ART.GOV.GE   >   არქივი   >   2017   

არქივი




ნანა ცინცაძის ნამუშევრების გამოფენა

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ ნანა ცინცაძის გრაფიკული ნამუშევრების პირველ დამოუკიდებელ გამოფენას იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში.


ნანა ცინცაძის გრაფიკა ფართო მასშტაბში პირველად წარსდგება დამთვალიერებლის წინაშე. ექსპოზიცია მოიცავს საერთო მხატვრული კონცეფციით გაერთიანებულ გრაფიკულ ნამუშევრებს, რომლებიც გამოირჩევა დახვეწილობით, ღრმა შინაარსითა და ექსპრესიული ხასიათით.


1972 წლიდან, ნანა ცინცაძე საქართველოს მხატვართა კავშირის წევრია. 1976-1993 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის განყოფილებას და დღემდე აგრძელებს პედაგოგიურ საქმიანობას. 1971 წლიდან მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში, საერთაშორისო ბიენალეებში, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ნანა ცინცაძე არის მრავალი პრემიის მფლობელი. მისი ნამუშევრები დაცულია ლუდვიგის მუზეუმში, (გერმანია) ხელოვნების მუზეუმში (თბილისი), საფრანგეთის, ბელგიის, პოლონეთის, რუსეთისა და იაპონიის კერძო კოლექციებში.


გამოფენის ფარგლებში გაიმართება ნანა ცინცაძის შემოქმედების ამსახველი წიგნის პრეზენტაცია.
გამოფენის გახსნა: 21 დეკემბერი, 18:00 საათი
გამოფენის ხანგრძლივობა: 21 დეკემბერი, 2017 - 10 იანვარი, 2018
მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქუჩა 8.




კარლო კაჭარავა დღეს

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ კარლო კაჭარავას პერსონალურ გამოფენას „კარლო კაჭარავა დღეს" დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში.


კარლო კაჭარავა მხატვარი, პოეტი და ხელოვნების კრიტიკოსი იყო. გამოფენა „კარლო კაჭარავა დღეს" მისი პოეზიის, კრიტიკული წერილების და მხატვრული შემოქმედების რამდენიმე ასპექტის გაერთიანების მცდელობაა. ამ გამოფენით ნამუშევრები, რომლებიც ტრადიციულად მისი თანამედროვეების - 80-იანელებისა და 90-იანი წლების დასაწყისის ხელოვანთა შემოქმედების ფონზე განიხილებოდა, სხვა კონტექსტით არის წარმოდგენილი. ის, რაზეც კარლო კაჭარავა თითქმის მეოთხედი საუკუნის წინ წერდა და ხატავდა, საზოგადოებისათვის დღესაც აქტუალურია და ეს პარალელები კარგად ჩანს იმ თანამედროვე ქართველი ხელოვანების ნამუშევრების მაგალითზეც, რომლებიც გამოფენაზე არის წარმოდგენილი.


ექსპონატების უმრავლესობა ტილოზე შესრულებული ნამუშევრებია. ერთი დარბაზი ეძღვნება კარლო კაჭარავას 1988 წლის ნახატს „გენერალი" და ამ თემაზე შექმნილ სხვა რომანტიკულ პორტრეტებს. მეორე დარბაზში განთავსებული ნახატები დღეს თბილისში მცხოვრები და მომუშავე სამი ახალგაზრდა ხელოვანის ნამუშევრებთან ერთადაა წარმოდგენილი. ამ სამი ხელოვანისა და კარლო კაჭარავას შემოქმედების დიალოგი ორივე მხარისათვის ახალ კონტექსტს ქმნის. კარლო კაჭარავა წერდა და ხატავდა 90-იანი წლების დასაწყისის სოციალურ თემებზე, დახურულ ფაბრიკებსა და ქარხნებზე. ნინო ქვირივიშვილის ვიტრინაში გამოფენილი ნივთების ინსტალაცია მიტოვებულ ქარხნებსა და ფაბრიკებში მომუშავე ხალხისა და მათი ოჯახების ისტორიის მემორიალია. კაჭარავას ნახატების პერსონაჟების ექსპრესიონისტული მკვეთრი ხაზებით დასერილი სახეებისა და სერიოზული გამომეტყველებების ეროტიკულობა ადვილად აღიქმება ლევან ჭელიძის ემოციურად შიშველი პორტრეტების გვერდით, ხოლო მისი ჯვარცმისა და გიორგი ხანიაშვილის „აღდგომის" დაპირისპირება რელიგიური თემის მიღმა ამ ავტორების უკიდურესი სულიერი მარტოობის განცდას დაგვანახებს.


2017 წლის გაზაფხულზე კარლო კაჭარავას ნამუშევრები ნიუ-იორკში გამართულ ჯგუფურ გამოფენაში იღებდა მონაწილეობას. გამოფენის ერთ-ერთ მიმოხილვაში ცნობილმა ამერიკელმა კრიტიკოსმა მის ნახატს კარენ კილიმნიკის პანკური შემოქმედების წინამორბედი უწოდა. ამერიკელმა აუდიტორიამ იქამდე უცნობი კაჭარავა ჟურნალ „არტფორუმის" საშუალებით სწორედ ამ ფრაზით და ვიზუალური მინიშნებით გაიცნო.


კარლო კაჭარავას პერსონალურ გამოფენაში ახალგაზრდა ხელოვანების ნამუშევრების ჩართვა მუზეუმის დამთვალიერებელს მსგავს ვიზუალურ და კონცეპტუალურ მინიშნებებს სთავაზობს.
გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება გურამ წიბახაშვილის ფოტოები, ნინო ქვრივიშვილის, ლევან ჭელიძისა და გიორგი ხანიაშვილის ნამუშევრები.
გამოფენის კურატორია ირინა პოპიაშვილი.
გახსნა: 20 დეკემბერი, 18:00
ხანგრძლივობა: 20 დეკემბერი, 2017 - 20 იანვარი, 2018
მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ.11

ზურა და სალომე გომელაურების პერსონალური გამოფენა

20 დეკემბერს, 19 საათზე, ხელოვნების სასახლეში თანამედროვე ქართველი ხელოვანების - ზურა და სალომე გომელაურების პერსონალური გამოფენა-გაყიდვა გაიხსნება.


ექსპოზიცია ორი დამოუკიდებელი ხელოვანის შემოქმედებას აერთიანებს და 60-მდე ფერწერულ ტილოსთან ერთად სალომე გომელაურის მიერ შექმნილ ვერცხლისა და მინანქრის აქსესუარებისაც მოიცავს.


თანამედროვე ხელოვანების სამყარო თვითმყოფადი და მეტად გამორჩეულია. მათ მიერ, თბილი ტონებითა და მეტაფორებით დახუნძლულ ტილოებზე მთავარი ყურადღება მითოლოგიურ სიმბოლოებს, ქართული ზღაპრების პერსონაჟებსა და ორნამენტებს ეთმობა. ერთი შეხედვით მარტივად შესრულებული, მაგრამ ამავე დროს ღრმა არსის მქონე ნამუშევრები დამთვალიერებელს ჰარმონიულ განწყობას უქმნის.


აღსანიშნავია, რომ ზურა გომელაურის ნახატები საქართველოს გარდა, აშშ-ს, გერმანიის, იტალიის, ინგლისისა და სხვა მრავალი უხცო ქვეყნის სახელმწიფო გალერეებსა თუ კერძო კოლექციებშია დაცული.


სალომე გომელაურის მოღვაწეობა ბავშვობის წლებიდან იწყება და მისი განვითარების ეტაპები კოსტიუმის დიზაინს, რამდენმე მოდის კვირეულში წარმატებულ მონაწილეობასა და ბოლო წლებში ვერცხლში შესრულებულ გამორჩეულ ხელნაკეთ ნივთებს აერთიანებს.
გამოფენა-გაყიდვა ხელოვნების სასახლეში ერთი კვირა გაგრძელდება.

მე-5 ოთახი - ნინო ჩუბინიშვილის პერსონალური გამოფენა

15 დეკემბერს, 19:00 სათზე აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში წარმოგიდგენთ ნინო ჩუბინიშვილის (ჩუბიკას) პერსონალური გამოფენას სახელწოდებით “მე-5 ოთახი”. “მე-5 ოთახი” 2017 წლის საქართველოს კულტურისა და ძეგლთადაცვის სამინისტროს კონკურსის - “თბილისსა და რეგიონებში გამოფენების ხელშეწყობა” - ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტია.

ექსპოზიცია სპეციალურად მოზადდა აბერეშუმის მუზეუმის სივრცესთან კავშირში, სადაც წამოდგენილი იქნება ავტორის მიერ სხვადასხვა მედიაში შესრულებული ახალი ნამუშევრები. ექსპოზიციით ავტორი მოგვითხრობს გარდასახვისა და ტრანსფორმაციის პროცესს ყოფითიდან წარმოსახვით რეალობამდე. სწორედ ამპროცესს აღწერს მხატვრის მიერ სკულპტურებით, ბგერით, ინტალაციითა და პროექციით წარმოდგენილი ექსპოზიცია. ეს არის მოგზაურეობა ცნოებიერების სხვადასხვა შრეებში.

ქართველი მხატვარი და დიზაინერი, ნინო ჩუბინიშვილი (ჩუბიკა) დაბადა 1969 წელს. ნინო ჩუბინიშვილის ნამუშევრები ქართული თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუშია. ავტორის შემოქმედების სპეციფიკა და მისი ხელწერა დიდწილად განაპირობა მისმა ადრეულმა ნამუშევრებმა მოდისა და თეატრალური მხატვრობის სფეროში. მისი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო არაეთ საერთაშორისო და ადგლობრივ გამოფენაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის ავტორისა და მისი ნამუშევრების შესახებ შეგიძლიათ ეწვიოთ ნინო ჩუბინიშვილის პერსონალურ ვებგვერდს: www.chubika.com

გამოფენა გაგრძელდება 2017 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით
აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი, მისამართი გ. ცაბაძის ქ. #6

პროექტი დაფინანსებულია საქართელოს კულტურისა და ძეგლთააცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის მიერ.

პროექტის პარტნიორები: აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი და თანამედროვე ხელოვნების ცენტრი - თბილისი

კურატორი: გიორგი სპანდერაშვილი

გივი თოიძის საიუბილეო - რეტროსპექტული გამოფენა

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ გივი თოიძის 85 წლის საიუბილეო-რესტროსპექტულ გამოფენას დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში.


გივი თოიძე ქართველ მხატვართა იმ თაობას ეკუთვნის, რომელიც აქტიურად გამოვიდა სახვითი ხელოვნების ასპარეზზე მე-20 საუკუნის 60-იან წლებში. როგორც არტისტი, გივი თოიძე ჩამოყალიბდა თავისი ბაბუის, დიდი ქართველი მხატვრის მოსე თოიძის სახელოსნოში.


გივი თოიძის მრავალმხრივი შემოქმედების თემებია ძველი თბილისი, საქართველოს კუთხეებისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის პეიზაჟები, ნატურმორტი, პორტრეტი, ჟანრული სურათები, მრავალფიგურიანი კომპოზიციები და მონუმენტური მხატვრობა. მისი ნამუშევრები გამოირჩევა თემატური და ჟანრობრივი მრავალფეროვნებით, ინტენსიური კოლორიტითა და მაჟორული გამით. ის იყენებს სხვადასხვა სამხატვრო ტექნიკას - ზეთი, ტემპერა, გუაში, აკრილი, პასტელი, ტუში, სანგინი და სხვა. მრავალმხრივი შემოქმედი გივი თოიძე თბილისისა და საქართველოს ისტორიის ერთგვარი მემატიანეცაა, რადგან მის ფერწერულ ტილოებსა თუ გრაფიკულ ნამუშევრებში ასახული მრავალი ხედი, სამწუხაროდ, დღეს უკვე აღარ არსებობს.


