გახსნაზე გაიმართება ფელიქს ვარლამიშვილის პირველი ალბომის პრეზენტაცია
მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შ. რუსთაველის გამზ.11
ორგანიზატორები: გალერეა შარდენი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ლია ბაგრატიონი - "შეშლილი ჩაის სმა"

29.11.2018
საქართველოს ეროვნული მუზეუმი თბილისის ისტორიის მუზეუმში, პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა" ფარგლებში, წარმოგიდგენთ ლია ბაგრატიონის ნამუშევრების გამოფენას „შეშლილი ჩაის სმა". ლია ბაგრატიონის პერსონალური გამოფენა „შეშლილი ჩაის სმა“, თბილისის ისტორიის მუზეუმში, მხატვრის ბოლოდროინდელი ნამუშევრებისგან შექმნილი ექსპოზიციაა.

მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქუჩა 8.


უშანგი ხუმარაშვილი - "უშანგი ხუმა 70"

04.12.2018
საქართველოს ეროვნული მუზეუმი, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, წარმოგიდგენთ უშანგი ხუმარაშვილის საუბილეო გამოფენას „უშანგი ხუმა 70".

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის როგორც ადრეული, ისე უახლესი ნამუშევრები, მისი შემოქმედების ერთგვარი რეტროსპექტივა

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ. 11

ქართული ხელოვნების ოსტატები

10.10.2018-05.10.2019

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში წარმოგიდგენთ გამოფენას „ქართული ხელოვნების ოსტატები".
გამოფენაზე წარმოდგენილი მხატვრების - კირილე ზდანევიჩის, შალვა ქიქოძის, ქეთევან მაღალაშვილის და ელენე ახვლედიანის შემოქმედების ექსპოზიცია, ლადო გუდიაშვილისა და დავით კაკაბაძის ნამუშევრებთან ერთად, მთლიანობაში გვიჩვენებს ქართული მხატვრული სკოლის მრავალფეროვნებას და მის ესთეტიკას.



საქართველოს მხატვართა კავშირის საშობაო გამოფენა

08.01.2019-14.01.2019
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო სივრცე

საქართველოს მხატვართა კავშირი - ქართველ მხატვართა საშობაო გამოფენა








Search