გივი თოიძე დღემდე აგრძელებს პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. მას მინიჭებული აქვს სახალხო მხატვრის წოდება, ასევე შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია ფრესკისთვის „დღესასწაული ხევსურეთში", დავით კაკაბაძის სახელობის პრემია, არის თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სამხატვრო აკადემიის პროფესორი, მინიჭებული აქვს კულტურის რაინდის წოდება.


გივი თოიძის ნამუშევრები დაცულია: ტრეტიაკოვის გალერეაში, აღმოსავლეთის ქვეყნების ხალხთა მუზეუმში (მოსკოვი, რუსეთი), პიტერ ლუდვიგის გალერეაში (გერმანია), ასევე მრავალ სხვა ქვეყანაში (აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთი, ესპანეთი, უნგრეთი და სხვ.), ასევე ინახება არაერთ კერძო კოლექციაშიც.


გამოფენა ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და თბილისის მერიის მხარდაჭერით.
გახსნა: 15 დეკემბერი, 19:00 საათი
ხანგრძლივობა: 15 დეკემბერი, 2017 - 16 იანვარი, 2018
მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ.11


 

გიგო გაბაშვილი 155

საქართველოს ეროვნული მუზეუმი გიწვევთ გიგო გაბაშვილის საიუბილეო-რეტროსპექტულ გამოფენაზე შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში.


გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის ჟანრობრივად მრავალფეროვანი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, მისი ფოტონამუშევრების ელექტრონული ვერსიები და ხელნაწერები. ექსპოზიციაზე ასევე იხილავთ მხატვრის სამუშაო ოთახის რეკონსტრუქციას მისი ავეჯითა და პირადი ნივთებით. ექსპონატთა ნაწილი პირველად იქნება გამოფენილი ფართო საზოგადოების წინაშე.


გიგო გაბაშვილის შემოქმედება, მისი სწრაფვა რეალისტური ხელოვნებისკენ, თავისი მასშტაბითა და ბუნებით ერთგვარად მოულოდნელადაც კი გამოიყურება იმ პერიოდის ქართული მხატვრობის ფონზე. დიდი შემოქმედებითი დიაპაზონის მხატვრის ფერწერა თემატური მრავალფეროვნებით ხასიათდება: ბატალური ჟანრი, პორტრეტი, პორტრეტი-ტიპი, ქალაქის სცენები, პეიზაჟი და ნატურმორტი.


მნიშვნელოვანია გიგო გაბაშვილის მიერ გრაფიკის ტექნიკით შესრულებული სურათების სერიები. ეს სურათები ფანტაზიებითა და ალეგორიებით, რელიგიურ-მითოლოგიური თემატიკით, ცოტაც ეროტიკული ზმანებებითაა გამსჭვალული, რითაც მხატვრის ისედაც მრავალფეროვანი შემოქმედება სრულიად განსხვავებული რაკურსით წარმოჩნდება.


გიგო გაბაშვილის მხატვრული აზროვნების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია მისი ფოტონამუშევრები - ფოტოგრაფირებისთვის იყენებდა იმ დროისთვის უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებს და წინასწარ, კინოკადრივით აგებდა კომპოზიციებს. აღსანიშნავია, რომ პირველი ფოტოკამერა მხატვარმა ილია ჭავჭავაძის დახმარებით შეიძინა.


უნდა აღინიშნოს გიგო გაბაშვილის კავკასიაში მოგზაურობა, სადაც შეაგროვა ეთნოგრაფიული მასალის უდიდესი კოლექცია. მხატვარმა მთელი თავისი ცხოვრება და შემოქმედება საკუთარ ხალხს და ქვეყანას მიუძღვნა. მხატვრის მდიდარი შემოქმედებითი მემკვიდრეობის უმეტესი ნაწილი, მისი ანდერძის თანახმად, მუზეუმს გადაეცა. გარკვეული ნაწილი კი საქართველოსა და უცხოეთის კერძო კოლექციებშია დაცული.
გახსნა: 14 დეკემბერი, 17:00 საათი
ხანგრძლივობა: 14 დეკემბერი, 2017 - 14 მარტი, 2018
მისამართი: შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლ. გუდიაშვილის ქ. 1

მიხაი ზიჩი საქართველოში

5 დეკემბერს, 11:30 -ზე, ხელოვნების სასახლეში ვეფხისტყაოსნის გამორჩეული ილუსტრატორის, მსოფლიოში აღიარებული უნგრელი მხატვრის მიხაი ზიჩის გამოფენა გაიხსნება.


პირველად საქართველოში ამ გამოფენისათვის, ბუდაპეშტიდან, უნგრეთის ეროვნული გალერეიდან, მხატვრის მიერ შექმნილი 6 ორიგინალი და 27 მაღალი ხარისხის ასლი გამოიფინება.


10 დღის მანძილზე, ხელოვნების სასახლეში, ქართველ დამთვალიერებელს უნიკალური შესაძლებლობა ექნება ნახოს და შეაფასოს საიმპერატორო კარის მხატვრის მიერ შექმნილი გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები.
გამოფენა თბილისში უნგრული კულტურის დღეებისა და საქართველო-უნგრეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად იმართება და იგი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, უნგრეთის საელჩოსა და ბუდაპეშტის ეროვნული გალერეის მხარდაჭერით ხორციელდება.
შოთა რუსთაველის რომანტიკული ეპოსის „ვეფხისტყაოსანი“ პირველი ნაბეჭდი ილუსტრირებული გამოცემა სწორედ მიხაი ზიჩს უკავშირდება. 1881 წელს, მოწინავე ქართველ ინტელიგენციის თხოვნით იგი საქართველოში ჩამოვიდა, ნაწარმოების თემაზე შვიდის ნაცვლად 34 ილუსტრაცია შექმნა და ქართველ ხალხს უსასყიდლოდ უსახსოვრა.

მხატვარი 1827 წელს უნგრეთში დაიბადა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ვენის სამხატვრო აკადემიაში ისწავლა. 1847 წლიდან მისი კარიერული აღმასვლა იწყება. ზიჩი რუსეთში საიმპერატორო კარის მხატვრად მიიწვიეს, სადაც რუსეთის ოთხი უკანასკნელი იმპერატორის მხატვარი გახადა და „მისი საიმპერატორო უდიდებულესობის" მხატვრის წოდება მიიღო.
გამოფენა ხელოვნების სასახლეში 15 დეკემბრამდე გაგრძელდება, ორიგინალები კი ბუდაბეშტში 6 დეკემბერს დაბრუნდება.

პეტრე ოცხელის გამოფენა

წელს, ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის, პეტრე ოცხელის 110 წლის იუბილეს ფარგლებში, თიბისი ბანკის მხარდაჭერით, მისი 30 ნამუშევრის რესტავრაცია დასრულდა.

30 ნოემბერს, თიბისი გალერეა, რესტავრირებულ ნამუშევრებთან ერთად საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმის კოლექციას უმანსპინძლებს.

აღდგენილი ესკიზების უმრავლესობა, ფართო აუდიტორიის წინაშე პირველად იქნება წარდგენილი.

მისამართი: თიბის ბანკის სათავო ოფისი, IV სართული

სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი 11:00 – 19:00
შაბათი 11:00 - 14:00

დასწრება თავისუფალია.

გიორგი გეგეჭკორის პერსონალური გამოფენა

29 ნოემბერს, 19 საათზე, ხელოვნების სასახლე გიწვევთ გოგი გეგეჭკორის პერსონალურ გამოფენის გახსნაზე.


ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ, 1995 წლიდან დღემდე შესრულებული ქართველ მეფეთა და საზოგადო მოღვაწეთა პორტრეტები.
აღსანიშნავია, რომ გამოფენაზე მოხდება პრეზენტაცია კატალოგისა „ქართველ მეფეთა გალერეა“, რომელიც მხატვრის 20-მდე ნამუშევარს აერთიანებს.
გოგი გეგეჭკორს მხატვრობისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ელენე ახვლედიანის სახელოსნოში ჩამოუყალიბდა. იაკობ ნიკოლაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემიასა შემდეგ, მხატვარმა მუშაობა საკავშირო სამხატვრო აკადემიის, ფერწერის შემოქმედებით სახელოსნოში დაიწყო. გაფორმებული აქვს სხვადსხვა ქარული სპექტაკლები. 1989 წლიდან დღემდე ხელოვანი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორია.
1993 წელს, ლადო მესხიშვილის სახელობის ქუთაისის დრამატულ თეატრში განხორციელებულ ა. კამიუს „კალიგულას“ სცენოგრაფიისათვის მხატვარს კ. მარჯანიშვილის სახელობის პრემია მიენიჭა.


მხატვრის ნამუშევრები სხვადასხვა დროს გამოფენილი იყო საქართველოს, ესპანეთისა და უკრაინის მუზეუმებსა და გალერეებში. მისი ნამუშევრები დაცულია როგორც მუზეუმებში ასევე კერძო კოლექციებში.


გამოფენა ხელოვნების სასახლეში 2 დეკემბრამდე გაგრძელდება.

ფოტოგამოფენა „მოგზაურობებიდან“

საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გიწვევთ ცნობილი ლიტველი ფოტოგრაფისა და ლიტვური ფოტოგრაფიული სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ვიტას ლუცკუსის გამოფენაზე სახელწოდებით „მოგზაურობებიდან".


ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება სერიები ფოტოგრაფის მოგზაურობებიდან თბილისში, აზერბაიჯანსა და ბაშკირეთში 1981 წელს და ალტაის მხარეში 1985 წელს. დამთვალიერებელი ასევე გაეცნობა მისი მოგზაურობების დროს 1968-1986 წლებში გადაღებულ პორტრეტებს სერიიდან „პორტრეტები ახლოდან".


ვიტას ლუცკუსის მიერ მოგზაურობების დროს შექმნილი პროექტი უფრო მეტია, ვიდრე ფოტოჟურნალისტიკა ან სოციალური ფოტოგრაფია. მიუხედავად იმისა, რომ მისი კამერა აღბეჭდავს ადგილობრივი ყოფის დეტალებსა თუ თვისებებს, ეს ყველაფერი ფოტოებში უბრალო ფონად რჩება, რაც ნაკლებ მნიშვნელოვანია. მის ფოტოებში ჩანს ბევრად მეტი, ვიდრე უბრალო ანარეკლი - ისინი გადმოსცემენ სხვადასხვა ერების მატერიალურ და სულიერ კულტურას.


ლუცკუსის ცნობილი ნამუშევრების გარდა, გამოფენაზე ნახავთ ფოტო-კოლექციას საქართველოს სერიიდან, რომელიც სპეციალურად ამ გამოფენისათვის დაიბეჭდა და პირველად გამოიფინება ფართო საზოგადოების წინაშე.
გამოფენის ხანგრძლივობა: 25 ნოემბერი - 14 დეკემბერი, 2017
მისამართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი. შოთა რუსთაველის გამზ. 3

„ხელოვნება და მშვიდობა“ - თანამედროვე ჩინური ხელოვნების გამოფენა

საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ჩინეთის ხელოვანთა ასოციაცია, თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა), გიწვევთ თანამედროვე ჩინური ხელოვნების გამოფენაზე „ხელოვნება და მშვიდობა''.


გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ჩინეთის ხელოვანთა ასოციაციაში გაერთიანებული ცნობილი ჩინელი მხატვრების მიერ სხვადასხვა ტექნიკაში შესრულებული 29 ნამუშევარი. ექსპოზიცია მოიცავს ფერწერულ ტილოებს, ქანდაკებას, ბეჭდურ მასალას, აკვარელსა და სინთეტიკურ მატერიაში შესრულებულ ნამუშევრებს.
ჩინეთის ხელოვანთა ასოციაციამ 2009 წელს, კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, შეიმუშავა პროექტი „ჩინური ხელოვნების მოგზაურობა მსოფლიოში", რომელმაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იმოგზაურა, მათ შორის იტალიაში, ფინეთსა და დიდ ბრიტანეთში. პროექტის მთავარი თემაა მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნება, ჰუმანიზმი და ჩინეთის ჰარმონიული კულტურის გავრცელება ფართო საერთაშორისო საზოგადოებაში.
თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოდგენილი გამოფენა ეძღვნება საქართველოსა და ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის იუბილეს. გამოფენის მიზანია, ორ ქვეყანას შორის გააღრმავოს კულტურული ურთიერთობები, რაც ხელს შეუწყობს ჩინეთის ხელოვნების პოპულარიზაციას და ჩინეთის ცივილიზაციის გავრცელებას მსოფლიოში.
გამოფენის ორგანიზატორია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, ჩინეთის ხელოვანთა ასოციაცია და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.


გამოფენის გახსნა: 24 ნოემბერი 18:00 საათი


გამოფენის ხანგრძლივობა: 24 ნოემბერი - 12 დეკემბერი, 2017


მისამართი: ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) სიონის ქ. 8.

გზაჯვარედინი - საქართველოს რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნება

საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) ხელოვნების მუზეუმში გიწვევთ გამოფენაზე „გზაჯვარედინი - საქართველოს რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნება". გამოფენა ეძღვნება ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს.


ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცული 100-მდე ექსპონატი. მათ შორისაა XIX-ХХ საუკუნეებში საქართველოში მოღვაწე მხატვრების - შალომ კობოშვილის, დავით გველესიანის, მაქს ტილკეს, ვანო ხოჯაბეგოვის, ოსკარ შმერლინგის, რიჰარდ ზომერის, ილია ზანკოვსკის, ბორის რომანოვსკის, ალექსანდრე ბაჟბეუკ-მელიქოვის, ვასილი შუხაევის და სხვათა ფერწერული ტილოები. ასევე, სხვადასხვა ეთნოსის კოსტიუმები, რელიგიური სიმბოლიკა და ატრიბუტები, რომლებიც საქართველოს რელიგიურ-ეთნიკურ მრავალფეროვნებას და ტოლერანტობის ტრადიციას ასახავს.


გამოფენა ეწყობა პროექტის „რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორობის დაცვის ხელშეწყობა" ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში.


გამოფენის გახსნა: 14 ნოემბერი, 17:00 საათი


გამოფენის ხანგრძლივობა: 14 ნოემბერი - 9 დეკემბერი, 2017
მისამართი: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლ. გუდიაშვილის ქ. 1.


ედუარდ კურტისი და ევდოკია კოჟევნიკოვა: მიწიერი და საკრალური სამყარო

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით, სვანეთის მუზეუმი მასპინძლობს ედუარდ კურტისისა და ევდოკია (დინა) კოჟევნიკოვას ნამუშევრების გამოფენას „მიწიერი და საკრალური სამყარო".


გამოფენაზე წარმოდგენილი ედუარდ კურტისის ფოტოები ჩრდილოეთ ამერიკელი ინდიელების ასი წლის წინანდელი ყოფა-ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. დინა კოჟევნიკოვას ფოტოები კი ზემო სვანეთის სოფლების ცხოვრებას ასახავს XX საუკუნის 30-იან წლებში. დამთვალიერებელს შესაძლებლობა ეძლევა, გაეცნოს და შეადაროს ამ ორი უძველესი კულტურის მქონე ხალხის ეთნოკულტურული მემკვიდრეობა.


ედუარდ შერიფ კურტისი (1868-1952) ჩრდილოეთ ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის ყოფისა და კულტურის ყველაზე ცნობილი მკვლევარია. 1900-1930 წლებში კურტისმა იმოგზაურა ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე, შეისწავლა ამერიკელი ინდიელების 80-ზე მეტი ტომის ცხოვრება, გადაიღო ფოტოები და შეაგროვა ვრცელი ეთნოგრაფიული მასალა.


1927 წელს, სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ეთნოგრაფი ევდოკია (დინა) კოჟევნიკოვა (1905-1975) თავისი მასწავლებლის - ნიკო მარის რჩევით პირველად ეწვია სვანეთს. სვანეთში ხანგრძლივად ცხოვრების შედეგად, კოჟევნიკოვამ უნიკალური ეთნოგრაფიული მასალა შეაგროვა სვანეთის ყოფის, კულტურისა და სარიტუალო წეს-ჩვეულებების შესახებ. აღსანიშნავია, რომ მისი ფოტოარქივი პირველად ქვეყნდება.
პროექტის თანაორგანიზატორები არიან ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ბიბლიოთეკა, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტი და აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი.


გამოფენის გახსნა: 2 ნოემბერი, 15:00 საათი
გამოფენის ხანგრძლივობა: 2.11.2017 - 15.02.2018
სამუშაო საათები: 10:00-18:00 (ყოველდღე, ორშაბათის გარდა)
მისამართი: სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი, მესტია, ა. იოსელიანის ქუჩა 7

„ჩემი ქალაქის საზღვრები“

საქართველოს ეროვნული მუზეუმი „თანამედროვე ხელოვნების გალერეის" ფარგლებში წარმოგიდგენთ ორგანიზაცია Art&Society-ის პროექტს: „ჩემი ქალაქის საზღვრები", იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა).

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თანამედროვე ხელოვნების მულტიმედიური ნამუშევრები, რომლებიც ეხმიანება ქვეყანაში მიმდინარე ურბანულ პროცესებს, მათ შორის, მშენებლობის ბუმს, რომელიც თბილისში არაცნობიერი დინებების ვიზუალიზაციაა. ამასთან, სამშენებლო კომპანიების სარეკლამო რგოლები სასურველი ცხოვრების მთელ ეპიზოდებსაც უხატავენ მომავალ მაცხოვრებლებს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი პრივატული სივრცის მოდელირება უკვე გარედან ხდება.
ქალაქები საოცარი სისწრაფით ემსგავსებიან ერთმანეთს და რთული ხდება ავთენტურობის გარჩევა. უცვლელი რჩება მხოლოდ ქალაქში მოგზაურობის უძველესი შინაარსი: ქალაქის არსის ძიება, გლობალური და ლოკალური მახასიათებლების დახარისხება...


გამოფენა წარმოადგენს ტატო ახალკაციშვილის მულტიმედიურ ნამუშევარს მეხსიერებისა და ქვეცნობიერის თემაზე, ალექსანდრე გეგიას შერეული ტექნიკით შესრულებულ „ურბანულ დღიურებს", მანანა კობახიძის გრაფიკული პრინტების სერიას - „დაკარგული", ილია ბალავაძის ფერწერულ სერიას „ცემენტის ნისლი", ლევან მინდიაშვილისა და გიორგი ჩხეიძის „არა-ადგილების" თემაზე შექმნილ ინსტალაციებს, ლანა ცაგარეიშვილის აბსტრაქტულ ნამუშევრებს და Art&Society-ის ვიდეოს - „ბილტმორი".
გამოფენის კურატორი: ხათუნა ხაბულიანი.

გამოფენის გახსნა: 12 ოქტომბერი, 18:00 საათი.


გამოფენის ხანგრძლივობა: 12 ოქტომბერი - 27 ოქტომბერი, 2017.


მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8

გოგონები მომავლიდან- დინა ოგანოვა

„გოგონები მომავლიდან“ _ გოგონების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ფოტოგამოფენა გაიმართება
2017 წლის 11 ოქტომბერი, 19. 00 საათი. გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი (თბილისი, გ. ჭანტურიას # 8). 11 ოქტომბერი გოგონების საერთაშორისო დღეა. გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ორგანიზებით, ამ დღესთან დაკავშირებით, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში დინა ოგანოვას ფოტოგამოფენა „გოგონები მომავლიდან“ გაიხსნება. გამოფენა მომზადდა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია შვედეთის მთავრობის მიერ.
დინა ოგანოვას ფოტოპროექტი „გოგონები მომავლიდან“ საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში მცხოვრები 10-დან 16 წლამდე გოგონების ისტორიებს გვიამბობს როგორც ფოტოების, ასევე ტექსტების მეშვეობით. პროექტის მიზანია, საზოგადოებას ხაზგასმით დაანახოს, რომ გოგონების პოტენციალის სრულ რეალიზებას, მათთვის თანაბარი პირობებისა და თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას, განათლებასა და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თითოეული სახელმწიფოს წინსვლისა და განვითარებისთვის, რომ თითოეულ გოგონას უნდა მიეცეს საშუალება, დაასრულოს განათლება და მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები საკუთარი ცხოვრებისა და ჯანმრთელობის შესახებ. ფოტოპროექტი ნაწილია იმ მასშტაბური საადვოკაციო სამუშაოსი, რომელსაც გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი ადრეული ქორწინების საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრისა და მოზარდებისა და ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის მიზნით ეწევა.
გამოფენა 2017 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით გასტანს.
ფოტოგრაფის შესახებ: დინა ოგანოვა ახალგაზრდა დოკუმენტალისტი ფოტოგრაფია, რომელიც საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწეობს და სხვადასხვა გრძელვადიან პროექტზე მუშაობს. ის რამდენიმე პრესტიჟული ჯილდოს ლაურეატია, მათ შორის, დასახელებულია 30 წლამდე ასაკის საუკეთესო ქალ ფოტოგრაფებსა და 12 საუკეთესო ახალგაზრდა ფოტოგრაფს შორის. დინა ოგანოვას ფოტოპროექტები: „მე - საქართველო“, „ჩემი სივრცე“, „გაყინული ტალღები“ გამოფენილი იყო იტალიაში, საფრანგეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ესპანეთში, პოლონეთში, გერმანიაში, თურქეთში, შვედეთში, დანიაში, ლიტვაში, უკრაინაში, ბანგლადეშში, კამბოჯაში, ეთიოპიაში, სინგაპურსა და საქართველოში. დინა ოგანოვას ეკუთვნის პირველი ქართული ხელნაკეთი ფოტოწიგნი „ჩემი სივრცე“, რომელიც სხვადასხვა მუზეუმის, მათ შორის, ნიუ იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმის კერძო კოლექციაში ინახება.

„უნივერსალური ღირებულებები: ბოტიჩელი - სილამაზე, კარავაჯო - სინათლე“

ბოტიჩელის ორიგინალი ,,ვენერა'' და კარავაჯოს ნამუშევრების რეპროდუქციები
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში
5 ოქტომბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა ორ იტალიურ გამოფენას უმასპინძლებს, რომლებსაც აერთიანებს სახელწოდება - ,,უნივერსალური ღირებულებები: ბოტიჩელი - სილამაზე, კარავაჯო - სინათლე".
ბოტიჩელი - სილამაზე
სანდრო ბოტიჩელის ,,ვენერა" 1930 წლიდან ტურინის ,,გალერეა საბაუდას'' კოლექციის ნაწილია. ბოტიჩელის მსგავსი ტიპის კიდევ ორი ,,ვენერაა'' ჩვენამდე შემორჩენილი, მათგან ერთი ბერლინის სამხატვრო გალერეაში, ხოლო მეორე - ჟენევაში, კერძო კოლექციაში ინახება. საბაუდას გალერეაში დაცულ ტილოზე ბოტიჩელი „ვენერას" მუქ ფონზე გამოსახავს. ეს „ვენერა" რენესანსის ეპოქის ნეოპლატონური ფილოსოფიის თანახმად, სიყვარულის ორი ასპექტის - გრძნობისმიერისა და ღვთაებრივის განსახიერებაა. (პროექტი "Venus pudica" განხორციელებულია ტურინის სამეფო მუზეუმებთან და კულტურულ ასოციაცია ,,მეტამორფოზასთან" თანამშრომლობით).
კარავაჯო - სინათლე


მიქელანჯელო მერიზი და კარავაჯოს შედევრების გამოფენა აერთიანებს კარავაჯოს 40 ნამუშევრის ნატურალური ზომის მაღალი რეზოლუციის ციფრულ რეპროდუქციას. ექსპოზიცია წარმოადგენს ქრონოლოგიურ, ისტორიულ და თემატურ მოგზაურობას მხატვრის შემოქმედებაში - რომის პერიოდის ტილოებიდან მხატვრის უკანასკნელ ნამუშევრებამდე.
ესაა განსხვავებული ტექნოლოგიებით შემუშავებული (განათება-შუქჩრდილი) საგანმანათლებლო-მულტიმედიური პროექტი, რომელიც კარავაჯოს მთელს შემოქმედებას ერთ სივრცეში წარმოადგენს. გამოფენა 2003 წლიდან მოგზაურობს იტალიასა და მის ფარგლებს გარეთ და უკვე ათ მილიონზე მეტი ვიზიტორი გაეცნო მხატვრის მთელ შემოქმედებას (Rai.Com-ის მიერ ჩაფიქრებული ეს პროექტი "Opera omnia" იგივე ,,წარმოუდგენელი გამოფენა’’ იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა).
პროექტი, რომლის კოორდინატორია იტალიის საელჩო საქართველოში, ორი ქვეყნის სხვადასხვა ინსტიტუციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. ეს ინსტიტუციებია: იტალიის მხრიდან - საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო, ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, უცხოეთში იტალიური კომპანიების ხელშეწყობის სააგენტო (ICE); საქართველოს მხრიდან - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და საქართველოს მთავრობის პროექტი Check-in-Georgia.
გამოფენის ხანგრძლივობა: 5 ოქტომბერი - 29 ნოემბერი, 2017
მისამართი:დიმიტრი შევარდნაძის სახელობის
ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11.




„უკანასკნელი ფურცელი - იური დოიჩისა და კატია კრაუსოვას ტოტოგრაფიული მოგზაურობა“

საქართველოს ეროვნული მუზეუმი და სლოვაკეთის საელჩო საქართველოში გიწვევთ გამოფენაზე „უკანასკნელი ფურცელი - იური დოიჩისა და კატია კრაუსოვას ფოტოგრაფიული მოგზაურობა" შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში.


ფოტოგრაფი იური დოიჩი და დოკუმენტური ფილმის გადამღები ჯგუფი აღმოსავლეთ სლოვაკეთში, მიტოვებულ სკოლაში ინტუიციის წყალობით აღმოჩნდნენ. აქ დრო 1942 წლის ერთ დღეს გაჩერდა, როცა ყველა მოსწავლე საკონცენტრაციო ბანაკებში წაიყვანეს. იქ ჯერაც შემორჩენილია მათი სახელმძღვანელოები, გასწორებული საშინაო დავალების რვეულები და ნიშნების ფურცლები, კარადაში შაქარიც კი დევს... მტვრიან თაროებზე შემორჩენილი ეს დაფერფლილი წიგნები - ერთ დროს აყვავებული კულტურის გადმონაშთები - იური დოიჩისთვის გადარჩენილი ინდივიდებია. საოცრად მეტყველია მის მიერ შექმნილი თითოეული წიგნის, მათი ნატიფი სილამაზის ამსახველი პორტრეტი.

აღნიშნული გამოფენა ფართომასშტაბიანი პროექტის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც მაყურებლის წინაშე პირველად ბრატისლავაში, სლოვაკეთის ეროვნულ მუზეუმში წარსდგა, შემდეგ - პრაღასა და კემბრიჯში და იმთავითვე დიდი აღიარება ხვდა წილად.
2011 წელს პროექტი შეერთებულ შტატებსა და კანადაში ჩავიდა. ჯერ იყო გამოფენა ნიუ-იორკში, შემდეგ ინდიანას შტატის ქალაქ ბლუმინგტონსა და ოტავაში. ტურნე გაგრძელდა ევროპაშიც. „უკანასკნელი ფურცელი" ბრიუსელში ევროკომისიის შენობასა და პიერ ბერჟეს ფონდში, ასევე კოშიცეში - 2013 წლის ევროპის კულტურის დედაქალაქში გამოიფინა. ექსპოზიცია შედგა რომშიც, იტალიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ხოლო 2014 წელს - ვენის ხელოვნების აკადემიაში.
2015 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულებისა და აუშვიცის გათავისუფლების 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა უკანასკნელი ფურცელი ლატვიაში, მარკ როტკოს ხელოვნების ცენტრში, ნიუ-იორკში გაეროს შენობაში, ბერლინში გერმანიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ბოსტონში ტაფტის უნივერსიტეტის ხელოვნების გალერეაში, მოსკოვის ებრაულ მუზეუმსა და ტოლერანტობის ცენტრში გაიმართა.
ვაშინგტონის ვუდრო ვილსონის ცენტრის შემდეგ ექსპოზიციამ 2016 წელს სან პაულუში, იერუსალიმსა და კანადაში იმოგზაურა. კანადაში მას ჰამილტონის სამხატვრო გალერეამ უმასპინძლა. 2017 წლის დასაწყისში ბრაზილიის ეროვნულ მუზეუმში უკანასკნელი ფურცელი 50 დღის განმავლობაში ორმოცდაჩვიდმეტი ათასზე მეტმა ადამიანმა დაათვალიერა.
მიმდინარე გამოფენის რამდენიმე ნამუშევარი უკვე კონგრესის ბიბლიოთეკის მუდმივი კოლექციის ნაწილია.


გახსნა: 25 სექტემბერი, 18:00 საათი


ხანგრძლივობა: 25 სექტემბერი - 8 ნოემბერი, 2017


მისამართი: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლ. გუდიაშვილის ქ. 1

ედუარდ კურტისი & ჩრდილოეთ ამერიკელი ინდიელები: დედა-მიწა, ტრადიცია, რიტუალი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი და საქართველოს ხელოვნების სასახლე წარმოგიდგენთ ამერიკელი ფოტოგრაფისა და ეთნოგრაფის, ედუარდ კურტისის (1868-1952) თვალით დანახულ ამერიკელი ინდიელების ცხოვრებას.
საქართველოში მიმდინარე გამოფენები ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ნამუშევრების რამდენიმე თემას აერთიანებს (დედა-მიწა, ტრადიცია, რიტუალი) და წარმოდგენილია სამ მუზეუმში:
20 სექტემბერი, 18:00, აბრეშუმის მუზეუმი - ტრადიცია (http://bit.ly/SilkMuseum)
21 სექტემბერი, 18:00, საქართველოს ხელოვნების სასახლე - რიტუალი (http://bit.ly/atArtPalace)
22 სექტემბერი, 18:00, თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) - დედა-მიწა (http://bit.ly/Karvasla)
*გამოფენა „დედა-მიწა"
ედუარდ შერიფ კურტისმა ჯერ კიდევ 100 წლის წინ აღმოაჩინა ჩრდილოეთ ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის - იმ დროისთვის „გადაშენების გზაზე მდგომ რასად" მიჩნეული ხალხების - ყოფისა და კულტურის სიმდიდრე და მრავალფეროვნება. თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოდგენილი გამოფენა მოგვითხრობს, რომ ამერიკელ ინდიელთა ჩვენთვის კარგად ნაცნობ სტერეოტიპულ სახეებთან - მომთაბარე, ბუმბულის თავსაბურავიან ბელადებთან და სხვადასხვა ცხოველის ნიღბიან სპირიტუალისტებთან ერთად, ჩრდილოეთ ამერიკა არანაკლებ საინტერესო და თვითმყოფადი კულტურის მქონე ხალხების, მათ შორის ჰოპის ტომის ინდიელების სამშობლოცაა. მათ ყველას საერთო ფესვები, სამშობლო და ფილოსოფია აერთიანებს.
წარმოდგენილი ფოტოები კონგრესის ბიბლიოთეკაში (ვაშინგტონი, აშშ) დაცული ედუარდ კურტისის ფოტოების ასლებია.
პროექტის თანაორგანიზატორები არიან ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ბიბლიოთეკა და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტი. მხარდამჭერი - „რუმსის" სასტუმროების ქსელი და „ელიტ-ელექტრონიქსი''.
* დასწრება თავისუფალია გახსნის დღეს. დანარჩენ დღეებში ბილეთის ფასი: 1-5 ლარი.
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ: www.edwardcurtis.ge
გამოფენის ხანგრძლივობა: 22 სექტემბერი - 22 ოქტომბერი
მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8

გიორგი ( გოგი ) მერმანიშვილის ნამუშევრების გამოფენა

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ გიორგი (გოგი) მერმანიშვილის ნამუშევრების გამოფენას თბილისის ისტორიის მუზეუმში.


გოგი მერმანიშვილი მოქალაქეობრივი და ეროვნული მრწამსით გამორჩეული ხელოვანი იყო, იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და ხშირად მოგზაურობდა. მხატვრის განცდები, მისი სიყვარული სიცოცხლისადმი ნათლად აისახა მის გრაფიკულ და ფერწერულ ნამუშევრებში.


გოგი მერმანიშვილის შემოქმედება პოზიტიური, ჰუმანური საწყისის მატარებელია, რაც თავიდანვე ქმნის მხატვრის სამყაროსადმი დამთვალიერებლის განწყობას. ის მუდამ აქტიურად ცდილობდა აეთვისებინა სხვადასხვა ტექნოლოგიები. ასევე მუშაობდა ტიხრულ მინანქარზე. მისი ნამუშევრები ხასიათდება მშვიდი, ერთიანი ტონალობითა და თემატური პირდაპირობით.


გოგი მერმანიშვილი 52 წლის ასაკში გარდაიცვალა. წარმოდგენილი ექსპოზიცია მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენაა, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ გაიმართება და ეძღვნება მხატვრის ხსოვნას.


გამოფენის გახსნა: 14 სექტემბერი, 18:00 საათი.


გამოფენის ხანგრძლივობა: 14 სექტემბერი - 24 სექტემბერი
მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8


ვივიან სასენი IN AND OUT OF FASHION

ლიტერატურის მუზეუმი 2017 წლის თბილისის ფოტო ფესტივალის რიგით მეორე გამოფენას მასპინძლობს.

ჰოლანდიელმა fashion ფოტოგრაფიის ვარსკვლავმა, ვივიენ სასენმა, დღევანდელი fashion ფოტოგრაფიის ყველა წესი დაარღვია და გვიბიძგა ეჭვ ქვეშ დავაყენოთ ის წარმოდგენები რომელიც თანამედროვე, კომპლექსურ სამყაროში მოდის შესახებ არსებობს. "მისი ფოტოები კომპლექსური, მოულოდნელი და აღმაფრთოვანებელია და ისინი კონცეპტუალურად ბევრად აღემატება იმ საყრდენ დამოკიდებულებებს მოდისადმი რომელიც 21-ე საუკუნეს აქამდე განაგებდა. -Extract from In and out of Fashion, Bright Star by Charlotte Cotton.

TBILISI PHOTO FESTIVAL 2017-ის გახსნის კვირეული 13-20 სექტემბერს გაიმართება. 300-ზე მეტი ფოტოგრაფის ნამუშევარი იქნება ნაჩვენებირიგით მერვე გამოშვების პროგრამაში. ჩვეულებისამებრ, ფოტო ფესტივალის გახსნის კვირეულის მანძილზე, თბილისი რეგიონის “ფოტოგრაფიის დედაქალაქი“ გახდება.

„ედემი“ - როჯერ ვონ გუნტენი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი გიწვევთ თანამედროვე მექსიკელი არტისტის, როჯერ ვონ გუნტენის გამოფენაზე ,,ედემი'' შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში.
გამოფენა მოიცავს სხვადასხვა მედიაში შესრულებულ ნამუშევრებს და წარმოადგენს ერთგვარ მოგზაურობას როჯერ ვონ გუნტენის ვიზუალურ სამყაროში.
როჯერ ვან გუნტენი არის პოსტმოდერნიზმში გარდამავალი პერიოდის მექსიკელ ხელოვანთა გაერთიანების, „განხეთქილების" ერთ-ერთი თვალსაჩინო წევრი. მისი ნამუშევრები გამოირჩევა ქრომატიზმით, ექსპრესიონიზმითა და არაფორმალურობით, მისი გრაფიკული ფანტაზია ხშირად წააგავს კომიქსს. გუნტენის შემოქმედება გამოირჩევა დამახასიათებელი იუმორით, რომლითაც ის ეხმიანება მსოფლიოს დაძაბულობასა და კონფლიქტებს. მისი შემოქმედება ერთგვარი პროტესტია, რომელიც ინტენსიური ფერებითა და გამოკვეთილი კონტურებით გამოიხატება.
გუნტენის ნამუშევრები მისი ცხოვრების ანარეკლია: ტეოფოზლანი, მწვანე გარემო სადაც ის მოღვაწეობს, მისი არსებობის ჰიმნია. აქ არტისტი თავისუფლდება იკონოგრაფიული სამყაროსგან და მჭიდრო კავშირშია ფლორასა და ფაუნასთან. ეს ჰარმონიული თანაარსებობა მის შემოქმედებაში ფანტასტიკურადაა წარმოდგენილი და ქმნის ჯადოსნურ-სიმბოლურ სამყაროს.
გუნტენის თითოეული ნამუშევარი წარმოადგენს პოსტმოდერნიზმის პარადოქსს, სადაც გამოსახულება ავსებს შინაარსს და მაყურებელი საკუთარი მეხსიერების საშუალებით ხელს უწყობს სურათის პლასტიკურ რეკონსტრუქციას. შეიძლება ითქვას, რომ როჯერ ვონ გუნტენის ნამუშევრები წარმოადგენენ მნახველის მიერ ფიქციის ერთგვარ რეკრეაციას.
გამოფენა ეძღვნება საქართველო-მექსიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილეს. გამოფენა ხორციელდება მექსიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინიციატივით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით.
გამოფენის გახსნა: 10 აგვისტო, 17:00 საათი
გამოფენის ხანგრძლივობა: 10 აგვისტო - 20 სექტემბერი, 2017
მისამართი: შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის, ლ. გუდიაშვილის ქ. 1

ლევან მინდიაშვილის პერსონალური გამოფენა „აქ“

საქართველოს ეროვნული მუზეუმი და Project ArtBeat წარმოგიდგენთ ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ხელოვანის, ლევან მინდიაშვილის პერსონალურ გამოფენას „აქ" სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმში.


ცნებებისა თუ ღირებულებების სიმყიფე და დღევანდელი სამყაროს გარდამავალი მდგომარეობა ,,ძველიდან" ჯერ კიდევ გაურკვეველ მომავალში ˗ ეს ის კონდიციებია, რომლებიც ცენტრალურ ადგილს იკავებენ ლევან მინდიაშვილის სახელოვნებო პრაქტიკაში. თავად მასალის თუ შესრულების ხერხების არჩევანიც გარდამავალ, შუალედურ მდგომარეობებზე აკეთებს აქცენტებს და ჩვენი აღქმის ილუზორულ მექანიზმებს აყენებს კითხვის ქვეშ: ბეტონის ნარჩენებს მიმსგავსებული პიგმენტირებული თაბაშირის ქანდაკებები ფერწერის ელემენტებს იყენებენ ფერადი ნეონის ნათურების საშუალებით, ხოლო დაპიქსელებული, ძველი ფოტოს იმიტირებული, აკრილის საღებავით შესრულებული ფერწერული ტილოები კი, სამგანზომილებიან ობიექტებად გარდაიქმნებიან. ისინი მთლიანობაში ერთ ინსტალაციად იკვრება, სადაც არქიტექტურული და ბუნების ელემენტები სამყაროს ციკლურობას, თუ მუდმივ დენადობას შეგვახსენებენ და აწმყოს - ,,აქ და ახლას" ˗ მატერიალური განცდის მცდელობას წარმოადგენენ.


ლევან მინდიაშვილმა განათლება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასა და ბუენოს-აირესის ხელოვნების ნაციონალურ უნივერსიტეტში მიიღო. მის ჯილდოებს შორის აღსანიშნავია: ,,გრანტი საჯარო ხელოვნებისთვის" National Endowments for Arts (ნიუ-იორკი, 2014) და ,,ახალგაზრდა ხელოვანი" Movistar Arte Jóven (ბუენოს-აირესი, 2011). ამჟამად ის მოწვეული პროფესორია თავისუფალი უნივერსიტეტის ხელოვნებისა და დიზაინის სკოლაში. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ჯგუფურ გამოფენაში, ინსტიტუციებსა თუ გალერეებში, მათ შორის: თანამედროვე ხელოვნების გალერეა ˗ საქართველოს ეროვნული მუზეუმი (თბილისი), არსენალე (კიევი), ტარტუს ხელოვნების მუზეუმი (ტარტუ), The Lodge Gallery (ნიუ იორკი), ლიტერატურის მუზეუმი (თბილისი), Clemente Soto Center (ნიუ იორკი), ODETTA (ბრუკლინი). მის უახლეს პერსონალურ გამოფენებს შორის აღსანიშნავია გამოფენები აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში (თბილისი), The Lodge Gallery (ნიუ იორკი), The Vazquez Building (ბრუკლინი), Kunstraub99 (კიოლნი).
გამოფენა ორგანიზებულია Project ArtBeat-ის მიერ. პროექტის მიზანია ქართული ხელოვნების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენა და საქართველოს რეგიონებში კულტურული აქტივობების მხარდაჭერა. პროექტი ხორციელდება ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის და სახელოვნებო ორგანიზაცია „პროპაგანდას" მხარდაჭერით.
გახსნა: კვირას, 30 ივლისს, 15:00 საათზე.


გამოფენის ხანგრძლივობა: 30 ივლისი - 10 სექტემბერი, 2017
გამოფენის გახსნის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა ხელოვანთან.


მისამართი: სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი. ა. იოსელიანის ქ. 7, მესტია.



დავით სულაკაურის ნამუშევრების გამოფენა

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ დავით სულაკაურის შემოქმედების გამოფენას ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში.


დავით სულაკაური თანამედროვე ქართული ფერწერის გამორჩეული წარმომადგენელია. მისი შემოქმედება თემატური და ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. დავით სულაკაური ქმნის პეიზაჟებს, პორტრეტებს, მრავალფიგურიან კომპოზიციებს, რელიგიურ სიუჟეტებს, გრაფიკულ ნამუშევრებს ხელნაკეთ ქაღალდზე, იყენებს ენკაუსტიკას.
აღსანიშნავია დავით სულაკაურის დაზგური სურათები და მონუმენტური ტილოები, სადაც ერთად ჩნდება ტრადიციაც და ნოვაციაც. ხელოვანი ფერის მდიდარ შესაძლებლობებს მაქსიმალურად იყენებს, რის გამოც მისი შემოქმედება ძალზე ინდივიდუალური, კოლორიტული და მრავალხმიანია.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება დავით სულაკაურის 100-მდე ნამუშევარი და მისი შემოქმედების ამსახველი კატალოგი. ეს პირველი ფართო მასშტაბის გამოფენაა, რომელიც მხატვრის დაბადებიდან 65 წლისთავს ეძღვნება.


გამოფენის გახსნა: 5 ივლისი, 18:00 სთ.


გამოფენის ხანგრძლივობა: 5 ივლისი - 10 სექტემბერი, 2017


მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8

მოქანდაკეების მერაბ მერაბიშვილისა და ომარ ელდაროვის ნამუშევრების ფოტოგამოფენა

2017 წლის 16 ივნისს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიმართება გამოჩენილი ქართველი და აზერბაიჯანელი მოქანდაკეების მერაბ მერაბიშვილისა და ომარ ელდაროვის ნამუშევრების ფოტოგამოფენა.


მერაბ მერაბიშვილი 1931 წელს დაიბადა თბილისში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ქანდაკების განხრით, სადაც შემდგომ მუშაობდა ჯერ პედაგოგად, შემდეგ კი პროფესორად; 1991- 2004 წლებში გახლდათ ხატვის კათედრის გამგე. მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონკურსში, არის არაერთი ჯილდოს მფლობელი. იგი ავტორია ალექსანდრე გრიბოედოვის (1961, თბილისი), ერეკლე II-ის (1971, თელავი), პეტრე ბაგრატიონის, შოთა რუსთაველისა (2011, ბუდაპეშტი) და სხვა მთავალი ქანდაკების. მერაბ მერაბიშვილი 1988 წლიდან არის რუსეთის სამხატვრო აკადემიის წევრი, 1996 წლიდან კი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი.


ომარ ელდაროვი 1927 წელს დაიბადა ქალაქ დერბენტში. სანკტ-პეტერბურგის ილია რეპინის სახელობის ფერწერის, ქანდაკებისა და არქიტექტურის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მონაწილეობდა არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენაში. ელდაროვს 1982 წელს მიენიჭა აზერბაიჯანის სახალხო მხატვრის წოდება. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო. იგი არის რუსეთის სამხატვრო აკადემიის წევრი 1988 წლიდან, ხოლო 2001 წლიდან - აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის წევრი და აზერბაიჯანის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი. მისი ავტორობით არის შექმნილი ნათავანის (1960, ბაქო), ფიზულის (1962, ბაქო), მაჰათმა განდის (1987), ჰუსეინ ჯავიდის (1993) და სხვა მრავალი ქანდაკება.


გამოფენა ხორციელდება ასოციაცია „კულტურათა დიალოგი XXI"-ისა და საქართველოს კულტურის ფონდის საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან და აზერბაიჯანის ხელოვნების მუზეუმთან თანამშრომლობით. ასოციაცია ახორციელებს კულტურულ-სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტებს, რაც გლობალიზაციის პირობებში ხელს უწყობს თვითმყოფადი მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურის მიღწევების წარმოჩენას თანამედროვე მსოფლიოში.
აღნიშნული გამოფენა ხორციელდება ორი მეზობელი ქვეყნის, საქართველოსა და აზერბაიჯანის კულტურათა ურთეირთდაახლოების მიზნით.


გამოფენა 2017 წლის 29 ივნისის ჩათვლით.


მისამართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ. 3.


რუსთაველის თეატრი - გოგი მესხიშვილის თანამედროვე დიზაინის სკოლა

რუსთაველის თეატრი - გოგი მესხიშვილის თანამედროვე დიზაინის სკოლა თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ სტუდენტთა ნამუშევრების შემაჯამებელ გამოფენას.


ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ინსტალაციები, ვიდეო არტი, სცენოგრაფიული და 3დ-ში შესრულებული პროექტები.
რუსთაველის თეატრთან არსებული გოგი მესხიშვილის დიზაინის სკოლა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაიხსნა 2014 წელს. სტუდიაში ისწავლება სამგანზომილებაში მუშაობა, თეატრალური კოსტიუმი და კონსტრუირება, პიესაზე, მაკეტსა და სივრცესთან მუშაობა, თეატრალური ტექნოლოგია და თანამედროვე ხელოვნების ისტორია.

ამჯერად, დიზაინის სკოლა მესამე სასწავლო წელს ამთავრებს. ამასთან დაკავშირებით, ღონისძიებაზე, მოსწავლეებს გადაეცემათ დიზაინის სკოლის დამამთავრებელი დიპლომები.
პროექტი ხორციელდება რუსთაველის თეატრის ორგანიზებით კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით.
გამოფენის ხანგრძლივობა: 15-30 ივნისი, 2017
გამოფენის გახსნა: 15 ივნისი, 18:00 საათი.
მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8

ფოტოგამოფენა „ავდეევკა 28.01/72".

2017 წლის 9 ივნისს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში, საბჭოთა ოკუპაციის საგამოფენო დარბაზში გაიმართება უკრაინელი ფოტოგრაფის, დიმიტრი მურავსკის ნამუშევრების გამოფენა „ავდეევკა, 28.01/72".


ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება უკრაინის ქალაქ ავდეევკაში 2017 წლის იანვარში მომხდარი მასიური დაბომბვის დროს გადაღებული 24 ფოტონამუშევარი, რომელიც უკრაინელმა ფოტოგრაფმა და მოხალისემ, დიმიტრი მურავსკიმ გადაიღო. იგი 2010 წლიდან მუშაობს სამხედრო ფოტოგრაფიის მიმართულებით.

გამოფენა ხორციელდება პროექტის „როცა დასრულდება ომი..." ფარგლებში. მრავალფუნქციური სოციალური მოხალისეობის პროექტი, ორიენტირებულია საზოგადოების მწვავე სოციალური პრობლემების რეალიზებაზე, რაც უკავშირდება დონბასში სამხედრო ოპერაციების ჩატარებას.


პროექტის ფარგლებში გამოფენები იმართება როგორც უკრაინაში, ასევე საზღვარგარეთ (დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, გერმანია).


გამოფენა ხორციელდება საქართველოში უკრაინის საელჩოს ორგანიზებით.
გამოფენა 2017 წლის 19 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
მისამართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ. 3.



ხალხი და ქუჩები - ბულგარეთი - საქართველო

2017 წლის 5 ივნისს, 17:00 საათზე, საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში წარმოგიდგენთ გამოფენას „ხალხი და ქუჩები - ბულგარეთი-საქართველო".
გამოფენა აერთიანებს ბულგარეთში დაბადებული ქართველი მხატვრების ვერა ქიქოძის, მარინა მავროვასა და პავლა პლატონოვას ნამუშევრებს.
ღონისძიების ფარგლებში, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება თანამედროვე ბულგარელი რეჟისორის შტეფან კომანდარევის ფილმის ჩვენება - „განკითხვა" (2014), რომელსაც მრავალი საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული ათენში, აშშ-ში, პარიზში, ტალინში, ჰაიფაში, ბულგარეთსა და სხვა. კინოჩვენება გაიმართება ორიგინალ ენაზე ინგლისური სუბტიტრებით.
ექსპოზიცია „ხალხი და ქუჩები - ბულგარეთი-საქართველო" 2017 წლის 9 ივნისამდე გაგრძელდება.
საქართველოსა და ბულგარეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები სათავეს იღებს 1992 წლის 5 ივნისს, როდესაც ბულგარეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. 2003 წელს კი გაიხსნა ბულგარეთის საელჩო საქართველოში. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობები საუკუნეებით ადრეც არსებობდა. ამის კარგი მაგალითია ქართველი ძმები ბაკურიანების მიერ ბულგარეთში ჯერ კიდევ 1083 წელს დაარსებული პეტრიწონის მონასტერი (ბულგარეთში ცნობილი როგორც ბოჩკოვოს მონასტერი).
ღონისძიების ორგანიზატორია ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში.
მისამართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ. 3.

თამარ თავბერიძის ნამუშევრების გამოფენა „ღია სარკმელი“

2017 წლის 2 ივნისს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ თამარ თავბერიძის ნამუშევრების გამოფენას - ,,ღია სარკმელი".


თამარ თავბერიძის ნამუშევრები პირველად გამოიფინება ფართო აუდიტორიის წინაშე. მათი დიდი ნაწილი შერეული ტექნიკით არის შესრულებული - გამოყენებულია აკვარელი, პასტელი და ლაქი.


საინტერესოა მხატვრის მშვიდი, პოზიტიური განწყობის ამსახველი კომპოზიციები, რომელთაც ლაქის კაშკაშა ეფექტი ერთდროულად საინტერესოს და უჩვეულოს ხდის. ,,ღია სარკმელი" არსებობის, სიცოცხლის ერთგვარი დეტალური ხედვაა, რაც გამოფენის ძირითადი კონცეფციის მაჩვენებელია.
გამოფენის გახსნაზე ავტორი ისაუბრებს მის მიერ გამოყენებული ტექნიკის თავისებურებებსა და მუშაობის სპეციფიკურ ნიშანზე.


ექსპოზიცია ,,ღია სარკმელი'' 2017 წლის 9 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8



ნოდარ ლორთქიფანიძის გამოფენა „ჩემი ცრემლები მუდამ იცინის“

2017 წლის 30 მაისს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში გიწვევთ მხატვარ ნოდარ ლორთქიფანიძის ნამუშევრების გამოფენაზე სახელწოდებით - ,,ჩემი ცრემლები მუდამ იცინის...".


ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ნოდარ ლორთქიფანიძის (1970-1997) 60 გრაფიკული ნამუშევარი და 20 ქანდაკება, რომელთა მხატვრულ სტილს აერთიანებს სივრცისა და დროის აღქმის გამორჩეული განცდა.
ნოდარ ლორთქიფანიძის მიერ შექმნილ გრაფიკასა და სკულპტურას შორის უხილავი კავშირი სხვადასხვა დროით განზომილებაზე მიუთითებს. მანძილისა და პირობითი საზღვრების შეგრძნება ყოველ მათგანში ზოგადი, ემპირიული აზროვნების მაჩვენებელია.


მხატვრის თვითმყოფადი, ნაყოფიერი მხატვრული მემკვიდრეობა დღეს გაოცებას იწვევს თავისი დახვეწილი, მრავალაზროვანი ფორმითა და შინაარსით. მისი შემოქმედება გაჯერებულია ექსპრესიით, სამყაროს ფასეულობათა ფილოსოფიური ხედვითა და თემატური მრავალფეროვნებით.
გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ნოდარ ლორთქიფანიძის შემოქმედების ამსახველი კატალოგი.


გამოფენა 2017 წლის 9 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.


მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8



ანი ბონდარენკოს პერსონალური გამოფენა

2017 წლის 27 მაისს, 21:00 საათზე, აქციის „ღამე მუზეუმში ფარგლებში", საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის მუზეუმი გიწვევთ სიღნაღის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლის ანი ბონდარენკოს გრაფიკული ნამუშევრების პერსონალურ გამოფენაზე.


გამოფენა 2017 წლის 3 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.


აქციას „ღამე მუზეუმში" - საფუძველი ჩაეყარა 2005 წელს ევროსაბჭოს მიერ და მას შემდეგ რეგულარულად ტარდება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში. მოგვიანებით, აქციამ ფართო მასშტაბი მიიღო და გავრცელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. აქციის „ღამე მუზეუმში" ტრადიციად დამკვიდრების ინიციატივით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2015 წელს გამოვიდა.


აქციის ფარგლებში, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი, დამთვალიერებელს სრულიად უფასოდ უმასპინძლებს. ვიზიტორები თავად გახდებიან იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილენი, რომლებიც აქციის ფარგლებში ჩატარდება.


მისამართი: სიღნაღის მუზეუმი, სიღნაღი, შოთა რუსთაველის ჩიხი 8.

მუზეუმის კვირეული: ზიგა ვალიშევსკი 120

2017 წლის 17 მაისს, 17:00 საათზე, მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვირეულის ფარგლებში, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, გიწვევთ ზიგა ვალიშევსკის 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენაზე.


ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ საქართველოში შექმილი 100-მდე ნამუშევარი ხელოვნების მუზეუმის კოლექციებიდან.
წარმოშობით პოლონელი ზიგა ვალიშევსკი თბილისელი მოდერნისტი მხატვრებისა და მწერლების სამეგობრო წრის აქტიური წევრი იყო და მათთან ერთად მოღვაწეობდა. ამ დროის ქალაქის კულტურული ცხოვრება არაჩვეულებრივი შემოქმედებითი მრავალფეროვნებით, ავანგარდული ინტერესებითა და სიახლეებისადმი სწრაფვით გამოირჩეოდა. შემოქმედთა ახალგაზრდა თაობას არ აკმაყოფილებდა რეალობას მოწყვეტილი, შეზღუდული და უსიცოცხლო, სალონური, აკადემიური ხელოვნება. ისინი სამყაროს აღქმისა და საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვის ახალ ფორმებსა და ხერხებს ეძებდნენ.


1912-13 წლებში ზიგა ვალიშევსკი, კირილე და ილია ზდანევიჩებთან, ასევე მიხეილ ლე დანტიუსთან ერთად, შეხვდა ნიკო ფიროსმანაშვილს. მხატვრის შემოქმედებამ მოხიბლა ახალგაზრდები, რომლებმაც ფიროსმანაშვილის მხატვრობის გადარჩენა, შეგროვება და პოპულარიზაცია დაისახეს მიზნად. მათ ნიკო ფიროსმანაშვილის სურათების კატალოგიც შეადგინეს.


ძმებ ზდანევიჩებთან, ლადო გუდიაშვილთან, კოლაუ ჩერნიავსკისთან, იური დეგენთან, ყარა-დარვიშთან ერთად ზიგა ე.წ. „ფუტურისტების სინდიკატის" დაარსებაში აქტიურად იყო ჩართული. მონაწილეობდა საჯარო ლექციებისა და დისპუტების მოწყობაში, წიგნების გამოცემაში, ქმნიდა ილუსტრაციებს. ზიგას გრაფიკული ილუსტრაციებით გააფორმეს ფუტურისტების პოეზიის კრებული. კირილე ზდანევიჩთან, ლადო გუდიაშვილსა და დავით კაკაბაძესთან ერთად ზიგამ „ფანტასტიკური ყავახანა" მოხატა. 1919 წელს ზიგა ვალიშევსკიმ, ალბერტ ზალცმანთან ერთად, ოპერისა და ბალეტის თეატრის ფარდა გააფორმა, სადაც ნანგრევები, ღრუბლები და წითელი მზისკენ მსრბოლი მხედარი გამოსახა. როგორც თავად აღნიშნა, მას „ადამიანის ბედთან შერკინების" გამოხატვა სურდა.

თბილისში მოღვაწეობისას ვალიშევსკი უმეტესად ქმნიდა პლაკატებს, წიგნის ილუსტრაციებს, კარიკატურებს, გროტესკულ სცენებს, გრაფიკულსა და ფერწერულ პორტრეტებს, პეიზაჟებს. ნაკლებად ხატავდა ზეთის საღებავებით. იგი, უმეტესად, გუაშით, ფანქრით, ტუშითა და პასტელით ქმნიდა მხატვრულ სახეებს. შემოქმედებითი ბუნების მხატვარი არ ერიდებოდა სხვადასხვა სახვითი ხერხის გამოყენებას, ოსტატურ ნახატში ნათლად ვლინდებოდა მხატვრის მიერ სამყაროს განსხვავებული, მახვილი აღქმა, შემოქმედის კეთილშობილება და გულწრფელობა.
ზიგა ვალიშევსკის შემოქმედება ექსპრესიული ხასიათით, ფანტაზიის სიმდიდრით, ირონიისა და იუმორის გრძნობით, ასევე იმპროვიზაციის საოცარი უნარით გამოირჩევა. ამავე დროს, მას ტექნიკური ოსტატობა და კომპოზიციის გააზრების გასაოცარი უნარი გააჩნდა. მისი ნიჭიერება ნათლად ვლინდებოდა როგორც დიდ კომპოზიციებში, ისე პორტრეტებსა თუ ნატურმორტებში. ხანმოკლე შემოქმედებითი ცხოვრებისა და მძიმე ავადმყოფობის მიუხედავად, ზიგა ვალიშევსკიმ საკმაოდ მდიდარი მემკვიდრეობა დატოვა.


ექსპოზიცია 2017 წლის 22 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.


მისამართი: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლადო გუდიაშვილის ქ. 1

მუზეუმის კვირეული: ნიაზ დიასამიძის გამოფენა „ქართული ანბანი“

16 მაისს, 18:00 საათზე, მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვირეულის ფარგლებში, თბილისის ისტორიის მუზეუმში, გიწვევთ ნიაზ დიასამიძის გამოფენაზე „ქართული ანბანი".
,,ქართული ანბანი'' წარმოადგენს ნიაზ დიასამიძის საავტორო პროექტს, რომელიც მოიცავს ქართული ანბანის თემაზე შექმნილი ფერწერული ნამუშევრების იმპროვიზირებულ ექსპოზიციას.
ავტორი აქცენტს აკეთებს დამწერლობაზე, რომელსაც გააჩნია თავისი კანონები. სწორედ ამ კანონების შესაბამისად ვსწავლობთ ანბანის წერას. საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა ერთგვარი სტანდარტი, მაგრამ, ამავე დროს, ანბანი - ისევე, როგორც ენა, ცოცხალი და თავისუფალია.
ნიაზ დიასამიძის ნამუშევრებში ანბანის საწყისი აბსტრაქტული ფიგურებია, რომლებიც გარკვეული ემოციური და ბგერების გამომხატველ სიმბოლოებად იქცა. ავტორის აზრით, ყოველ ასოს აქვს თავისი ისტორია, ძლიერი და სუსტი მხარე, ისინი შეიძლება სხვადასხვა სიტყვაში სრულიად განსხვავებულ დატვირთვას ატარებდნენ.
პროექტი ერთ ექსპოზიციაში წარმოაჩენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და თანამედროვე ქართულ ხელოვნებას, რაც ტრადიციისა და თანამედროვეობის კონცეპტუალურ ჭრილში დანახვის საინტერესო მცდელობაა.
გამოფენა 2017 წლის 27 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

მისამართი: ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8

ფერთა ბიბლიოთეკა

2017 წლის 7 მაისს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა გიწვევთ ჯგუფურ გამოფენაზე „ფერთა ბიბლიოთეკა".


გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქართველი და სომეხი მხატვრების - თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის და ერევნის სამხატვრო აკადემიის რექტორების, პროფესორების: გია გუგუშვილის და არამ ისაბეკიანის, ასევე, ახალგაზრდა თაობის მხატვრების მარიამ გუგუშვილის და არტურ ჰოვანესიანის ნამუშევრები.


„ფერთა ბიბლიოთეკა" წარმოადგენს სახელოვნებო ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობის და მეგობრობის პროექტს. იგი, ერთის მხრივ, გააღრმავებს საუკუნეთა სიღრმიდან მომავალი ქართველებისა და სომხების მეგობრობას. მეორეს მხრივ კი, გამოკვეთს კიდევ ერთ, განსხვავებულ, თამამ ძიებას, აღრმავებს და განაახლებს იმ ტრადიციულ პროცესს, რომელსაც ქართულ-სომხური მხატვრული სკოლა ქმნიდა.


აღსანიშნავია, რომ გამოფენის გახსნის ცერემონიაზე არამ ისაბეკიანს მიენიჭება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საპატიო პროფესორის წოდება.
გამოფენა „ფერთა ბიბლიოთეკა" 2017 წლის 24 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
მისამართი: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ. 11

ლევან ლაღიძის ნამუშევრების გამოფენა „ბახის გაკვეთილები“

2017 წლის 5 მაისს, 19:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გიწვევთ ლევან ლაღიძის ნამუშევრების გამოფენაზე „ბახის გაკვეთილები".


გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ლევან ლაღიძის 2016-2017 წლებში შესრულებული ნამუშევრები. როგორც ავტორი თავად ახასიათებს გამოფენას: „ხელოვნებაში უნივერსალური საზომების, დარგობრივი სამეტყველო ენის და ინტერკულტურული ხედვის გადამოწმების აუცილებლობა ეპოქების მიჯნაზე, როგორც ყოველთვის, ახლაც ნათლად გამოჩნდა. ვფიქრობ, რომ დღევანდელი ადამიანი გზაგასაყარზე დგას - მხატვრობაც ასევეა. დიდებული წინაპრები გვეხმარებიან ზუსტი საზღვრების მოძებნაში და ჩვენ შეგვიძლია მათთან გაკვეთილები გავიაროთ".


გამოფენა 2017 წლის 6 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.


მისამართი: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ. 11

რობერტ სტურუას 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა

2017 წლის 4 მაისს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნება რობერტ სტურუას 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა.


ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება რობერტ სტურუას მიერ სხვადასხვა დროს შესრულებული ფერწერული ნამუშევრები – პორტრეტები, პეიზაჟები, რელიგიური თემატიკის სურათები, რეგიონალური თეატრისა და კულტურის სახლის პლაფონების რეპროდუქციები.


რობერტ სტურუას შემოქმედებას მიეკუთვნება ისეთი ნიმუშები, როგორიცაა: „გამარჯვების ზეიმი" -ჭიათურის ა. წერეთლის სახელობის თეატრის დარბაზის პლაფონის მოხატულობა (1945-50, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1951); „ხალხთა მეგობრობა" - სოფელ შრომის (ოზურგეთის რაიონი) კულტურის სახლის დარბაზის პლაფონი (1953-56); „ბოროტსა სძლია კეთილმან" - მეშახტეთა კულტურის სახლი, ტყიბული (1957-60); ჭიათურაში, მეტალურგთა კულტურის სახლის პლაფონი, ფერწერული ფრიზი ვ. ი. ლენინის ცენტრალური მუზეუმის თბილისის ფილიალისათვის და მრავალი სხვა.


აღსანიშნავია რობერტ სტურუას ნამუშევრები წიგნის გრაფიკაში. მან შემნა მაღალპროფესიონალურ დონეზე შესრულებული ილია ჭავჭავაძისა და ვაჟა ფშაველას ქმნილებათა ილუსტრაციები.


გამოფენა 2017 წლის 1 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.


გამოფენის მხარდამჭერია: შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.


მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ. 11.





თეკლა მელაძის ნამუშევრების გამოფენა

2017 წლის 21 აპრილს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში გიწვევთ თეკლა მელაძის ნამუშევრების გამოფენაზე.


ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ახალგაზრდა მხატვრის ნამუშევრები, რომელთა უშუალო და ბუნებრივი ხიბლი გულგრილს არ ტოვებს დამთვალიერებელს. ყოველივე ეს მხატვრის განწყობაა, რომელიც ნამუშევრებში აისახება. თეკლა მელაძის პოზიტიური, სიყვარულით სავსე სამყარო თავისებური შინაგანი დამოკიდებულების მაჩვენებელია.


თეკლა მელაძე მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში. 2014 წლიდან დღემდე ჰქონდა პერსონალური გამოფენები ნიუ-იორკსა და საქართველოში. მისი ნამუშევრები სხვადასხვა დროს გამოფენილა ისეთ სივრცეეში როგორიცაა: გალერეა ,,უნივერსი" (საქართველო), საქართველოს გენერალური საკონსულო (ნიუ იორკი), არტ ექსპო ნიუ-იორკში, საერთაშორისო ექსპო ,,ny now'' ჯავის ცენტრი (ნიუ იორკი), თბილისის საკრებულო, ქართული კულტურის ცენტრი (ნიუ იორკი), ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, თბილისში, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.


2014 წელს საქართველოს კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების შემოქმედებითმა კავშირმა თეკლა მელაძეს მიანიჭა პირველი ადგილი საუკეთესო ნამუშევრისთვის. ასევე, ის გახდა არტ ექსპო ნიუ იორკის ყველაზე პატარა მონაწილე 37 წლიანი ისტორიის მანძილზე. მისი ნამუშევრები შესულია არტ ექსპო ნიუ იორკის 2014 და 2015 წლის კატალოგებში. დღეს მხატვრის ფერწერული ტილოები ინახება კერძო კოლექციებში (საქართველო, აშშ).


გამოფენა 2017 წლის 27 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.


მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქუჩა 8.

XX საუკუნის I ნახევრის ქართული მხატვრობა

2017 წლის 6 აპრილს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გიწვევთ გამოფენაზე „XX საუკუნის I ნახევრის ქართული მხატვრობა".


ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ქართული ხელოვნების კოლექციის საუკეთესო ნიმუშები, იმ შემოქმედთა მხატვრული მემკვიდრეობა, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს XX საუკუნის სახვით ხელოვნებას საქართველოში.


XX საუკუნის I ნახევრის სახვითი ხელოვნების ფართო სპექტრით წარმოდგენა ნათელყოფს ქართული მხატვრული სკოლის მრავალფეროვნებას, მის თანადროულობას ზოგადევროპულ მხატვრულ პროცესებთან და, ამავე დროს, მის მკვეთრად გამოხატულ ეროვნულ თავისებურებას, თვალსაჩინო ქართველი მხატვრების შემოქმედებას და მათ შემოქმედებით ინდივიდუალობას.


ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მოსე თოიძის, დიმიტრი შევარდნაძის, ვალერიან სიდამონ-ერისთავის, ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვის, კირილე ზდანევიჩის, შალვა ქიქოძის, ქეთევან მაღალაშვილის, ელენე ახვლედიანის, თამარ აბაკელიას, ალექსანდრე ციმაკურიძის, აპოლონ ქუთათელაძის, მიხეილ ბილანიშვილის, ფელიქს ვარლამიშვილის, პეტრე ოცხელის, ირაკლი გამრეკელის, სერგო ქობულაძის, უჩა ჯაფარიძისა და კორნელი სანაძის ნამუშევრები.


აღნიშნული ექსპოზიცია ერთგვარი გაგრძელებაა გამოფენისა - „შედევრები ხელოვნების მუზეუმის კოლექციებიდან".


გამოფენა 2017 წლის 13 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.


მისამართი: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლადო გუდიაშვილის ქ. 1


ამირ კაკაბაძის რეტროსპექტული გამოფენა

2017 წლის 10 მარტიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში წარმოგიდგენთ ამირ კაკაბაძის რეტროსპექტულ გამოფენას, რომელიც მხატვრის 75 წლის იუბილეს ეძღვნება.


ამირ კაკაბაძე დაიბადა თბილისში, ცნობილი ქართველი მხატვრის, დავით კაკაბაძისა და ეთერ ანდრონიკაშვილის ოჯახში. თბილისის სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, ის ცხოვრობდა და მუშაობდა საქართველოში, რუსეთსა და საფრანგეთში.


ექსპოზიციაზე დამთვალიერებელს საშუალება ექნება გაეცნოს ამირ კაკაბაძის შემოქმედების ყველა ასპექტს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ სხვადასხვა მედიაში შესრულებული ნამუშევრები - ფერწერა, გრაფიკა, სკულპტურა, პოპ-არტი, კინოსა და თეატრის მხატვრობა.
გამოფენის ორგანიზატორია დავით კაკაბაძის ფონდი. გამოფენის მხარდამჭერები: თბილისის მერია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, არტარეა, სილქროუდ ჯგუფი და ღვინის კომპანია ,,შილდა''.


ამირ კაკაბაძის გამოფენა 2017 წლის 28 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა. შოთა რუსთაველის გამზ. 11.

ზღვა - მეგობრობის სიმბოლო

2017 წლის 9 მარტს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილება, ირანული ფოტოგრაფიის და ფილმების კვირეულის ფარგლებში, წარმოგიდგენთ ირანელი და ქართველი ფოტოხელოვანების გამოფენას სახელწოდებით ,,ზღვა - მეგობრობის სიმბოლო".
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ირანელი და ქართველი ავტორების 60 ნამუშევარი, რომლებიც ერთიანდება თემატური მოტივით ,,ზღვა - მეგობრობის სიმბოლო". ფოტონამუშევრებში თემატური საწყისი - ზღვა, ფიგურირებს როგორც ერთიანობის, მეგობრობის, განწყობის სიმბოლო, როგორც სივრცე, რომელიც პერსპექტივაში შეიძლება გულისხმობდეს ყველაფერს, რაც ადამიანურ და საზოგადო ინტერესებს უკავშირდება.
გამოფენა დამთვალიერებელს წარუდგენს ერთმანეთისგან განსხვავებული იდეოლოგიის მქონე ფოტოხელოვანების თემატურად ერთიან, ორგანულ და ჰარმონიულ ხედვას.
გამოფენა ,,ზღვა - მეგობრობის სიმბოლო" 2017 წლის 11 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქუჩა №8
ირანული ფოტოგრაფიის და ფილმების კვირეულის ფარგლებში, ირანული ფილმების ჩვენება გაიმართება 10 მარტს, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში.


ანა კალატოზიშვილის გამოფენა „ჩემი გამოფენა - ჩემი ცხოვრებაა“

2017 წლის 17 თებერვალს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში გიწვევთ ანა კალატოზიშვილის გამოფენაზე სახელწოდებით ,,ჩემი გამოფენა - ჩემი ცხოვრებაა".


გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება კონცეპტუალური თემატიკით გაერთიანებული ნამუშევრები. პროექტი წარუდგენს დამთვალიერებელს ანა კალატოზიშვილის ექსპრესიულ ნამუშევრებს. დამთვალიერებელი გაეცნობა თეატრისა და კინოს მხატვარს, რომელიც მრავალფეროვანი ინეტერესებითა და შესაძლებლობებით გამოირჩევა.


ანა კალატოზიშვილის ჩანაფიქრით, თეატრი, ხელოვნება და ზოგადად ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება თამაშს ჰგავს. მხატვარი მიიჩნევს, რომ ყოველი ჩვენთაგანი მოთამაშეა, რომელსაც შესწევს ძალა და უნარი გახდეს ხელოვანი.


ანა კალატოზიშვილი თეატრისა და კინოს მხატვარია. ის სწავლობდა ავსტრიაში, ვენის გამოყენებითი ხელოვნების უნივერსიტეტში, ასევე დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის თეატრის ფერწერის ფაკულტეტი. მუშაობდა სპექტაკლებზე საქართველოს თეატრებში, აფორმებდა სპექტაკლებს იტალიასა და ჰოლანდიაში. მუშაობდა კინოს კოსტიუმების მხატვრად ოთარ იოსელიანთან (2009 ,,შანტრაპა", 2014, „ზამთრის სიმღერა"), მხატვარია ფილმებისა ,,ცხრა მთას იქეთ", 2013, ,,მოირა" 2014 და სხვ. არის პედაგოგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, კითხულობდა ლექციებს თეატრისა და კინოს ინსტიტუტსა და სამხატვრო აკადემიაში, ასევე მუშაობდა სატელევიზიო გადაცემებზე.
ანა კალატოზიშვილს მონაწილეობა მიუღია ბევრ ჯგუფურ საერთაშორისო გამოფენასა და სიმპოზიუმში გერმანიაში, ავსტრიაში, სანქტ-პეტერბურგსა და თბილისში. დაჯილდოებულია პრიზებით ფესტივალზე ,,დურუჯი", ხელოვნების ფესტივალ ,,პარნასზე" და სხვა. მისი ნამუშევრები ინახება კერძო კოლექციებში ლონდონში, სანქტ-პეტერბურგში, მოსკოვში, ვენაში, მიუნხენში, ბარსელონაში, ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და თბილისში.


გამოფენა ,,ჩემი გამოფენა - ჩემი ცხოვრებაა" 2017 წლის 5 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8




ფატალური საფრთხეები

2017 წლის 3 თებერვლიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში გიწვევთ როკო ირემაშვილის ნამუშევრების გამოფენაზე ,,ფატალური საფრთხეები".


მულტიმედიური პროექტის ,,სასიცოცხლო საფრთხეები" კონცეფცია ასახავს საფრთხეებს, რომელებიც ადამიანს დაბადებამდე და სიცოცხლეშიც უქმნის რისკებს. ეს პროცესი გრძელდება მისი ზრდის, განვითარების, ჩამოყალიბებისა და ხანდაზმულობის დროს. აღზრდის მეთოდები, ყალბი ფასეულობები, სტერეოტიპები - ეს ის ფატალური საფრთხეებია, რომელიც, ავტორის ხედვით, ინდივიდს ავიწროებს.


როკო ირემაშვილი თანამედროვე მხატვარია. ის იყო აპოლონ ქუთათელაძის სამხატვრო აკადემიის პედაგოგი. არის მრავალი პროექტის ავტორი. მხატვარი მონაწილეობს ჯგუფურ პროექტებში და ქმნის ინდივიდუალურ გამოფენებსაც. მისი ნამუშევრები ინახება სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციებში.
გამოფენა ,,ფატალური საფრთხეები" 2017 წლის 14 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ.8

¡No vayas sola, Remedios! / მარტო ნუ წახვალ, რემედიოს!

"¡No vayas sola, Remedios!" ("მარტო ნუ წახვალ, რემედიოს!") მხატვრის და თიხის არტისტის ლია ბაგრატიონის და ჩემი თანამშრომლობის შედეგია. გამოფენა, რომლის მოსამზადებელი სამუშაოები 2016 წლის 15 ოქტომბერს დაიწყო, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში შემუშავებული და განხორციელებული გრძელვადიანი პროგრამის "არტ-ინტერვენცია მუზეუმში" ბოლო პროექტია. პროგრამა ხორციელდება "სამხრეთ კავკასიის ხელოვნებისა და კულტურის რეგიონული პროექტის" ფარგლებში და მის მართვას უზრუნველყოფს კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორია სამხრეთ კავკასიის შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO) ფინანსური მხარდაჭერით.

პროგრამის მიზანია მუზეუმის კონტექსტით განპირობებული ახალი, ადგილის სპეციფიკიდან გამომდინარე მულტიმედიური ინსტალაციის შექმნა და სამუზეუმო სივრცეში ხელოვანისა და კურატორის თანამშრომლობის ხელშეწყობა.

პროექტის სათაური, "მარტო ნუ წახვალ, რემედიოს!“, რამდენადმე თავისუფალი მინიშნებაა მაგიურ რეალიზმზე. აბრეშუმის პარკად გადაქცეული ავტორის სხეული, რომელსაც მაყურებელი საბოლოოდ მინის ვიტრინაში თიხის ობიექტის სახით ნახავს, თითქოს თვითნებურად ეწერება მარკესის ლიტერატურული პერსონაჟების ექსტრაორდინალური სხეულების სიაში: იქნება ეს ცაში სარეცხთან ერთად გაფრენილი მშვენიერი ქალი, თუ კაცი, რომელსაც თავზე პეპლები ეხვევიან.

პროექტი "¡No vayas sola, Remedios!" ჭიის პეპლად გადაქცევის საილუსტრაციოდ აქცენტს თიხის სახეცვლილების შედეგად მიღებულ საბოლოო პროდუქტსა და ამ პროდუქტის შექმნის პროცესზე აკეთებს. თიხის მეტამორფოზას მაყურებელი მუზეუმის ერთ-ერთ დარბაზში განთავსებულ ვიდეოპროექციებზე ხედავს. მათ შორის ერთი ვიდეო მუზეუმში, ხოლო მეორე ლია ბაგრატიონის სახელოსნოში ჩატარებული პერფორმანსის მხატვრული დოკუმენტაციაა. პერფორმანსის გამოყენებას პროექტში ორგვარი დატვირთვა აქვს: ისტორიული, როგორც ინტერვენციის ტრადიციულად მნიშვნელოვანი ფორმა (ვენის აქციონისტები, დადა, ნეო-დადა) და ინფორმაციული, როგორც თიხისგან "შექმნის" ვიზუალური ნარატივი.

"¡No vayas sola, Remedios!"-ის ექსპოზიცია მუზეუმის ფუნქციას იმეორებს და ცდილობს, მაყურებელს თიხის მეტამორფოზის ყველა ეტაპი აჩვენოს დაწყებული საწყისი მასალის - თეთრი თიხის დამუშავებიდან და დასრულებული იმ საბოლოო პროდუქტით, რომელიც მუზეუმის ცენტრალურ დარბაზშია გამოფენილი. აქ მაყურებელი სამუზეუმო სივრცეში სუბვერსიული ინტერვენციის მცდელობას - რამოდენიმე გამოღებულ, ცარიელ საგამოფენო კარადასაც ნახავს. ვიდეოპერფორმანსში ხაზგასმულია მსგავსება ხელოვანის სხეულს, აბრეშუმის ჭიის პარკსა და საბოლოო ობიექტს შორის. სპეციალურად პროექტისთვის შექმნილი კაბა, რომელიც ხელოვანს მუშაობისას აცვია, ერთი მხრივ მოდის ინდუსტრიაში აბრეშუმის გამოყენებას ეხმაურება, მეორე მხრივ კი ხელოვანის თიხასთან შეხების საკრალურობას უსვამს ხაზს.

პროექტისთვის გაწეული დახმარებისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ოპერატორ ტატო კოტეტიშვილს, მხატვარ თამუნა ქარუმიძეს (ვიდეო-მონტაჟი) და დიზაინერ გოლა დამიანს (კაბის დიზაინი).

მაგდა გურული
პროექტის კურატორი

ალექსანდრე ბაჟბეუკ - მელიქოვის გამოფენა

2017 წლის 10 იანვარს 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გიწვევთ ალექსანდრე ბაჟბეუკ-მელიქოვის დაბადებიდან 125 წლისთავისა და გარდაცვალებიდან 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენაზე.


ალექსანდრე ბაჟბეუკ-მელიქოვი XX საუკუნის ქართული სახვითი ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენელია. ეთნიკურად სომეხმა, თბილისის ძირძველმა მკვიდრმა, მთელი ცხოვრება საქართველოში გაატარა და მტკიცე საფუძველი შეუქმნა ახალი და უახლესი ქართული ფერწერის განვითარებას. ბაჟბეუკ-მელიქოვის შემოქმედებითი მემკვიდრეობა, თავისი ესთეტიკური ღირებულებითა და სპეციფიკური მხატვრული გამომსახველობით, ქართულ სახვით ხელოვნებაშიც თავისებურ ეტალონად რჩება.


გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ალექსანდრე ბაჟბეუკ-მელიქოვის საქართველოში დაცული ნამუშევრები საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან (შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა); გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმიდან; საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის ფონდებიდან და კერძო კოლექციებიდან.


გამოფენა ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, სომხეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს და სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის მხარდაჭერით.


გამოფენა 2017 წლის 24 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, რუსთაველის გამზირი 11.




Search